FM97.5 / LIVE

ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.02.2018
ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ. დეპუტატები ამბობენ, რომ ხალხს ‘დილა–საღამოს ხვდებიან’.

ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია. ამათგან 18 მაჟორიტარია – 3 ქალაქ ახალციხის, 15 კი თემის და 15 პროპორციული სიით გასული წევრი.

დეპუტატების ერთ–ერთი მოვალეობა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან პერიოდული შეხვედრაა.

„საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან“, – ვკითხულობთ რეგლამენტში, რომელიც საკრებულომ 2017 წლის 14 ნოემბერს, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე მიიღო.

14 ნოემბრიდან დღემდე სამი თვე გავიდა, თუმცა, არცერთ დეპუტატს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა არ გაუმართავს. უმრავლესობა ამბობს, რომ ამომრჩეველს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.

„ყოველ დილა–საღამოს თუ შაბათ–კვირას ვნახულობ, მეუბნებიან თავიან პრობლემებს. ჯერ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, საკრებულოში რომ დამეყენებინა საკითხად“, – ამბობს სოფელ კლდის წარმომადგენელი საკრებულოში ვლადიმერ კურტანიძე.

„თუ რამე პრობლემაა, თვითონაც მაკითხავენ. მაგალითად, ბოლოს გრეიდერი უნდოდათ და დავეხმარე“, – ამბობს წყორძა–ანდრიაწმინდის დეპუტატი ნოდარ სუდაძე.

ზოგად, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აყენებენ საკრებულოს სხდომებზე დეპუტატები: იოსებ კაპანაძე, გელა დემეტრაძე, ბესიკ გოქსაძე, პაიცარ მანასიანი და ვასილ სისვაძე. წინასწარ ორგანიზებული შეხვედრები, ამ დრომდე, არც მათ ჰქონიათ.

კოლეგების მსგავსად, მოსახლეობას სპონტანურად ხვდება, საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით შესული გიორგი გვარამაძე: „სათითაოდ ვკრებთ პრობლემებს და მერე ერთად წარვუდგენთ საკრებულოს“.

ამომრჩეველს არც პირადად და არც საჯარო შეხვედრაზე არ შეხვედრია აწყურის დეპუტატი ალექსი ლაბაძე: „ჯერ ვერ მოვახერხე შეხვედრა, თუმცა, ვგეგმავ და მალე შევხვდები“.

ამ დრომდე საკრებულოში არც დეპუტატების შეხვედრების განრიგი მოიპოვება და არც შესაბამისი, შეხვედრების ოქმი არსებობს.

„დეპუტატებს თავიანთი გეგმები აქვთ და ხვდებიან ამომრჩეველს. რაიმე განრიგი არ დაგვიმტკიცებია. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობის მაჯისცემაზე გვიჭირავს ხელი და თუ რაიმე პრობლემაა, ვეხმარებით“,– ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრებზე საუბრობენ, ადგილობრივების ნაწილი თავიანთ დეპუტატს ვერ იცნობს, ნაწილი კი მხოლოდ იმიტომ იცნობს, რომ მისი თანასოფლელი ან მეზობელია.

გასულ კვირას, ახალციხის საკრებულოს იმ დეპუტატებს, ვინც თანამდებობის პირი არ არის, აქტივობებისთვის გაწერილი ხარჯი 90 ლარით გაუზარდეს. ასეთი საკრებულოში 16 დეპუტატია და ახლა მათ ხარჯებისთვის, რომელთა შორის, მოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯებიც შედის, ყოველთვიურად 500 ლარი აქვთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს. მას მოსახლეობასთან შეხვედრის, ასევე საკრებულოს სხვა საქმიანობაში აქტიური მუშაობისათვის გაწეული ხარჯის შესაბამისი დოკუმენტიც უნდა ჰქონდეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს
გამოკითხვა: იცნობთ თუ არა თქვენს დეპუტატს [Video]
‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა
საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიებმა, წლიური ანგარიში ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს
ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს წარუდგენენ
ვინ იქნებიან ახალციხის საკრებულოს წევრები