FM97.5 / LIVE

სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2019
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა დაექვემდებარა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმებიც. ნახეთ, რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ახალციხის სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სასტუმროებში.

სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

14 თებერვლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმება უნდა დაიწყო. შემოწმდა თუ არა, ამ დრომდე, ახალციხეში რომელიმე შენობა–ნაგებობა ამაზე აღნიშნულ უწყებაში არ საუბრობენ. თუმცა, ვიდრე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონიტორინგის შედეგებს გაასაჯაროვებს, „სამხრეთის კარიბჭემ“ ქალაქში არსებული სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სასტუმროების გადამოწმება სცადა.

სკოლები


სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

ახალციხის რვა საჯარო სკოლიდან ყველა მათგანშია ცეცხლმაქრი, საევაკუაციო გეგმა და სათადარიგო გასასვლელები. ქალაქის შვიდი სკოლიდან წყლის რეზერვუარი მხოლოდ პირველ საჯარო სკოლაშია, სახანძრო კიბე კი მხოლოდ კერძო სკოლა „მზექაში“.

მაგალითად, მეორე საჯარო სკოლაში, შენობის ოთხივე სართულზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმები, სახანძრო დაფა თავისი აღჭურვილობით და ექვსი ცეცხლმაქრიც. სკოლას რვა საევაკუაციო გასასვლელი აქვს და მიმართულებები ისრებითაა მინიშნებული. „დეფიციტური სკოლაა, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ რაღაცების მოწესრიგებას. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უკეთ ვიქნებით აღჭურვილები“,– ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე.

მეექვსე სკოლაში სახანძრო დაფა მხოლოდ ერთ სართულზეა, თუმცა ცეცხლმაქრი ბალონები შენობის ორივე სართულზეა მიმაგრებული. „თანხებთანაა დაკავშირებული წყლის რეზერვუარის მოწყობა და იმიტომ არ გვაქვს. სამომავლოდ, მინდა რომ სტენდი ორივე სართულზე დავდგათ და გავაკეთოთ რკინის კარებიც“, – აცხადებს მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

ქალაქის მეშვიდე სკოლა ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ შენობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე შეისწავლეს. „შევთანხმდით, რომ გარეთ უნდა დავაყენოთ სპეციალური ონკანები, რომლების დაერთებაც პირდაპირ ჭაზე იქნება შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, წყალს ჭიდან გამოვიყენებთ და ავზის გაკეთება აღარ იქნება აუცილებელი“, – ამბობს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე.

საბავშვო ბაღები


სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

ახალციხის საბავშვო ბაღებში მენეჯერებმა შენობების დათვალიერების და ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს.

„გვაქვს სახანძრო დაფა, დეტექტორი, ცეცხლმაქრები, სამი საევაკუაციო გასასვლელი და წყლის რეზერვუარი“, – გვითხრა ახალციხის პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერმა ცისანა საანიშვილმა. აღნიშნულ ბაღში 304 აღსაზრდელია.

როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძრვანელი მარინა მერაბიშვილი ამბობს, ქალაქის ყველა ბაღში არის სახანძრო სტენდები, დეტექტორები, ფართის შესაბამისი ცეცხლმაქრები და წყლის რეზერვუარები: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმების განახლება. როგორც ვიცი უახლოეს დღეებში შემოწმდება ბაღები და ვნახოთ რას გვეტყვიან“.

სასტუმროები


სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში


რაც შეეხება ახალციხეში მდებარე სასტუმროებს, აქ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები თითქმის ყველა დიდ სასტუმროებში დაცულია, საოჯახო სასტუმროებში კი მეტ–ნაკლებად.

მაგალთად, ასპინძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ტიფლისში“ ყველა სართულზე ცეცხლმაქრები დევს, ასევე ყველა ოთახში დამონტაჟებულია დეტექტორი და გაკრულია საევაკუაციო გეგმები. აქვთ წყლის რეზერვუარები და ჭა.

სასტუმრო „ჯინო ველნესსა“ და „ლომსიაში“ სახანძრო უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია: განლაგებულია ცეცხლმაქრები, დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორები, ყველა სართულზე არის წყლის ჭავლები, გარეთ კი ორივე მათგანს აქვს სახანძრო კიბე.
შედარებით პატარა სასტუმროში „შინი“ აქვთ რამდენიმე ცეცხლმაქრი და წყლის რეზერვუარი. დეტექტორი აქ მხოლოდ სამზარეულოშია დაყენებული. სასტუმროს არ აქვს საევაკუაციო გეგმა.

საოჯახო სასტუმრო „ედელვაისი“, რომელიც სამი ოთახისგან შედგება, აღჭურვილია მხოლოდ ერთი დიდი მოცულობის ცეცხლმაქრით. სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეტი არ სჭირდებათ: „საევაკუაციო გასასვლელის მოწყობას ვერ ვახერხებთ“.

სასტუმრო „ტერასაში“, სადაც ხუთი ოთახია, აქვთ ორი ცეცხლმაქრი და ერთი ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი შესასვლელში.

სასტურმო „ნიუ სთარში“ კი აქვთ ცეცხლმაქრები, სახანძრო კიბე. აქ ორივე სართულზე დამონტაჟებული თითო–თითო დეტექტორი. შენობას ორი საევაკუაციო გასასვლელი აქვს, თუმცა არაა გამოკრული საევაკუაციო გეგმა.

არაფერია გაკეთებული სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სასტუმრო „ოულდ თაუნში“. თუმცა, როგორც მისი მესაკუთრე აცხადებს, უახლოეს პერიოდში შეიძენენ.

სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური დაამონიტორინგებს რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 თებერვლიდან საქართველოში შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმდება
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა აშენდება