FM97.5 / LIVE

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.09.2019
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ნულოვანი ბარიერი და არჩევნებში პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობის შეზღუდვა - ამ თემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ახალციხეში შეხვედრა გამართა.

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში

დღეს, 15 სექტემბერს ახალციხეში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. მან ყურადღება პროპორციული არჩევნების სისტემის უპირატესობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი სისტემა პარტიებს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

„პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ პირველ რიგში ორიენტირებული არჩევნებზე და შემდეგ იმაზე, თუ როგორ შეძლონ თანამშრომლობა. ვისაც უკეთესი პროგრამა ექნება, ვისაც უკეთესად შეეძლება პრობლემის გადაწყვეტა, იმ პარტიებს ექნებათ შანსი, რომ ეს საზოგადოებასა და თავის მხარდამჭერებს აჩვენონ“, - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება რეგიონების წარმომადგენლების ჩართვას საარჩევნო პროცესში, თალაკვაძე ამბობს, რომ პარტია, რომელიც სიაში მხოლოდ თბილისის წარმომადგენლებს შეიყვანს, მცდარ ნაბიჯს გადადგამს, რადგან რეგიონებიდან ხმების უმრავლესობა დაეკარგება: „როდესაც პარტიულ სიებს წარვადგენთ ჩვენ არჩევნებში, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული რეგიონული ლიდერები. აუცილებლად იქნება სიაში ის ხალხი შეყვანილი, ვინც თავის საქმეს ეფექტურად აკეთებდა. ვისაც აქვს რეალური მხარდაჭერა და და ვისაც ესმის ადგილზე რა პრობლემებია“.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილია ბლოკების არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვაც, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს: „მოგიყვანთ მაგალითს: დღევანდელ პარლამენტში, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია, არის შემოსული ბლოკით. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არის ბლოკი და არა როგორც ერთი პოლიტიკური პარტია. მათ შორის ვინც იცის, რომ ბლოკით არის შესული, იმათმა არ იციან, ვინ შედიან ამ ბლოკში მასთან ერთად. წლების განმავლობაში ბლოკის მექანიზმი ამ ქვეყანაში იყო მანიპულაციისა და რესურსების უსამართლოდ მიღების საშუალება“.

პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ბლოკების არსებობის აზრს ვერ ხედავს პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ახვლედიანიც: „ბლოკი არსებობს ერთი მიზნით, თუ არის მაღალი ბარიერი, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გააერთიანონ ძალები და გადალახონ ბარიერი. მაგრამ თუ ეს ბარიერი არ არის მაღალი, მაშინ ბლოკის არსებობას არანაირი მნიშვნელობა აქვს. როცა ბუნებრივი ბარიერი არსებობს და 0.67% -ია, იქ ბლოკის არსებობა ნიშნავს, რომ 14 000 ხმას ვერ ვიღებ და მაინც პოლიტიკაში მინდა ვიყო“.
ახვლედიანმა პროპორციული სისტემის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის საკითხი, სადაც პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდა: „ყველა ადამიანს, ყველა ამომრჩეველს ქვეყანაში ექნება იმისი განცდა, რომ სწორედ ის პოლიტიკური პარტია გახდება ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მისცა ხმა. თუ აიღებს პარტია ხმების 50%-ს ეყოლება 50 დეპუტატი, აიღებს 10%-ს შესაბამის მანდატს მიიღებს. ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რაც ადამიანს მოუგონია ამ დროისათვის“, - აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

პროპორციული არჩევნების, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება პარტია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა. იგი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ იყო სამართლიანი ყველა ამომრჩევლისათვის, თუმცა ნაკლი აქვს პროპორციულ სისტემასაც: „მაჟორიტარული სისტემა ქმნის ვითარებას, როდესაც 51% -ის მქონდე კანდიდატი ერთადერთია, ვინც იღებს მონაწილეობას მსჯელობაში და გადაწყვეტილებაში, ხოლო მას, ვისაც 49% ჰქონდა, ანუ მოსახლეობის 49 % აღარ მონაწილეობს, არც განხილვასა და არც გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის მთავარი, რის გამოც, პროპორციული არჩევნები ითვლება, რომ უკეთესია, ვიდრე მაჟორიტარული სისტემა“.

მისივე განმარტებით, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, პროპორციული სისტემის მთავარი ნაკლი ამომრჩეველსა და არჩეულ კანდიდატს შორის სუსტი კავშირია:

„150 კაციან სიას, არცერთი ნორმალური ადამიანი არ წაიკითხავს და მით უმეტეს 30 პარტიის 150 კაციან სიას. 4 500 კაცი იქნება წამოდგენილი და ამომრჩეველმა ყველაზე ბევრი 5-6 კანდიდატის სახელი და გვარი შეიძლება მოძებნოს“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

იმის გამო, რომ ორივე სისტემაში ხედავს ნაკლსა და უპირატესობას, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ „სოციალ-დემოკრატებისთვის“ ორივე სისტემა მისაღებია: „როგორიც უნდა იყოს ეს სისტემა, ჩვენი „სოციალ-დემოკრატების“ პარტია, განსხვავდება, როგორც „ოცნების“, ასევე „ნაციონალების“ პოზიციისგან და ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე გადაწყვეტილებას. თუმცა ჩემი პირადი პოზიციით, მგონია, რომ ნულოვანი ბარიერი ჯობია და მგონია, რომ ბლოკები არ ვარგა“.

შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ყველა წევრმა საკუთარი აზრი დააფიქსირა. მათი გამოსვლები პროპორციული სისტემის უპირატესობას შეეხებოდა. კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა პროპორციული სისტემის ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების 2/3 გადასულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

სხვების მსგავსად, გონაშვილმაც შეხვდრის კიდევ ორ ძირითად საკითხს გაუსვა ხაზი, ნულოვან ბარიერსა და ბლოკების არსებობას საარჩევნო პროცესში: „რომელ ქვეყანაშიც ბლოკური სისტემაა დარჩენილი, იქ განსხვავებული მიდგომა არსებობს ბლოკებსა და პარტიებზე. არ შეიძლება ქვეყანაში პარტია და ბლოკი თანასწორი იყოს. ეს არის ორი აბსოლუტურად უთანასწორო სუბიექტი და კანონმდებლობამ ისინი თანასწორ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს“, - აღნიშნა გონაშვილმა.

შეხვედრისას, კომისიის წევრებმა, საკუთარი გამოსვლების შემდეგ, აუდიტორიის კითხვები მოისმინეს. ადგილობრივებს, ძირითადად ახალ საარჩევნო სისტემაში რეგიონული წარმომადგენლების ჩართვის, პარტიის გასამარჯვებლად საჭირო ხმების ოდენობის, ქალთა კვოტების განსაზღვრის, ვეტერანებისა და შშმ პირთა საკითხების დაყენების შესახებ ჰქონდათ კითხვები.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საყოველთაო-სახალხო განხილვა 13 სექტემბერს დაიწყო 30 სექტემბერს დასრულდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს