FM97.5 / LIVE

ასპინძაში სუფთა სასმელ წყალს ისევ ელოდებიან

მთავარიეკონომიკა 07.06.2013
რატომ გაჭიანურდა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ასპინძაში; თავიდანვე არასწორად შედგენილი პროექტი თუ გაუთვალისწინებელი გარემოებები;

ასპინძაში სუფთა სასმელ წყალს ისევ ელოდებიან
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,763,212.14 ლარია , მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2012 წლის 25 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული ფირმა ”აზერი” ახორციელებს.

დაბას სასმელი წყალი 15 კილომეტრის მოშორებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან უნდა მოეწოდოს. პროექტის თანახმად, 300 მ3 ტევადობის რეზერვუარი შენდება, ეწყობა სათავე ნაგებობა და 15 კმ სიგრძის მილსადენი. დაბა ასპინძის გარდა, სოფელ ხანდოდან მომარაგდება სოფლები: ნიჯგორი და აწყვიტა.

გაუთვალისწინებელი გარემოებები

სამუშაოები ცხრა თვეში, მიმდინარე წლის 25 აპრილს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, როგორც კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი განმარტავს, პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა, სამუშაოების დასრულება გადაავადა.

”პროექტმა განიცადა ძირეული ცვლილებები, წყლის მილი, რომელ გზიდანაც უნდა გაგვეყვანა კლდიანი ადგილი შეგვხვდა და ამიტომ ადგილის შეცვლა მოგვიწია. ჩვენ გვიწერია მესამე კატეგორიის გრუნტი, იქ კი მეექვსე კატეგორიის შეგვხვდა, რაც პროექტს აძვირებს, ამიტომ დაბაში რამდენიმე ოჯახის კუთვნილ ეზოებში მოგვიწია მილების გატარება”, - ამბობს სამუშაოთა მწარმოებელი მურმან შეყელაშვილი.

მისი განმარტებით, სამუშაოები დამატებით თანხებს არ საჭიროებს. რაც შეეხება მოსახლეობის კომპენსაციებს, კომპანია იმ თანხის ფარგლებში დაფარავს, რაც პროექტით არის გათვალისწინებული.

”კერძო მესაკუთრეებს, ვის ეზოებშიც მილები გაგვყავს, წინასწარ შევუთანხმდით და მუშაობის ნებართვა მოგვცეს. კომპენსაციის სახით თითოეულს მიზერულ თანხას, დაახლოებით 300 ლარამდე მივცემთ”, - ამბობს იგი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაბაში მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. მილები ორი ოჯახის ეზოში გადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპენსაცია მიზარულია, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, რადგან ამ პროექტით ასპინძას წყლის პრობლემა სამუდამოდ მოუგვარდება.

”ჩემს სახლთან ორი მეტრის სიახლოვეს გაატარეს მილი. იქ, სადაც უწევდა მილს გასვლა, კლდიანი ადგილია და აფეთქების გარეშე ვერ გაიყვანდნენ, ამიტომ დავთანხმდით. როგორც ვიცი, მეზობელიც თანახმაა. რაც შეეხება კომპენსაციას 150 ლარამდე უნდა გადაგვიხადონ. ეზოში ორი ხე მოიჭრა და თითო მეტრი მიწის ნაკვეთი 8 ლარად შეაფასეს”, - ამბობს მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრები ლავრენტი შეშაბერიძე.

კომპანია ”აზერის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტის შეცვლის შემდეგ, იმის გამო, რომ მილებს დაბაში უნდა გაევლო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომ დგენლებსაც შეუთანხმდნენ, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე განმარტავს, რომ არ უნდათ პროექტის მიმდინარეობას ხელი შეუშალონ, რადგან ამ პროექტით ყველაზე დიდი პრობლემა გვარდება. თუმცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

”ჩვენ არავინ შეგვთანხმებია და არავინ მოსულა. ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მომახსენა, რომ თვითნებური ცვლილებები აქვთ შეტანილი. პროექტის ინჟინერი ამბობს, წარმოგიდგენთ ცვლილებებსო. ველოდებით პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება უკანონოდ და მივმართავთ შესაბამის პროცედურებს”, - განაცხადა ლევან ცაბაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროტესტის ფონზე

წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაახლოებით 80 პროცენტი შესრულებულია. რეზერვუარამდე, სადაც სასმელი წყალი უნდა შეგროვდეს, 400 მეტრია დარჩენილი. მურმან შეყელაშვილის თქმით, პროექტის დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება. სამუშაოებზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია ”აზერის” თანამშრომლები ხელფასს დღიური გამომუშავებით, დღეში 20 ლარს იღებენ. ოთხი თვის სახელფასო დავალიანება კომპანიას ამ დრომდე არ დაუფარავს, რამაც მუშების პროტესტი გამოიწვია.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში მუშების უმეტესობამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. რამდენიმე დღის შემდეგ, კომპანიის მხრიდან დაპირების შედეგად, მუშაობა კვლავ განაგრძეს. ნაწილმა კი სამსახური დატოვა.

ასპინძელი რეზო ადეიშვილი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გასული წლის აგვისტოს თვიდან მუშაობს. ადეიშვილი ერთერთია იმ მუშათაგან, ვინც უხელფასობა გააპროტესტა. როგორც იგი ამბობს, კომპანია ხელფასს დეკემბრამდე ყოველი თვის ბოლოს შეუფერხებლად აძლევდა.

”კომპანიასთან ხელშეკრულება წერილობით გავაფორმე, სადაც გარკვევით წერია ჩემი ვალდებულებებიც და უფლებებიც. ამ შემთხვევაში ჩემი უფლებები ირღვევა, მაგრამ ჩვენც შევდივართ კომპანიის მდგომარეობაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომი პერიოდის გამო ხდება თუ არ დარეგულირდება სახელმწიფოში საბანკო ოპერაციები, ფული საიდან იქნება?” - ამბობს ადეიშვილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მცხოვრები გელა ლონდარიძე სამსახურში ყოველდღე სოფლიდან დადის. კომპანიაში იგი გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს.

”ამბობენ პრობლემებია სამთავრობო მხრიდანო და ჩვენ მეტი არაფერი ვიცით, მუშები ვართ, მეტი რომ გვესმოდეს, კაბინეტებში ვიჯდებით. პროტესტის ნიშნად ყველა რომ გაჩერდა, მეც გავჩერდი, მაგრამ ხელფასი მაინც არ გადაგვიხადეს და ისევ გავაგრძელეთ მუშაობა. ვფიქრობ, კომპანიას უჭირს, ტექნიკა ცდება და ძალაუნებურად ჩვენც გავაგრძელეთ მუშაობა. რამდენჯერ მოვიდა ტელევიზია, რამდენჯერ დაგვისვეს კითხვები, მაგრამ არ გაჩნდა მაინც არაფერი”, - ამბობს ლონდარიძე.

”აზერის” სამუშაოთა მწარმოებელი მურმან შეყელაშვილი ირწმუნება, რომ ხელფასებს უახლოეს დღეებში გასცემს.

”ინვესტორები თანხას მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მიხედვით ანაზღაურებენ. ამ თვის ბოლომდე ვფიქრობ ეტაპობრივად ყველა თვის სახელფასო დავალიანებას დავფარავთ”, - ამბობს იგი.

უკმაყოფილო კონტროლიორები

სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს სამი კომპანიის ”გაერთიანებულ წყალთა კომპანიის”, ”ილფის” და ”სონდერს ჯგუფის” წარმომადგენლობითი ამხანაგობა აწარმოებს.

ინჟინერ-დამკვირვებლები ბადრი გოგოტიშვილი და რუმინელი ვასილიკა კორნელიუსი სამუშაოებს გასული წლის 25 აგვისტოდან ადევნებდნენ თვალყურს.

”არ ვართ კმაყოფილი. მიზეზები ვიცით და ვეთანხმებით, მაგრამ რადგან ვადებში ვერ ჩაეტივნენ, უკმაყოფილოები ვართ”, - განმარტავს ბადრი გოგოტიშვილი.

მუშების ხელფასების საკითხით მუნიციპალური განვითარების ფონდი დაინტერესდება

ასპინძაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ხელმძღვანელობამ ჩვენგან შეიტყო.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის უფროსმა, ლანა ბერიძემ განაცხადა, კომპანია ”აზერის”მიმართ დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება სამუშაოების დასრულების გადავადებას, ამას ობიექტური მიზეზი აქვს.

”წინასაპროექტო სამუშაოები არ იყო ჩატარებული სრული მოცულობით, რამაც პროექტში ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წინა მენეჯმენტის მიერ იყო დამტკიცებული, მას შემდეგ რაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა, მოხდა პროექტის გადახედვა და ხარვეზების გამოსწორება, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს”, - განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.

ლანა ბერიძის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი არ არის ჩართული და არ ერევა კონტრაქტორი ორგანიზციების მიერ დასაქმებულ პერსონალზე ხელფასების გაცემის საკითხში, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან.

”სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და კონტრაქტორს მოსთხოვს უზრუნველყოს დაქირავებული თანამშრომლების უფლებების სრული დაცვა”, - ამბობს ლანა ბერიძე.

წყალმომარაგების კომპანია: მართალია სამუშოები გადავადდა, მაგრამ შედეგი უკეთესი იქნება

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის, გია ბაგინაშვილის განმარტებით, მართალია პროექტის დასრულება დროში გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.

”პროექტი ითვალისწინებდა 4 წყაროს წყლის მიღებას და მოყვანას ასპინძამდე, ახლა დაემატა მეხუთე წყარო და ამან გამოიწვია დამატებითი სამუშაოები და დროის გაწელვა. ამისთვის დამატებით 200 მეტრი მილის გაყვანა გახდა საჭირო”, - განაცხადა ბაგინაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს
ასპინძაში მუშები გაიფიცნენ
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ
ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’
ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2-მილიონიანი პროექტი ხარვეზებით დასრულდა