
მინისტრს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობს "ბორჯომის მერის მექრთამეობასთან დაკავშირებით და სხვა მერებთანაც ხომ არ არის იგივე პრობლემა".
„ბორჯომის მერის გარდა დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარეც. ეს არის დასტური იმისა, რომ არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი თანამდებობა თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის დაცვა იმ სამართალდარღვევებისგან, არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. ეს არის ჩვენი გუნდის დამოკიდებულება და სწორედ ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოხდა ამ ორი ადამიანის დაკავება, როგორც საჯარო მოხელეების ასევე ბიზნესის წარმომადგენლების დაკავება, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ სამართალდარღვევაში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც არსებობს, ამიტომ დროული რეაგირებაა საჭირო: „ჩვენ გვქონდა სამწუხარო პრაქტიკა უკვე ასეთი, მსგავსი ტიპის დაკავებებისა სხვა რეგიონებშიც და ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა კორუფციის პრევენციაა პირველ რიგში, მაგრამ შემდგომში რეაგირება იმ ფაქტებზე, თუ ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი
28 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.
ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. მათ აღკვეთი ღონისძიებად
პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ლევან ლიპარტიას და გიორგი გოგიჩაიშვილს ბორჯომის საკრებულომ უფლებამოსილება
უკვე შეუწყვიტა.
[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]