ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში რამდენიმე ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით კადრების ნაკლებობაა. არ არის მუდმივი ექიმი ენდოკრინოლოგიც. ექიმი ენდოკრინოლოგი ია თაქთაქიძე ასპინძიდან კვირაში ერთხელ ჩამოდის. სპეციალისტის თქმით, იგი კვირაში ერთხელ მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ექიმის ძალიან პატარა ხელფასი ერთდროულად საცხოვრებლად და გზისთვის არ ჰყოფნის.
ამ დროს კი ენდოკრინოლოგი ქალაქის საავამდყოფოს, ჩიყვითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გამო, მუდმივად სჭირდება.
ია თაქთაქიძის თქმით, დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობის სტატისტიკა ბოლო ხანებში აღარ იწარმოება, თუმცა, დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობამ ძალიან იმატა. ექიმის მოსაზრებით, დაავადების ერთ–ერთი შესაძლო მიზეზი გაუკონტროლებელი პროდუქტები და ასევე სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენებაა.
„შაქრის გაჩენა სტრესულ სიტუაციებთან, ინფექციურ დაავადებებთან და ბევრ სხვა აუხსნელ მიზეზთანაა დაკავშირებული. ერთ–ერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი გაჩნდეს, გენეტიკური ფაქტორია“, – ამბობს ია თაქთაქიძე.
ექიმი-ენდოკრინოლოგის აზრით, საავადმყოფოში სრული გამოკვლევის გაკეთება ერთხელ მაინც არის საჭირო, რათა ადამიანმა გაიგოს, რითი არის დაავადებული. თუმცა მოსახლეობის სოციალური დონე მათ ჯანმრთელობის კონტროლის საშუალებას არ აძლევს.
„დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც კუჭქვეშა ჯირკვალი ზიანდება და ორგანიზმი ინსულინის საკმარის რაოდენობას ვეღარ გამოიმუშავებს. მცირე ინსულინი კი ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნას ვეღარ აკონტროლებს. საწყის სტადიაზე ადამიანს შეუძლია ორგანიზმს აბებითა და დიეტით დაეხმაროს, რათა ორგანიზმში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება მოხერხდეს. რადგანაც ინსულინი ცოტაა, საჭიროა ცოტას ჭამა და აბებით მკურნალობა. მაგრამ როცა დაავადება რთულდება და კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის გამომუშავებას საერთოდ წყვეტს, ექიმი პაციენტს ინსულინის ნემსებს უნიშნავს“, – ამბობს ია თაქთაქიძე.
ახალქალაქში ავადმყოფები ექიმს ძირითადად მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა მოთმენა მეტად აღარ შეუძლიათ, ამიტომ ხშირად ისე ხდება, რომ დაავადების საწყისი სტადია გამოტოვებულია და მკურნალობა რთულდება.
„არიან ავადმყოფები, რომლებსაც ჩემთან მოსვლისას შაქარი უკვე 15, 18, 20 აქვთ (ნორმა 6–მდეა). ამ დრომდე არ მომმართავენ, დაავადება კი შეიძლება წლები გრძელდებოდა. შეიძლება მათ დიდ ნაწილსაც, ვინც ექიმს არ მიმართავს, მაღალი შაქარი ქონდეს“, – ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი ია თაქთაქიძე.
შაქრიანი დიაბეტის დაავადების შესახებ პირველადი სიმპტომებითაც შეიძლება გაიგოთ, თუმცა, დაავადება აშკარა სიმპტომების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს.
„ეჭვი შეიძლება შეიტანოთ პირის სიმშრალისას, ხშირი შარდვისას ან თუ ადამიანი წონას უმიზეზოდ კარგავს, რატომღაც ხდება. მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ, რომ გაიგოთ, რა მიზეზით სვამთ ბევრ წყალს, რატომ ხდებით და ა.შ. ახლა დაავადება რატომღაც ხშირად სიმპტომების გარეშე იწყება. პაციენტი მოდის და შაქარი უკვე 15 აქვს, სიმპტომები კი არ არის. შემთხვევით იზომავს შაქარს, სხვა გამოკვლევისთვის მისულს ექიმი შაქრის გასაზომად აგზავნის და აღმოჩნდება, რომ დიაბეტი აქვს“, – ამბობს ია თაქთაქიძე.
შაქრიანი დიაბეტი არ იკურნება, მისი მხოლოდ გაკონტროლებაა შესაძლებელი.
„საწყის სტადიაზე დიეტითაც შეიძლება უშველო, მაგრამ თუ შაქრის დონე უკვე მაღალია – 10–ზე მეტია, დიეტა ვერაფერს უშველის. აქ აბებით მკურნალობაც უნდა ჩაერთოს. მაგრამ როცა უკვე დიეტა და აბების დიდი დოზებიც აღარ შველის, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს საკუთარი ინსულინი უკვე აღარ აქვს და პაციენტმა ინსულინის თერაპია უნდა დაიწყოს“, – ამბობს ექიმი.
როგორც ექიმმა ენდოკრინოლოგმა აგვიხსნა, როცა პაციენტი დიეტას არ იცავს და რასაც უნდა, იმას ჭამს, შაქრის დონე თანდათანობით იმატებს. ასეთ შემთხვევაში დაავადება ლეტალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს.
„მაღალი შაქრის გამო პაციენტი შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს. ხანდახან ადამიანის კომიდან გამოყვანა არ ხერხდება. თუ ცოტა მაინც დაგვიანდა, რეანიმაციულ კომატოზურ მდგომარეობას შეიძლება გარდაცვალება მოყვეს“, – ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი ია თაქთაქიძე.
[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]