FM97.5 / LIVE

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2020
ახალციხის მერის არჩევის შემდეგ მისი ძმა და რძალი ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო. 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა.

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ

ზაზა მელიქიძის ძმის კომპანიის შესყიდვები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ზაზა მელიქიძე 2014 წლის ივლისში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წლის ოქტომბერში კი ახალციხის მერად აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.[1] 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით მისი ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ, შპს „ნუკიამ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან ცხრა მოიგო, რისთვისაც ჯამში 246 920 ლარი დაერიცხა. „ნუკიამ” მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა, და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა 3 700 ლარით.

ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ჩვეულებრივ ჩართული იყო იმ სატენდერო კომისიების მუშაობაში, რომლებიც მისი ძმის თამაზ მელიქიძის კომპანიას ერთ-ერთ პრეტენდენტად იხილავდნენ. მათ შორის იხილავდა ძმის კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის საკითხსაც. მუნიციპალიტეტის გამგებელი მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე უთითებდა, რომ შპს „ნუკიასთან” ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა, ხელშეკრულებებს კი მისი პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე აფორმებდა.

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გარდა, „ნუკიას” მთავარი შემსყიდველები ასპინძის მერია და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლები არიან. 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ სულ 37 ტენდერი მოიგო, რისთვისაც ჯამში 1 045 922 ლარი მიიღო.

ზაზა მელიქიძის რძლის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მისი მეორე ძმის თენგიზ მელიქიძის მეუღლე, ნანა მაისურაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და აღნიშნულ ორგანიზაციებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს.

მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ააიპ „სათნოების სახლის” 11 ტენდერიდან 8-ში გაიმარჯვა, მათ შორის 6-ში (NAT180020155; NAT180003683; SPA160030025; SPA140030025; SPA140029750; NAT190025475;) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ჯამში 318 408 ლარი დაერიცხა.

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ

ნანა მაისურაძემ მხოლოდ ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო: ერთი - 252 ლარზე „სათნოების სახლმა” გააფორმა მასთან, მეორე კი - 130 ლარზე ზაზა მელიქიძემ რძალს პირადად გაუფორმა. ნანა მაისურაძეს ამ თანხით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილებისა და მზრუნველობამოკლებული პირებისთვის ნამცხვრები უნდა შეეძინა.

ჯამში, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მის რძალს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მისი ააიპ-ების 10 სახელმწიფო შესყიდვიდან 318 790 ლარი დაერიცხა:

აღსანიშნავია, რომ ზაზა მელიქიძის ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს მის საკუთრებაში არსებული კომპანიებიც უკონკურენტოდ იგებენ. ამ კომპანიების დირექტორებად მერს ცოლის და-ძმები ჰყავს დანიშნული. ზაზა მელიქიძისა და მისი ცოლის ძმის შპს-ებს 2014-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაერიცხათ. ამის შესახებ კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2019 წლის ივლისში გამოაქვეყნა. კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის ტენდერები ასპინძის მუნიციპალიტეტში


მამუკა მელიქიძე 2014 წლიდან დღემდე ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეა. თანამდებობაზე არჩევამდე, გარკვეული პერიოდი, იგი ძმის, მალხაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანია სს „XXI საუკუნის“ ფინანსური დირექტორი იყო.

ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 14 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 5 მოიგო. რისთვისაც მას, 2016-2019 წლებში, ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი ჩაერიცხა.

ხუთი მოგებული ტენდერიდან (SPA160023913; NAT180009507; NAT180013270; NAT190014228; NAT190014235), სამში „XXI საუკუნე“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო, ორ შემთხვევაში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიაცია მიენიჭათ. ასევე, ორი ტენდერი ზუსტად იმავე თანხით მოიგო, რა თანხაზეც მერია სამუშაოების შესყიდვას აცხადებდა, სამჯერ კი მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების შესრულება გადაუვადეს.

მამუკა მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ძმის კომპანიამ სულ 16 ტენდერი მოიგო, ჯამში 3 470 628 ლარის ოდენობის. მანამდე კი, 2011-2014 წლებში, მხოლოდ 218 920 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული.

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა დღეს, რვა მაისს გამოაქვეყნა, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს სს „XXI საუკუნის“, შპს „ნუკიასა” და ნანა მაისურაძის მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.

ასევე ნახეთ:



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ –  გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
‘კავშირი არ მაქვს მის კომპანიასთან’ – ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე ძმის მიერ მოგებულ ტენდერებზე
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო