FM97.5 / LIVE

ნდობის ფასი

მთავარიპოლიტიკა 18.02.2014
ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი; შედეგები და უკმაყოფილო კონკურსანტები; რატომ არ ესწრებოდა გასაუბრებებს ცხრაწევრიანი კომისიის ორი წევრი; რა დარღვევებზე მიუთითებენ კომისიას კონკურსის მონაწილეები და რატომ უწოდებენ კონკურსს სამარცხვინოს;

ნდობის ფასი
მზადება კონკურსისთვის

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებაში დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. 2013 წლის ბოლოს ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ 71 პოსტზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განცხადებების შეტანა ელექტრონულადაც შეეძლოთ და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშიც. განცხადებების მიღება 20 დეკემბერს დასრულდა.

პარალელურად, თვითმმართველობაში შეიქმნა ორი კომისია. ერთი საკონკურსო - საატესტაციო, რომელსაც თვითმმართველობის ახალი თანამშრომლები უნდა შეერჩია და მეორე, საპრეტენზიო, რომელსაც კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები უნდა განეხილა.

კითხვები კომისიების გარშემო

საკონკურსო - საატესტაციო კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი თავმჯდომარეობდა. მისი მოადგილე, მალხაზ ასპანიძე, მოადგილე იყო საკონკურსო კომისიაშიც. კომისიის დანარჩენი წევრები კი იყვნენ: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭელიძე, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერი გიორგაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ლომსაძე, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი ბუცხრიკიძე, სასტუმრო „ლომსიას“ გენერალური დირექტორი ჟანპიერ მარსელ რიშტონი და სასტუმრო „ჯინო ველნნესის“ დირექტორი ნანა ბერიშვილი.

კონკურსის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა, რომელსაც „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების“ მეორე თავის მესამე მუხლის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ოლეგ სანდროშვილი განსაზღვრავდა, თავიდანვე საკამათო გახდა.

კომისიის გარშემო კითხვები იმის გამო გაჩნდა, რომ შემადგენლობაში არ იყო არცერთი წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. გარდა ამისა, 9 წევრიდან 4 თვითმმართველობის მოქმედი თანამშრომელი იყო.

ოლეგ სანდროშვილმა განმარტა, რომ კომისიაში ყველა არასამთავრობო მოიწვიეს, თუმცა, მათ უარი განაცხადეს. თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, კომისიაში მონაწილეობაზე მიწვევა მიიღეს: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა ზუბაშვილმა, რომელმაც კონკურსის წევრობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ კომისია ჩამოუყალიბებელი ეჩვენებოდა და იმ ტიპის შერჩევებში მონაწილეობა, როცა კრიტერიუმები ჩამოყალიბებული არ იყო, მისთვის მიუღებელი იყო.

რაც შეეხება მეორე, საპრეტენზიო კომისიას, რომლის შემადგენლობას, „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების“ მეორე თავის მეექვსე მუხლის თანახმად,ასევე საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღვრავს, იგი საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტდა. კომისიას ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე მარინე სუდაძე თავმჯდომარეობდა.

კონკურსის მიმდინარეობა

საბოლოოდ, 71 ვაკანსიაზე 547 განცხადება შევიდა. აქედან კონკურსის პირველი ეტაპის, საბუთების გადარჩევის შემდეგ, კონკურსზე 238 განმცხადებელი დარჩა. კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება კი 209-მ გაიარა. დანარჩენები გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ.

კადრების შესარჩევად ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ერთი თვე ფიქრობდნენ. კანდიდატებმა გასაუბრება2013 წლის 27-30 დეკემბერს გაიარეს, კონკურსში გასული მოქალაქეების სია კი თვითმმართველობამ 2014 წლის 3 თებერვალს გაასაჯაროვა. 71 ვაკანსიიდან 65 შეივსო. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ასევე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

კონკურსის მეორე ეტაპს კომისია სრული შემადგენლობით არ დასწრებია

კონკურსის მიმიდინარეობას 9 წევრიანი კომისიის 2 წევრი არ დასწრებია. ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, სასტუმრო „ლომსიას“ გენერალური დირექტორი ჟანპიერ მარსელ რიშტონი აღნიშნულ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, კონკურსანტების შერჩევაში მონაწილეობა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო.

რაც შეეხება მეორე წევრს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დროებით მოვალეობის შემსრულებელს მალხაზ ლომსაძეს, მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კომისიის წევრობაზე უარი თავიდანვე თქვა. კითხვაზე, რა გახდა ამის მიზეზი, ლომსაძემ განგვიმარტა, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებს კომენტარი უკვე მისცა.
ლომსაძემ ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ იგულისხმა. ტელევიზიის ჟურნალისტთან საუბარში ლომსაძემ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის წევრობაზე უარი უნდობლობის გამო თქვა. მისი აზრით, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის ჩატარება მხოლოდ ფორმალობა იქნებოდა და თანამდებობაზე ის კადრები დაინიშნებოდნენ, ვინც საკრებულოს თავმჯდომარეს სურდა.

კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრს უპასუხისმგებლოს უწოდებს და წინდახედულობას ურჩევს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ლომსაძემ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს და მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

„მისი განცხადება შეურაცხყოფად მივიღე. როდესაც არ ყოფილხარ და სიტუაცია არ იცი, არ უნდა გააკეთო ასეთი ხმამაღალი განცხადებები. მითუმეტეს ისეთმა განათლებულმა პიროვნებამ, ვინც უნივერსიტეტში დეკანის მოვალეობას ასრულებს. უფრო წინდახედული უნდა იყოს. მოვუწოდებ ისე მიუდგეს ამ საკითხს, როგორც მისი ინტელექტის ადამიანს შეეფერება, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ მალხაზ ლომსაძეს ადგილობრივი თვითმმართველობიდან არაერთხელ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა: არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, მაგრამ თავისი უპასუხისმგებლობის გამო რომ არ მოვიდა კომისიაზე, ეს არ ნიშნავს, ვინმეს აკადროს, რომ ის არასწორად მიუდგა საკითხს“.

საპრეტენზიო კომისიაში 19 განცხადება შევიდა

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში კონკურსის მიმდინარეობისას 19 საჩივარი შევიდა. ნაწილი შედგების გასაჯაროებამდე და უმეტესობა გასაჯაროების შემდეგ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უკვე ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა ავთანდილ თელიაშვილმა საპრეტენზიო კომისიას 12 დარღვევა წარუდგინა, რაც მისი აზრით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაუშვა.

ავთანდილ თელიაშვილს განაცხადი იურიდიული სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი.

„ჩამოვწერე 12 უხეში დარღვევა, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდეს. ყველაზე დიდი პრეტენზია საკონკურსო კომისიასთან მაქვს. არ შეადგინეს გასაუბრების ოქმი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოების დროს, როცა კოლეგიალობით ირჩევა საქმე, ოქმი უნდა შედგეს. ეს გამჭირვალობის ელემენტარული მოთხოვნილებაა. როგორ უნდა დავამტკიცო რამდენი კითხვა მომცეს, რა კითხვები იყო და რა პასუხი გავეცი?“ - ამბობს ავთანდილ თელიაშვილი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიისგან პასუხი ჯერ არ მიუღია და ამატებს, რომ თუ საპრეტენზიო კომისია მისთვის მიუღებელ დასკვნას დადებს, კონკურსის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

თელიაშვილს კითხვები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაზეც აქვს.

„კომისია უნდა იყოს პარიტეტული, არ შეიძლებოდა თვითმმართველობიდან კომისიის წევრი სამ ადამიანზე მეტი ყოფილიყო, იმიტომ რომ დაინტერესებულნი არიან. ასევე, არ შეიძლებოდა ისინი მეტნი ყოფილიყვნენ გარედან მოწვეულ სამ სპეციალისტზე და კიდევ გარედან მოწვეულ სამ არასამთავრობოს წარმომადგენელზე ან საზოგადოებრივ მონაწილეზე. მაგრამ გამოვიდა, რომ თვითმმართველობიდან ოთხი წევრი იყო. და აქედან, ყველა მართული იყო სანდროშვილისგან“, - ამბობს ავთანდილ თელიაშვილი.

