FM97.5 / LIVE

რატომ ეშინიათ პაპილომა ვირუსზე აცრის გაკეთების

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2019
24 დეკემბრის მონაცემებით, ახალციხეში პაპილომა ვირუსზე 397 გოგონა აიცრა. მოზარდების მშობლების ნაწილი აცრის გაკეთების წინააღმდეგია. ნაწილი კი თვლის, რომ ვაქცინაცია მათ შვილებს მომავალში საშვილოსნოს კიბოსგან დაიცავს.

რატომ ეშინიათ პაპილომა ვირუსზე აცრის გაკეთების

ახალციხეში პაპილომა ვირუსზე უფასო აცრები 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 672, 10–დან 12 წლამდე გოგონა უნდა აიცრას.

„ამ ეტაპზე 397 გოგონა გვყავს აცრილი, სამწუხაროდ მაქსიმალური შედეგი არ არის, რადგან მოსახლეობაში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია და აცრებისაგნ თავს იკავებენ. ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ოჯახის ექიმებს, სკოლებს, ყველა ჩართულები არიან, რომ განვუმარტოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ აცრასთან დაკავშირებით მშობლებს “, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ლია ზედგინიძე.

მისი განმარტებით, აცრების ჩატარების ხელის შემშლელი გაციება და ვირუსიც აღმოჩნდა.

„ვირუსების პერიოდი დაემთხვა, ზოგი ავადაა და სიცხე აქვს, ამ დროს აცრის ჩატარება არ შეიძლება, როცა გამოკეთდებიან მაშინ მოვლენ. წლის ბოლოდე ველოდებით, რომ აცრილი გოგონების რაოდენობა გაიზრდება“, – ამბობს ლია ზედგინიძე.

რას ამბობენ მშობლები

„ჩემი გოგონა 12 წლის არის, სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ აცრა უწევდა მაგრამ, არ გავუკეთე. არც სამომავლოდ ვაპირებ, მეშინია. გავიგე, რომ აცრის შემდეგ ინფექციის საშიშროება არსებობს“, – ამბობს ახალციხეში მცხოვრები ნინო მამასახლისაშვილი.

შვილის აცრას არ აპირებს ახალციხელი მედეა ჯაფარიძეც.

„11 წლის გოგნა მყავს, ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს აცრა უნდა ჩაიტაროს ბავშვმა, მაგრამ მე არ ვგეგმავ. გავიკითხე სხვა ექიმებთან და მითხრეს, რომ ჩემზეა დამოკიდებული ავცრი, თუ არა შვილს. ვფიქრობ, რომ თუ არ ავცრი, ამით რაიმე საშიშროება არ დაემუქრება“, – ამბობს ახალციხეში მცხოვრები მედეა ჯაფარიძე.

„პრეპარატზე ძალიან ცოტა ინფორმაციაა და ამიტომ არ ვენდობი. „დატესტილი“ წამალი არ არის მეშინია და ვერ ავცრი ბავშვს. მე ბევრი რაღაც წავიკითხე სოცილურ ქსელში. ეს აცრა კიბოს საწინააღმდეგო რომ არის მაგიტომ მეშინია პირიქით, არ გამოიწვიოს. ადრე არ იყო და ახლა რატომ შემოიტანეს?!“ – ამბობს ახალციხეში მცხოვრები 12 წლის გოგონას მშობელი რუზანა ვირაბიანი.

მშობლების დიდი ნაწილი, აცრის ჩატარების მომხრეა, ამბობენ, რომ ვაქცინაცია მომავალში მათ შვილებს საშვილოსნოს სიმსივნისგან დაიცავს.

„მე 10 წლის გოგონა მყავს აცრა უკვე ჩავუტარე. საშიშროებას ვერ ვხედავ, პირიქით, ჩემი შვილი დაუცული იქნება სამომავლოდ საშვილოსნოს სიმსივნისგან“, – ამბობს ია ოქრომელიძე.

„საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე ამ აცრის შესახებ, მანამდეც მქონდა ინფრომაცია მოძიებული, საჭიროდ ჩავთავლე და უკვე ჩავუტარე აცრა ჩემს შვილს, ექვს თვეში მეორედ გავუკეთებ“, – ამბობს თეონა მოდებაძე.

პაპილომა ვირუსზე აცრები მიმდინარეობს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

ბორჯომის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10–დან 12 წლამდე ასაკის 420 გოგონაა ასაცრელი, დაახლოებით 255 გოგონამ ვაქცინა უკვე გაიკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლებში ცნობიერების დონის ამაღლებას, მაინც არ არის მაქსიმალური შედეგი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დაახლოებით 65%–ია აცრილი“, – ამბობს დირექტორი მანანა რატიანი.

როგორც ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განგვიმარტეს, გოგონას, რომელსაც დეკემბრამდე 12 წელი შეუსრულდება, მომდევნო წლიდან პაპილომა ვირუსზე აცრას ვეღარ შეძლებს.

„თუ პირევლი ეტაპის აცრა მოესწრება ამ წელში უკვე მომდევნო წელს ჩვეულებრივად გაარძელებს მეორე ეტაპის აცრას ექვსი თვის შემდეგ. თუ წელს ვერ მოასწრო, მომავალ წელს აღარ აიცრება“, – ამბობს მანანა რატიანი.

რა არის პაპილომა ვირუსი

საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში ქალებში ყველაზე გავრცელებული კიბოს ხუთეულშია 2015-2017 წლების სტატისტიკით. ამ დაავადების პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ერთ წელზე მეტია, რაც მისი ერთ-ერთი გამომწვევი ინფექციის, პაპილომა ვირუსის ვაქცინას სთავაზობს მოსახლეობას.

პაპილომა ვირუსი დნმ–ს შემცველი ვირუსია და მისი გადაცემა ძირითადად სქესობრივი გზით ხდება. იგი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზს წარმოადგენს.

პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.

ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.

ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ვირუსის ე.წ. მაღალი რისკის გენოტიპებით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.

რატომ არის აცრა საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინა შეიცავს პატარა ნაწილაკებს, რომლის სტრუქტურა ვირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მსგავსია. ამ ნაწილაკებს არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა, მაგრამ ვაქცინის ინექციის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა ამ ნაწილაკებს ვირუსის მსგავსად პასუხობს. ამ ნაწილაკების წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით, ორგანიზმი ქმნის დამცავ სისტემას, რომელსაც ინფიცირების შემთხვევაში, ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე აცრები იწყება
ექიმი გვირჩევს: როგორ მიმდინარეობს პაპილომა ვირუსზე აცრები [აუდიო]
ექიმი გვირჩევს: პაპილომა ვირუსი [ვიდეო]
ვის და სად შეუძლია გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა
ექიმი გვირჩევს: საშვილოსნოს ყელის კიბო[Video]
‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება