FM97.5 / LIVE

სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, მე ვირჩევ 01.09.2016
სულ რაღაც ერთ თვეში, საქართველოში მცხოვრებლებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ. „სამხრეთის კარიბჭე“დაინტერესდა, რა იციან ადგილობრივებმა პარლამენტის და ზოგადად, ქვეყნის მოწყობის შესახებ.

სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან

„თქვენ იცით ვის რა ფუნქცია აქვს?! მე მაგალითად ვერ გავიგე, პარლამენტს რა ევალება, მთავრობას რა და საერთოდ პრეზიდენტი რად უნდათ“, - კითხვაზე კითხვით გვპასუხობს ახალციხის ქუჩებში, მოსახლეობის გამოკითხვის მიზნით გასულებს, ადგილობრივი ჯემალ სუდაძე და ამატებს, რომ ხელისუფლების ბევრმა გაუაზრებელმა ქმედებამ მოსახლეობა დიდ გაურკვევლობაში ჩააგდო.

გაუაზრებელ ქმედებებში კი იგი ქვეყნის მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებებს გულისხმობს და იხსენებს ფაქტებს, როდესაც მაგალითად, დავის საგანი ხდებოდა, ვინ უნდა წასულიყო ზოგ საერთაშორისო ვიზიტზე, პრეზიდენტი თუ პრემიერი.

ჯემალ სუდაძის მსგავსად, კონსტიტუციის ხშირი ცვლილება და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული განხეთქილებები, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის მოდელში სხვაც ბევრ ადგილობრივს აბნევს.

როგორ იყოფა ხელისუფლება

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიერ.

საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა კი ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 83 მუნიციპალიტეტს.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იურიდიულად პოლიტიკური ფუნქციები გადანაწილებული აქვს პარლამენტს, მთავრობასა და სასამართლოს. სამივე ხელისუფლება თანაბრად დამოუკიდებელია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და კონტროლს დანარჩენ ორ ხელისუფლებას უწევს, ანუ მოქმედებს ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების მექანიზმი.

საქართველო ნახევრად-საპრეზიდენტო წყობის ქვეყანაა. პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური და წარმართავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პარლამენტში 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი შედის, რომლებიც პარლამენტში შექმნილ სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობით განიხილავენ და ამტკიცებენ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ქვეყნაში ერთ-ერთი მთავარი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებაა. მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და შედგება სამინისტროებისა და მათი ხელმძღვანელების, მინისტრებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტს და მთავრობას ქვეყანაზე თანაბარი გავლენა უნდა ჰქონდეს, სოფელ წნისში მცხოვრებ ამირან ქიმერიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის როლი მაინც შესუსტებულია და დღევანდელ ხელისუფლებაში ყველაზე დიდი გავლენა პრემიერ-მინისტრს ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს.

„კონტროლი უნდა გაუწიოს მთავრობას პარლამენტმა, მაგრამ როგორ უწევს, ესაა საკითხავი. ქვეყნის პირველი პირი პრემიერი, კვირიკაშვილია. გადაწყვეტილების მიმღები მთავრობაა, ნდობა აქვს გამოცხადებული“, - გვეუბნება ამირან ქიმერიძე.

ხელისუფლების კონკრეტულ შტოდ არ იყოფა, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ერთ-ერთი ნაწილია ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელი პირები – მერი ან გამგებელი, არჩევითია.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციულ -ტერიტორიული მოწყობა ოდნავ შეიცვალა და ხუთ თვითმმართველ ქალაქს კიდევ შვიდი დაემატა. საბოლოოდ, 12 თვითმმართველი ქალაქი და 71 თვითმმართველი თემი ჩამოყალიბდა. მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისაგან შედგება. იგი თავის მხრივ რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებად იყოფა.

ვის რა უფლება და მოვალეობები აქვს

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში ინსტიტუციების უფლებამოსილებები ერთმანეთისგან გამიჯნულია.

ქვეყნის მმართველობის სხვა ორგანოებისგან მკვეთრად არის გამიჯნული, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი ქვეყანას წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტი მონაწილეობას ღებულობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში. იგი ასევე აკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები ბევრად შემცირდა და ნაწილობრივ პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში გადავიდა. ამიტომ საქართველოს ნახევრად საპრეზიდენტო ტიპის რესპულიკადაც მოიხსენიებენ.

არსამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ქვეყნის დღევანდელ მმართველობას შეიძლება სხვა სახელიც მოეძებნოს: „ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტია, ამიტომ შერეული ტიპის მმართველობას უფრო ვუწოდებდი“.

პრეზიდენტის უფლებები რომ შეიზღუდა, ამას ახალციხეში ადგილობრივებიც ამბობენ.

„ჩვენს პრეზიდენტს ბევრი უფლება აქვს შეზღუდული, რასაც ვუყურებ, იმას ვამბობ. პრემიერს აქვს უფრო მეტი გავლენა ქვეყანაში“, - ამბობს მზია გაჩეჩილაძე.

სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას.

აღმასრულებელი ხელისუფლება - ეს არის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, იგი ასევე ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მის მოვალეობაშია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც უძღვება მინისტრთა კაბინეტს და პასუხისმგებელია, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს და უფლებამოსილია ისინი თანამდებობიდანაც გაათავისუფლოს.

პრემიერ-მინისტრს საქართველოს ყველა რეგიონში თავისი რწმუნებული ჰყავს, რომელიც ადგილზე, მიმდინარე სახელმწიფო პროექტებს უწევს კოორდინირებას და მოსახლეობასა და მთავრობას შორის შუამავლის როლს ასრულებს. სამხარეო რწმუნებულს ასევე, შექმნილი აქვს სამხარეო საბჭო, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები წევრიანდებიან და რეგიონის განვითარებისათვის, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

ისევე, როგორც სახელმწიფოს სხვა ორგანოები, უფლებამოსილებები გამიჯნულია თვითმმართველობებშიც.

თვითმმართველობა არის მოქალაქეთა თვითორგანიზაცია, რომლებიც ერთობლივად წყვეტენ სხვადასხვა საკითხებს. მოქალაქეების მხრიდან თვითმმართველობის უფლების გამოყენება იწყება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით და გრძელდება საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ჩართულობით.

ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოებისაგან თავის მხრივ გამიჯნულია სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელია და ორი: საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოსაგან შედგება.

სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან

საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო, უზენაესი, რომლებიც მართლმსაჯულებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ. რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს შექმნა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მას ირჩვეს საქართველოს პარლამენტი, არანაკლებ 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი 9 მოსამართლისაგან შედგება, რომელთა სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, დანარჩენ სამ წევრს კი საქართველოს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. მათი უფლებამოსილების ვადაა 10 წელი.

სახელმწიფო მმართველობის კლასიკური ფორმები მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ორი ფორმის მმართველობაა: რესპუბლიკა, რომლის უმაღლეს ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და მონარქია, რომლის უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობითია.

რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ასე შემდეგ. რესპუბლიკური მმართველობის სამი ტიპი არსებობს საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო და საპარლამენტო.

ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ყველაზე კლასიკური მაგალითი საფრანგეთია. ამ მმართველობის შემთხვევაში, პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფო მეთაური, მთავრობა კი დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება საპრეზიდენტოს, პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო არ არსებობს. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. დღეს ასეთი მმართველობის ყველაზე კლასიკური მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამ ტიპის რესპუბლიკა იყო 1995-2004 წლებში საქართველოც.

საპარლამენტო მმართველობის პერიოდში კი პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლური მმართველია. აქ ძირითადი ძალაუფლება მთავრობის მეთაურის ხელშია. ასეთი ტიპის რესპუბლიკები ევროპაში ბევრია, თუმცა მაგალითია: გერმანია და იტალია, რომლებიც უკვე მრავალი წელია ასეთ მმართველობას ინარჩუნებენ.

რესპულიკურის მსგავსად, 3 ტიპი არსებობს მონარქიულ მმართველობაშიც ესენია: საპარლამენტო, დუალისტური და აბსოლუტური.

საპარლამენტო მმართველობა თითქმის იდენტურია საპარლამენტო რესპუბლიკის, სადაც მხოლოდ მეფის შეზღუდული როლი ტარდიციას წარმოადგენს. საპარლამეტო მონარქია ევროპის ყველა მონარქია.

დუალისტური მმართველობა ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკას ჰგავს, აქ მეფეს აქვს ძლიერი ხელისუფლება, მაგრამ შეზღუდულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დღეისათვის დუალისტური მმართველობა აქვს მაროკოს.

აბსოლუტური მონარქიის დროს კი ქვეყნის მთელი ხელისუფლება არის ერთი ადამიანის ხელში. აქ არ არსებობს პარლამენტი, თანამდებობაზე ხალხს მეფე ნიშნავს. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მონარქია არის საუდის არაბეთში.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]

სახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდანსახელმწიფო მოწყობა საქართველოში და მაგალითები მსოფლიოდან
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]