ადვოკატი ნაირა სამსონიძე: თვითმმართველობამ სამარცხვინო კონკურსი ჩაატარა

თელიაშვილს ეთანხმება ადვოკატი ნაირა სამსონიძე. იგი ამბობს, რომ ახალციხის თვითმმართველობაში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი თავიდანვე დარღვევებით დაიწყო და ასევე გაგრძელდა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ჩვეულებრივად საჯარო სამსახური, როცა ელექტრონულად ცხადდება ვაკანსია, მაშინ განაცხადის ხელით შეტანის უფლება არ უნდა ჰქონდათ. გარდა ამისა, ითხოვდნენ პირადობის ასლს, მაგრამ როცა ავსებ რეზიუმეს და პირადი ნომერი შეგყავს, იქ გამოდის შენი პირადი ინფორმაცია, პირადობის ასლი საჭირო აღარაა. იყო შემთხვევა, რომ პირადობის მოწმობის ასლი არ ჰქონდა დართული და დოკუმენტაცია ამის გამო არ მიიღეს, - ამბობს ნაირა სამსონიძე და ახალციხის თვითმმართველობაში ჩატარებულ კონკურსს სამარცხვინოს უწოდებს, - სამცხე-ჯავახეთში არსებობს თვითმმართველობის ასოციაციაა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს. რატომ არ ესწრებოდა ამ ასოციაციის რომელიმე წევრი კონკურსს? არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც თვითონ ვინც უნდოდათ, იმათ დაურეკეს. კაცს, რომელმაც ქართული ენა არ იცის და ქართულად კარგად ვერ მეტყველებს, რა უნდოდა კომისიის წევრად? - უკვირს სამსონიძეს.

სამსონიძეს კონკურსთან თავად შეხება არ ჰქონია, თუმცა, ერთ-ერთი კონკურსანტი იყო მისი მეუღლე, რომელიც პირველი ეტაპიდანვე გამოეთიშა კონკურსს. მას დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარგდენის გამო უთხრეს კონკურსში მონაწილეობაზე უარი. მის საბუთებს პირადობის მოწმობის ასლი აკლდა. სამსონიძე ამბობს, რომ კომისიებს და ზოგადად კონკურსს აღარ ენდობიან და არც აღარაფერს აპირებენ.

„ოფიციალურად არც მოგვსვლია პასუხი რატომ ვერ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. საერთოდ აღარაფერს აქვს აზრი“, - ამბობს სამსონიძე. უნდობლობის გამო მათ კომისიის გადაწყვეტილება არც საპრეტენზიო კომისიაში გაუსაჩივრებიათ.

რა იქნება ხვალ?

საპრეტენზიო კომისიამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა. 19-ვე განცხადებაზე შედეგები ცნობილია.

„ზოგს მხოლოდ ინფორმაციები აინტერესებდა, რატომ შეფასდა მათი პროფესიული უნარ-ჩვევები საშუალოდ ან სუსტად. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვუმარტავდით ან დამატებით ინფორმაციებს ვაწვდიდით. ისეთი უხერხული კომისიაა, რომ ბევრი დარჩება უკმაყოფილო. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შემდგომში გააგრძელებენ დავას სასამართლოში“, - ამბობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე მარინე სუდაძე.

რაც შეეხება კითხვას, რას გულისხმობს უხერხულ კომისიაში, სუდაძე განმარტავს: "ისეთი კომისიაა საპრეტენზიო, ყველას მოთხოვნა რა თქმა უნდა ვერ დაკმაყოფილდებოდა. ზოგი უსაფუძვლო იყო, ზოგ შემთხვევაში კი ისეთ რაღაცაზე იყო საუბარი, ჩვენ რომ საერთოდ არ გვეხებოდა", - ამბობს იგი.

საპრეტენზიო კომისიამ საკონკურსო კომისიას რეკომენდაციები უკვე მიაწოდა. გაითვალისწინებს თუ არა კომისია ამ რჩევებს, მისი გადასაწყვეტია. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს იმ ვაკანსიების ბედიც, რომლებზეც საჩივრები დაიწერა. რას გადაწყვეტს კომისია და დაინიშნება თუ არა ხელახალი კონკურსი სადავო ან ცარიელ ვაკანსიებზე, უახლოეს მომავალში გაირკვევა. თუმცა, რამდენს მიაღწევს მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი, ძნელი სათქმელია. კონკურსის შედეგები საეჭვო სწორედ იმიტომ გახდა, რომ პროცესი თავიდანვე საზოგადოების ნაწილის უნდობლობით დაიწყო. ერთი, რაც უკვე ცნობილია, არის ის, რომ შეიძლება საკონკურსო კომისიის შემადგენლობა შეიცვალოს. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ოლეგ სანდროშვილმა განუცხადა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია: 'ბევრი დარჩება უკმაყოფილო'
ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია
ემუქრებათ თუ არა ახალციხის თვითმმართველობაში ახალდანიშნულ კადრებს სამსახურის დაკარგვა
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია საჩივრებს სწავლობს
ადიგენის საპრეტენზიო კომისიამ კონკურსტანტის საჩივარი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილებას არ ასაჯაროებს
ვინ და რატომ უჩივლა ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას?
ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო