ახალციხის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, ბიუჯეტის გაზრდა მოქალაქეთა წახალისების მიზნით მოხდა.
„უამრავი ინიციატივა იყო, როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან და მოქალაქეთა ჩართულობის წასახალისებლად, ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განმარტავს ახალციხის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ლევან მიქაბერიძე.
მისივე თქმით, გამარჯვებული პროექტებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სამუშაობი 2020 წლისთვის გაიწერება და ახალციხის მერია განახორციელებს.
სამოქალაქო ინიციატივების ონლაინ პორტალზე, წინადადებების წარდგენის ვადა 20 აგვისტოს დასრულდება. რის შემდეგაც, საუკეთესო ინიციატივა ხმათა უმარვლესობით შეირჩევა.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის, მოქლააქეების მიერ წარდგენილი ინიციატივების გადარჩევა მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე სულ 122 ინიციატივაა შესული, ეტაპობრივად, გადარჩევის შედეგად, მათი რაოდენობა მცირდება.
ინიციატივების უმრავლესობა სოფლებში, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და სასმელ-სანიაღვრე წყლების მოწყობას ითვალისწინებს.
ახალციხელ არჩილ ჩხიტუნიძეს 45 ათას ლარად, თამარ მეფის ძეგლთან
სკვერის მოწყობა სურს: „მოეწყოს სკვერი, სადაც განთავსდება დასასვენებელი სკამები, კიბე, დაირგვება დეკორატიული ყვავილები, აგრეთვე მოეწყობა საინფორმაციო დაფა, რომელზეც ასახული იქნება თამარ მეფის მოღვაწეობისა და ისტორიული მოვლენების ამსახველი ფაქტები. წარწერა იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე“, - ვკითხულობთ ინიციატივაში.
ტურიზმის განვითარების მიზნით, ექვსი ახალციხელი გოგო 17 500 ლარს ითხოვს და ადგილობრივებს ექვს პუნქტიან სამოქმედო გეგმასაც აცნობს: „ჩვენს საინიციატივო ჯგუფს თითოეულ ინიციატივაზე აქვს, საკუთარი არგუმენტი, მოსაზრება, შემოთავაზება და მზად ვართ, თვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, თქვენც და საზოგადოებასაც გაგაცნოთ უფრო მეტი დეტალი“.
ვებ-საიტზე ატვირთულ იდეებს შორისაა, ასოციაცია
„ტოლერანტის“ ინიციატივა, რომელიც შშმ პირებისთვის საქანელის 3 300 ლარად გაკეთებას მოიცავს.
„ჩვენ წარმოვადგენთ წინადადებას ახალციხის ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონების გვერდით გამოიყოს ადგილი და დაიდგას ყველა სტანდარტის დაცვით, საქანელა ეტლით მოსარგებლე და სხვა ფიზიკური შეზღუდულობის მქონე შშმ პირთათვის, რომელიც იქნება პირველი პრეცედენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს შშმ პირი ბავშვების გარემოსთან უფრო მეტ ადაპტირებას“, - ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.
მერიის ინფორმაციით, ხმის მიცემის ეტაპამდე ინიციატივები გადახარისხდება: „პროცესში სოფლის რწმუნებულები მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით ჩავრთეთ, სოფლებიდან ბევრი ინიციატივა გამოჩნდა, თუმცა გაიფილტრება, რადგან არის ისეთები, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის და სხვა პროგრამები ისედაც ითვალისწინებს“, - განმარტავს მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი, ლევან მიქაბერიძე.
გამარჯვებულ იდეას, თავად მოქალაქეები ხმის მიცემის პროცედურით შეარჩევენ.
გასულ წელს, შესული 77 ინიციატივიდან ერთი, თამარ კაპანაძის გამწვანების პროექტმა 44 ხმით გაიმარჯვა. მისთვის 50 000 ლარი, 2019 წლის ბიუჯეტში იყო განსაზღვრული.
პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ 8 ივნისს
დაწერა, მაშინ სულ 10 ინიციატივა იყო წარდგენილი.
თავდაპირველად, ინიციატივების წარდგენა 21 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის გამო, 20 აგვისტომდე გადაიწია.
ინიციატივების მერიებისთვის ელექტრონულად წარდგენა ესტონური მოდელია, რომელიც ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.
[ავთო ინასარიძე, ახალციხე]