FM97.5 / LIVE

სერგეი ბაბოიანი: ‘სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს’

მთავარისამართალი 17.12.2014
სერგეი ბაბოიანი, რომელიც მკვლელობაში იყო ბრალდებული და ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

სერგეი ბაბოიანი: ‘სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს’

საჯარო მოხელესთან ერთად, 80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში ყოფილი ბრალდებული სერგეი ბაბოიანი აცხადებს, რომ იგი სამართალდამცავებმა დაკავების დღეს, 16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სცემეს. ამ დღეს სამართალდამცავები მკვლელის მიგნებას ცდილობდნენ.

„დომინოს ვთამაშობდი სოფელში რომ მითხრეს, პოლიცია გეძახისო. მივედი ჩავჯექი მანქანაში და საავადმყოფოსთან რომ სამმართველოა, იქ წამიყვანეს. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა“, - იხსენებს ბაბოიანი.

მას ზუსტად არ ახსოვს რომელ სართულზე აიყვანეს: „მეორე იყო თუ მესამე სართული, ხელმარცხნივ შემიყვანეს. იქ მარცხნივ პატარა ოთახი იყო, მარჯვნივ დიდი. დიდ ოთახში მაგიდაზე ბოთლებით წყალი ეწყო“.

აქ ბაბოიანი დასაკითხად შეიყვანეს. როგორც თავად ამბობს, ოთახში ძირითადად სამი პირი იყო, სხვები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, პოლიციის ფორმა არცერთ მათგანს ეცვა.

„ცემა დამიწყეს, ჯერ სახეზე და მერე გულმკერდზე ფეხსაცმლის ქუსლი მირტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. სახეზე სისხლი მდიოდა. მერე თავზე წყალი დამასხეს, რომ მოვსულიერებულიყავი“, - ამბობს ბაბოიანი.

მისი თქმით, ამის შემდეგ იგი იატაკზე პირქვე დააწვინეს, ხელები გააშლევინეს და თითებზე ფეხებით შედგნენ: „მეუბნებოდნენ აღიარეო. რა უნდა ვაღიარო, არაფერი ვიცი–მეთქი. მაშინ ის თქვი, ვინ მოკლაო. ვეუბნებოდი, არც ეგ ვიცი ვისი გაკეთებულია–მეთქი“.

ამის შემდეგ ბაბოიანი საპირფარეშოში გაიყვანეს და პირიდან სისხლი მოაბანინეს, თუმცა, მისი თქმით, მასზე ძალადობა ამით არ დასრულებულა: „მუხლებზე დამაყენეს, ხელებიც დადეო მითხრეს, მერე მითხრეს იარეო, ვიარე ეგრე, მერე მითხრეს: იყეფეო, დავიყეფე. ოთხზე დავდექი, მუხლებზე და ხელებზე, დავდიოდი და თან ვყეფდი. მაგიდაზე ცარიელი ნახევარლიტრიანი ბოთლი იდო, ჩააგდეს ძირზე ერთი ხუთჯერ და აიღეო მითხრეს. ხელით დავწვდი რომ ამეღო, ხელებით არა, პირითო. იმის ნებაც არ მომცეს ხელებით „პოლს“ დავყრდნობოდი და ისე ამეღო. მუხლებით იყავი და პირით ისე აიღეო. მერე ერთმა თქვა, სირცხვილია ბიჭო რას აკეთებ, მამაშენის ტოლიაო და ამის შემდეგ ასეთი რაღაცა აღარ გამიკეთეს“.

ბაბოიანის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 16 თებერვალს დააკავეს, თუმცა, დაკავება 17 თებერვალს გააფორმეს. თუმცა, ვიდრე ბაბოიანის, როგორც მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, მისი ცემის ფაქტზე გამოძიება მანამდე დაიწყეს. გამოძიება რომ მიმდინარეობს, ეს „სამხრეთის კარიბჭეს“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ადვოკატის განმარტებით, საქმეში დევს როგორც ბრალდების მხარის, ასევე, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ბარძიმაძის განცხადებით, დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც დოკუმენტების მიხედვით ჩატარდა, წერია, რომ დაზიანებები მიღებული აქვს იმ პერიოდში, როცა ის პოლიციაში იყო: „რადგან ბაბოიანს დაზიანებები ჰქონდა, იგი იზოლატორმა შემოწმების გარეშე არ მიიღო. ამიტომ დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი სად რა ფორმის და ხარისხის დაზიანება მიიღო“.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბაბოიანისთვის მიყენებული დაზიანებები მკვლელობის დღეს (8 თებერვალს) ემთხვევა, და არა იმ პერიოდს, როცა ის დააკავეს.

„ბაბოიანმა დეტალურად აღწერა იმ პოლიციალების გარეგნობა, ვინც სცემა. თმის ფერი, და ა.შ. ამოცნობა ჯერ არ ჩატარებულა, გამოძიება გრძელდება. ჯერ ჩვენც ვერ ვაქტიურობთ, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გულის ოპერაცია უნდა გაიკეთოს და დაკითხვებზე სიარულის თავი არ აქვს“, - ამბობს ბარძიმაძე და ამატებს, რომ ამ საქმის გამოძიება არ გვიანდება, რადგან მას ხანდაზმულობა 15 წელი აქვს.

საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა სსკ-ის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამართალდამცავების მხრიდან უფლება-მოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბარძიმაძე ამბობს, ეს არაადამიანური მოპყრობაა და არა უფლებამოსილების გადამეტება.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, დანაშაულის ჩამდენები ხელმძღვანელი პირები არიან: „თანამდებობის პირები თითქმის არასდროს მინახავს პოლიციის ფორმაში, ყოველთვის სამოქალაქო ფორმით დადიან. თუმცა, ხშირად სამოქალაქო ფორმა შეიძლება რიგით გამომძიებელსაც ეცვას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. „სამხრეთის კარიბჭე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას, იქამდე დაუკავშირდა, ვიდრე „სამხრეთის კარიბჭეს“ ირგვლივ ვითარება დაიძაბებოდა და შსს ურთიერთობის ფორმას დააწესებდა. (მასალის გამოქვეყნებაც ამ ცნობილი მოვლენების გამო დაგვიანდა).

„ცემას ადგილი არ ჰქონია, ასეთი რამ არ ყოფილა, მითუმეტეს კალანდაძე (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი) იქ მაგ დღეს არ ყოფილა“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ათოშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სერგეი ბაბოიანი  მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
რას პასუხობენ შსს-ში სამხარეო სამმართველოს უფროსის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს
თეიმურაზ კალანდაძე შსს–დან გაათავისუფლეს