
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები 2020 წლის 26 ივნისს შევიდა.
ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს მომდევნო უფრო მაღალი სტატუსი უნდა მიენიჭოს. მასწავლებლისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება ხდება დადგენილებაში განსაზღვრული წესის მიხედვით.
- უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.
- წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:
ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;
ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
3. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.
4. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
5. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.
- მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;
- გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
- სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
3. მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.
[თაკო ფეიქრიშვილი]