FM97.5 / LIVE

დაფარული თუ ყველასთვის ცნობილი ნაღმი ჯავახეთში

მთავარისამართალი 27.12.2012
შეიარაღებული ჯავახეთი და ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილი თუ დასაწყობებული იარაღი მხოლოდ მამაკაცური ღირსებების ხაზგასასმელად; დიდი ხნის წინ ჩადებული ნაღმი თუ ჩვეული მოვლენა რეგიონისთვის; სამცხე-ჯავახეთის სომხური დასახლებებიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

დაფარული თუ ყველასთვის ცნობილი ნაღმი ჯავახეთში

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სომხური დასახლებებიდან სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

28 ნოემბერს ასპინძის მუნიცალიტეტის სომხურ სოფელ დამალაში, 10 დეკემბერს ნინოწმინდაში და 14 დეკემბერს ახალქალაქში რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე არა ერთი საქმე აღძრეს.

”სავსეა იარაღით სომხური დასახლებები. მრავალი წელია აქ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ინახება. ეს ყოფილმა ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა, ეშინოდა ეთნიკური სომხების გაღიზიანების, ახალი მთავრობა კი არ შეურიგდა ამას და განიარაღება დაიწყო“, - გვითხრა ერთ-ერთმა იურისტმა, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება.

კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. ასევე 3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცხრა "ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორის მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, N7 ტიპის "ერგედე"-ს ხელყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი „აკაეს" - ის ვაზნა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საბრძოლო მასალის, რომელიც სომხური დასახლებებიდან ბოლო დროს სამართალდამცებმა ამოიღეს.

”ორი-სამი ფაქტი არაფერია, ეს არ არის სერიოზული ღონისძიებები. აქ ხომ მთელი საბრძოლო არსენალი არ ყოფილა“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" ვაჟა ჩიტაშვილი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებამდე 5 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის თანამდებობა ეკავა.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი კი აღნიშნული რაოდენობის საბრძოლო ტექნიკის მოქალაქეთა ხელში განუკითხავად ქონას, მით უფრო ფეთქებადსაშიშ რეგიონში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ განიხილავს: „იცოდა თუ არა ყოფილმა ხელისუფლებამ ამის შესახებ, არ ვიცი, მაგრამ, თუ იცოდა, ეს კანონის ენაზე დანაშაულია და ადამიანურად ამაზრზენი. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემდეგ დიდი ალბათობა იყო იმის, რომ მორიგი ავანტიურა ჯავახეთში განხორციელებულიყო“.

სამარჯიშვილს უჭირს დაიჯეროს ის, რომ აღნიშნულის შესახებ ყოფილმა ხელისუფლებამ არ იცოდა: „საქებარი პოლიცია ჩამოყალიბდა, რაღაცეებისთვის რომ არ გადაეჭარბებინათ. სწორედ ამ პოლიციისა და იმ სამართალდამცავების პერიოდში, როდესაც ყველა ადამიანზე ყველაფერი იცოდნენ, ეს რატომ არ იცოდნენ?! ან თუ იცოდა, ვინ იცოდა და თუ იცოდა, რატომ არ მოჰყვა ამას შესაბამისი რეაგირება?!“

ჯავახეთში დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის არსებობა რომ არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ახალი ამბავი არაა, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც საუბრობს: „აქ ნაღმი დიდი ხნის ჩადებულია. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, უცხოელ დამკვირვებელს გავაყოლეთ ჯავახეთში ჩვენი თანამშრომელი და ადგილობრივებმა თავად აჩვენეს მას საკუთარ ავტოფარეხებში დასაწყობებული იარაღი, მათ შორის იყო „ბეტეერებიც“.

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამაზე თვალის დახუჭვა, ეს იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილი: „რეგიონში, სადაც მძლეთამძლე შინაგან საქმეთა მინისტრი ბუდობდა ბავშვობიდან დღემდე, რომელსაც ქვეყნის უშიშროების საკითხებიც ებარა, ან აბსოლიტურად შეუფერებელი იყო საკუთარი თანამდებობისთვის, ან ჰქონდა მიზეზი პირში წყალი დაეგუბებინა“.

მისი თქმით, ის, რომ დღეს დაიწყო ამაზე საუბარი, მიუთითებს მხოლოდ ერთზე, ახალი ხელისუფლების არცერთი მაღალჩინოსანი არ არის გასვრილი რაიმე ტიპის უკანონო კონტაქტებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ასეთი რაოდენობით იარაღი აქვთ შენახული: „ყოფილმა ხელისულფებამ აუტკივარი თავი არ აიტკივა. მან სირაქლემას პოზიცია დაიჭირა, როდესაც საფრთხე თვალსაჩინო იყო და არ მიიღო ზომები განიარაღებისთვის“.

ჩიტაშვილი კი აცხადებს, რომ ყოფლი ხელისუფლების პერიოდში არა ერთხელ მომხდარა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ამოღება სომხური დასახლებებიდან: „არაფერად არ მიმჩნია ეს გამოვლენილი ფაქტები. ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ვერ ვიტყვი, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამბედავი და უშიშარი ნაბიჯი გადადგა. სწორედ წინა ხელისულფების პერიოდში მოხდა, რომ ჯავახეთში იურისდიქცია აღდგა, თორემ ის მხარე მოწყვეტილი იყო საქართველოს“.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ იარაღი ბევრ ეთნიკურ ქართველსაც აქვს და ეთნიკურ სომეხსაც, ამიტომ არ შეიძლება ამას ნაციონალური ელფერი მივცეთ და ვთქვათ, რომ ეთნიკური სომხები შეიარაღებულები არიან და ქართველები განიარაღებულები: „იარაღის ქონა მამაკაცურად ითვლება, როგორც ქალბატონები პარფიუმერიას ყიდულობენ, ისე აქვთ მამაკაცებსაც იარაღი“.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ახლადდანიშნული პროკურორი გიორგი პაპუაშვილი ბოლო დროს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით არ საუბრობს: „ლაპარაკი მხოლოდ იმ ფაქტების შესახებ შემიძლია, რაც მოხდა. ეს ფაქტები კი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია”.

რისთვის ინახავდნენ ჯავახეთში იარაღს და საიდან გაჩნდა რეგიონში ამდენი ოდენობის საბრძოლო ტექნიკა, გამოძიება დაადგენს. დამალაში დაკავებული ორი ბრალდებულიდან კი ერთმა თქვა, რომ იარაღი გარდაცვლილმა მამამ დაუტოვა, მეორემ იარაღი ტყეში იპოვა და ქოხში დამალა. ბრალდებულების ადვოკატის გიორგი ჯვარიძის თქმით, გამოძიება ბრალდებულებს მეტს აღარ ჩაძიებია.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო წახალისებული რუსული სამხედრო ბაზების ხელმძღვანელობისგანაც, რადგან მათ სურდათ იარაღი ყოფილიყო მოსახლეობის ხელში, ასე რუსეთის ინტერესები ჯავახეთში დაცული იქნებოდა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში სომხები და ქართველები სამაგალითოდ თანაცხოვრობენ. მას ეთნახმება სამარჯიშვილიც, თუმცა შიშობს, რომ ამის დანგრევა შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გარეშე ძალები ჩაერევიან.

„ნინოწმინდაში იარაღი საკუთარი ნებით ჩააბარეს. ეს კი ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების სურვილზე მიუთითებს“, - ამბობს სამარჯიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
ახალქალაქში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს