
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერი ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ შიშობს, პენსიის გამცემებთან ურთიერთობა გაუფუჭდება, ”ლიბერთი ბანკის” მოლარეს პენსიის მიტანის თანხის აღებაში ადანაშაულებს: „პენსია 125 ლარი მაქვს, მაგრამ პენსიის გამცემები 1.00 ან 0.50 ლარს იღებენ. გამცემი ქალი 0.50 ლარს იტოვებს, მამაკაცი კი 1.00 ლარს. საქმე ეს კაპიკები არ არის. საქმე ისაა, რომ მათ სახელმწიფო ხელფასს უხდის და ჩვენგანაც დამატებით იღებენ. მე ამ ფულით პურის ყიდვა შემიძლია“.
კიდევ ერთმა პენსიონერმა, რომელსაც ვკითხეთ, იღებდნენ თუ არა მისგან მოლარეები ფულს, გვიპასუხა: „რატომ უნდა გითხრათ, რომ წახვიდეთ და დაიჭიროთ?!“.
იგივე კითხვაზე მომდევნო რესპონდენტმა გვიპასუხა: „თუ პირდაპირ, ანუ სალაროდან იღებ ფულს, დამატებით არაფერს იხდი, მაგრამ თუ პენსიის გამცემმა მოგიტანა ფული მაშინ თავისთვისაც იტოვებენ”.
ბანკიდან გამოსულმა ზოგიერთმა პენსიონერმა გვითხრა, რომ მათგან ზედმეტს არავინ იღებს, ზოგმა კი „არაოფიციალური გადასახადის“ გამო უკმაყოფილება გამოხატა: ”პენსიას 115 ლარს ვიღებდი, ახლა 125 ლარი გამიხდა. 0.50 ლარს მართმევენ, რას ვიზამ, ვაძლევ“.
სოფელ ბავრაში მცხოვრები პენსიონერი კი გვეუბნება, რომ კუთვნილი 125 ლარი სრულად მიიღო: „ამჯერად ქალაქში ავიღე პენსია, ასე უფრო მოსახერხებელია. აქ ფული არ მოუთხოვიათ, სოფელში კი პენსიონრებს იმის გამო რომ პენსია სახლში მიაქვთ ფულს ახდევინებენ”.
მოლარეები, რომლებიც პენსიას არიგებენ ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და ისინი პენსიებს სრულად გასცემენ: „უბრალოდ ზოგი თვითონ გვიტოვებს. ზოგჯერ პენსიის ასაღებად თავად ვერ მოდიან და სხვებს აგზავნიან, მაშინ ისინი გვიტოვებენ 0.50 ლარს“.
პენსიებს „ლიბერთი ბანკი“ გასცემს. ამავე ბანკის ახალქალაქის ფილიალის მენეჯერი ალექსანდრე ვახტანგიშვილი კითხვაზე, თუ რატომ ღებულობენ მოლარეები პენსიონრებისგან 1.00 ან 0.50 ლარს გვპასუხობს: „მე რაც აქ ვმუშაობ, მსგავსი პრეტენზიით არავის მოუმართავს. თანამშრომლებმა არც ერთი თეთრი არ უნდა აიღონ. ბანკი სატრანსპორტო ხარჯებსაც ითვალისწინებს იმ მოლარეებისთვის, რომლებიც სოფლებიდან ჩამოდიან”.
მისი თქმით, პენსიების გამცემები გაფრთხილებული არიან, რომ პენსია კაპიკ–კაპიკ ჩააბარონ ადრესატს: ”მთელი დღე მათ ვერ ვდევ უკან, მაგრამ თუ პენსიონერების მხრიდან ერთი მსგავსი პრეტენზია მაინც იქნება, მოლარე სერიოზულად დაისჯება. პენსიონერებმა კი ძალიან კარგად იციან მათი პენსიის ოდენობა და სრულად უნდა აიღონ”.
”ლიბერთი ბანკის” მონაცემებით აპრილში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 8,658 პენსიონერია, ეს ციფრი ყოველთვე შეიძლება შეიცვალოს.
სოფლებში პენსია ძირითადად „ლიბერთი ექსპრესის“ (მობილური ბანკის) მეშვეობით რიგდება. ახალქალაქის ფილიალს „ლიბერთი ექსპრესის“ ორი მანქანა ჰყავს, ერთი ნინოწმინდის, ხოლო მეორე ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ემსახურება. სოფლების რიცხვი, რომლებსაც მობილური ბანკი თვის განმავლობაში ემსახურება, ამინდზეა დამოკიდებული. ყოველთვის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მომსახურება შეუძლებელია. ამ თვეში „ლიბერთი ექსპრესი“ 64 სოფლიდან 33-ს მოემსახურა.
დანარჩენი სოფლების პენსიონრებს (და საერთოდ, ყველა პენსიონერს) პენსიის აღება სპეციალური გამსვლელი მოლარეებისგან შეუძლიათ. ბანკს 10 ასეთი თანამშრომელი ჰყავს. მენეჯერის თქმით, ისინი მობილურები არიან და კონკრეტულ სოფელზე, ან ადგილზე მუდმივად მიმაგრებულნი არ არიან. სხვადასხვა ადგილებში არსებული მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანს ტერმინალში იგივე ბაზა აქვს და პენსიონერს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, შეუძლია მიიღოს პენსია ნათესავის ან მეზობლის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კეთდება განცხადება, მიმღების მხრიდან მაინც, სადაც პენსიონერისა და მიმღების შესახებ მონაცემებია აღნიშნული. პენსიების მიღება ასევე შეუძლიათ ბანკომატიდან, რისთვისაც ბანკის ოპერატორისგან მათი პლასტიკური ბარათის პაროლის აღებაა საჭირო.
[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]