FM97.5 / LIVE

თუ გველს გადაეყარეთ - სპეციალისტის რჩევები

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2019
ახალციხეში მცხოვრები ივანიძეები ორი დღეა მანქანიდან გველის გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს, არაერთ ნასწავლ მეთოდსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი შიშობენ, რომ ქვეწარმავალი ისევ მანქანაშია. ქალაქში არც ჰერპეტოლოგია და არც რაიმე სამსახური, რომელსაც ასეთ დროს რეაგირება ევალება.

თუ გველს გადაეყარეთ - სპეციალისტის რჩევები

სპეციალისტები ამბობენ, რომ გველი, რომელიც ივანიძეების მანქანაში შეძვრა, სავარაუდოდ უკვე დატოვებდა ავტომობილს. ასეც რომ არ იყოს, ის ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ვერ იქნებოდა, რადგან ახალციხეში გავრცელებული გველის სახეობებიდან შხამიანი არცერთია.

„რადგან უკვე მეორე დღეა ელოდებიან, დიდი ალბათობით, ის უკვე გამოსული და წასული იქნება. მანქანაში მას არ აქვს საკვები და ხვდება ყველანაირად არახელსაყრელ პირობებს. სავარაუდოდ, ღამე, როცა მანქანასთან არავინ იმყოფებოდა, ის თავს დააღწევდა იქაურობას“, - ამბობს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, რომელიც გვიყვება, რომ დედაქალაქში მსგავსი გამოძახება ხშირია და სპეციალისტების ჩარევით, შემთხვევების 80% გველის გამოყვანით სრულდება.

ვის უნდა მივმართოთ

„დავიბენით, რა გვექნა აღარ ვიცოდით, დავრეკეთ 112-ში და გვითხრეს ეგ ჩვენი მოვალეობა არ არის და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეთო“, - ამბობს მანქანის მეპატრონე, რომელმაც გველის გამო ავტომობილი ფარეხში გააჩერა.

იგივეს ამბობენ სამაშველო სამსახურში. მათი თქმით, ივანიძეების დასახმარებლად, მაშველები საკუთარი კეთილი ნებით წავიდნენ, თუმცა მათ ქვეწარმავლის გამოყვანა მანქანიდან ვერ მოახერხეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა საქმე ქვეწარმავალის საიდანმე გამოყვანას ეხება, ადგილზე ჰერპეტოლოგებმა უნდა იმუშაონ და არა მაშველებმა. შესაბამისად, მცხოვრებლებმაც იმ სამსახურში უნდა დარეკონ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთი სამსახური მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და ბოლნისშია. რაც შეეხება რეგიონებს, აქ ასეთ საკითხზე თავად ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სამსახური, რომელიც ქვეწარმავლების საკითხს სწავლობს, მათ უბრალოდ არ აქვთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შედის.

ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ სწორედ კანონის შესაბამისად უნდა განისაზღვროს თვითმმართველობაში ისეთი სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეწარმავლების პრობლემაზეც პასუხისმგებელი იქნება.

„არსებობს პუნქტი, რომელიც უპატრონო ცხოველების საკითხებზეა მორგებული, აქედან გამომდინარე, ქვეწარმავლების თემაც, თავისთავად, თვითმმართველობის კომპეტენციაში შევა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გველის გამოყვანას ცოდნა სჭირდება. ეს სამაშველო სამსახურის დანიშნულება არ არის“, - განმარტავს კოტე კანდელაკი.

სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული გველის სახეობები

ქვეწარმავლების გააქტიურება დაბლობ დასახლებებში, ზაფხულამდე ბევრად ადრე, მარტის შუა რიცხვებიდან იწყება. მთიან ზონაში, მათ შორის ახალციხეშიც, ისინი მიწიდან ამოსვლას აპრილში იწყებენ.

ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული გველის არცერთი სახეობა შხამიანი არ არის და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აქ მთიან, ალპურ ზონებში ძირითადად „დინიკის გველგესლაა“ გავრცელებული, სომხეთის საზღვართან კი „სომხური გველგესლა“.

„არცერთი მათგანი წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან მათი ტოქსიკურობა ძალიან სუსტია და შხამის დოზაც ძალიან ცოტა აქვთ. აქედან გამომდინარე, ადამიანი თუ არ არის ალერგიული ან თუ ბავშვი თვეების არ არის, რეალურად გველს ზიანის მიყენება არ შეუძლია“, - ამბობს შოთა ზანდუკელი.

მისივე განმარტებით, ამ სახეობების გველები ჭრელები არიან და სიგრძეში ერთ მეტრსაც ვერ აღწევენ.

რაც შეეხება დასახლებებში ნაპოვნ ქვეწარმავლებს, შოთა ზანდუკელი მიიჩნევს, რომ ახალციხეში მდინარესთან ახლოს მცხოვრებლებმა შესაძლოა შავი ანკარა ნახონ, თუმცა შხამიანი არც ისაა.

როგორ მოვიქცეთ

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ქვეწარმავლების გაღიზიანებას ხშირად ადამიანების ქცევა იწვევს, სხვა შემთხვევაში, იგი ადამიანს თავს არ ესხმის და როგორც წესი, გარბის. გვირჩევენ, რომ თუკი გველს დავინახავთ, არ ვცადოთ მისი დაჭერა, მოკვლა ან რაიმე ზიანის მიყენება.

„გველთან შეხვედრისას, 98% შემთხვევებში, ის ჩვენგან გარბის. რა თქმა უნდა, ვხედავთ მის მიმართულებას, შესაბამისად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ გზა საპირისპირო მხარეს და გვერდის ავლით წავიდეთ. ასევე არ ვეცადოთ მისთვის რაიმე ზიანის მიყენებას, რადგან ძირითადად ამ დროს ხდება ხოლმე თავდასხმა ქვეწარმავლის მხირდან“, - ამბობს შოთა ზანდუკელი.

როგორ დავიცვათ საცხოვრებელი

ქვეწარმავლებისგან საცხოვრებლის დასაცავად, მეპატრონეები ხშირად ხალხში გავრცელებულ მეთოდებს იყენებენ. მათი ნაწილი გოგირდს წვავს, ნაწილი რეზინს, ზოგი კი გველის შენობიდან გამოსაყვანად რძეს იყენებს.

ჰერპეტოლოგების თქმით, გოგირდის დაწვა ქვეწარმავალთა მოსაშორებლად შედეგს ვერ მოგიტანთ, რადგან წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი ზევით მიდის და გველს არ აწუხებს.

„ზოგ შემთხვევაში, როცა ზუსტად ვიცით სადაც არის გველი შესული, იმ მონაკვეთში ეფექტურია ხოლმე შპრიცით ნიშადურის შესხურება. ამ დროს გველი ვეღარ ახერხებს სუნთქვას და ცდილობს იმ გარემოს თავი დააღწიოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გვაქვს რისკ-ფაქტორი, შეიძლება უფრო ღრმად შევიდეს ან სხვაგან წავიდეს. სხვა ქმედითი ღონისძიება ამ კუთხით არ არსებობს“, - გვირჩევს სპეციალისტი.
ჰერპეტოლოგების რეკომენდაციით, იმისთვის, რომ საცხოვრებელში ქვეწარმავალი არ შემოვიდეს, ყველაზე ეფექტური პრევენცია ტერიტორიის დასუფთავებაა.

„ბალახი ან მწვანე საფარი თუ არის, უნდა იყოს აუცილებლად მოვლილი. არ უნდა იყოს დაყრილი სამშენებლო მასალები ან ნარჩენები, რადგან თუ ქვეწარმავაალი შემთხვევით მოხვდა იმ ტერიტორიაზე, იქვე არ დაბინავდეს და არც გაჩერდეს ანუ მისთვის საინტერესო გარემო არ იყოს. რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახური არ არის და ვერ გამოვიძახებთ, უნდა მოვძებნოთ გრძელი ჯოხი, გველს ამოვდოთ შუა წელში და ვეცადოთ მის გადაგდებას“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას  ცხრა საათია უშედეგოდ ცდილობენ
ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა [ვიდეო]
ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა და ვეღარ გამოჰყავთ
'ბავშვები ეხვეოდნენ გარშემო' - ახალციხეში ქვეწარმავლები ნახეს
ახალციხის ერთ–ერთ მაღაზიაში გველი იპოვეს
ექიმი გვირჩევს: გველის ნაკბენი [ვიდეო]
ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]