FM97.5 / LIVE

ოქროსხელება გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2019
ახალციხის პატარა სოფელში ათი გოგო ხალხური რეწვითაა გატაცებული. ჩეჩავენ მატყლს, ღებავენ ძაფებს, აკეთებენ ფთილებს და ქსოვენ ხალიჩებს ტრადიციული მესხური ორნამენტებით. ხელსაქმე მათ მარო ბაბომ ასწავლა.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

მუსხის სკოლა-მუზეუმი სოფლის ცენტრისგან მოშორებით ერთსართულიან შენობაშია. სკოლა-მუზეუმი იმიტომ, რომ შენობაში, რომელსაც მხოლოდ შუა ნაწილი აქვს გარემონტებული, ერთადაა მესხური ტრადიციული ქსოვის შემსწავლელი სკოლა და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმი.

შენობას პატარა ეზო აქვს. ლამაზად დაგებული ქვაფენილის გასწვრივ გაზაფხულის ყვავილებია ამოსული, ეზოს კუთხეებში ველური ვარდი აცოცებია შენობას, ზღურბლთან მესხური ძველი სამეურნეო იარაღები აწყვია, კარის ორივე მხარეს კი ურმის თვლები მიუყუდებიათ.
გაზაფხულის მიწურულს აქ ღუმელს მაინც ანთებენ, რადგან სკოლაში დილაობით ცივა.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

შენობაში ექვსი ოთახია, აქედან ერთში, მთავარ ოთახში სწავლობენ და ხელსაქმეობენ. დანარჩენებში ძველი მესხური სამეურნეო, მუსიკალური თუ სხვადასხვა დანიშნულების ნივთებია განთავსებული. სკოლა-მუზეუმში ერთი ოთახი სპეციალურად იმ მცენარეების ფოთლებისა და ფესვებისთვისაა გამოყოფილი, რომლებსაც ძაფების შესაღებად იყენებენ.

ენდრო, ხახვის ფუჩეჩი, თხილის ხმელი ფოთლები, კაკლის წენგო, მუხის ქერქი, კოწახურის ფესვები, ყაყაჩო, სოსანი, ანწლი - ამ და სხვა მცენარეების ფესვებითა თუ ნაყოფით აძლევენ ბუნებრივ შეფერილობას ძაფებს, რომლებსაც შემდგომ ხალიჩებისა და ფარდაგების საქსოვად იყენებენ. ძაფებს თითქმის ყველა სეზონზე ღებავენ.

თექისაგან გაკეთებული სააღდგომო კვერცხები, კალათები, პატარა ნაქსოვი ბალიშები, ბავშვის ფაჩუჩები, წინდები, მორთული თოჯინები, ჩანთები, მაგიდის გადასაფარებელი, ყაისნაღით მოქსოვილი სამშვენისები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სკოლა–მუზეუმის გოგონები ქმნიან.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

სკოლამ უკვე რამდენიმე ათეულ მოსწავლეს შეასწავლა ძველი მესხური ტრადიციებით ქსოვა, დართვა, მატყლის ჩეჩვა, ძაფების ბუნებრივი საღებავებით შეღებვა და მესხურ ქსოვასთან დაკავშირებული სხვა ტრადიციები.

მარიამ მელიქიძე 12 წლისაა, მესხური ტრადიციული ქსოვა მესამე კლასიდან დაიწყო. სკოლა–მუზეუმში მარო ბაბომ მას და მის მეგობრებს ასწავლა მატყლის ჩეჩვა, ფთილების გაკეთება, ბუნებრივი საღებავებით ძაფების შეღებვა, თითისტარზე დართვა, ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა.

მარიამის პირველი ნახელავი თექის პატარა ჩანთა იყო. ორი დღე მოანდომა. მისმა ნამუშევარმა მუზეუმში დაიდო ბინა. ნამუშევრების მუზეუმში გამოსაფენად დატოვება სკოლის ტრადიციაა.

„პირველი ჩანთა მალევე დავასრულე, რადგან ძალიან პატარა იყო და თან ძალიან ადვილია თექაზე მუშაობა“, - გვიყვება მარიამი და ამატებს, რომ თექით სუვენირების დამზადება ჰობად ექცა. მეგობრებსა და კლასელებსაც სიამოვნებით ასწავლის. საჩეჩელზე პატარა ფთილებს ამზადებს, შემდეგ ღებავს, აბრტყელებს და მისგან სხვადასხვა ფორმის პატარა სუვენირებს კერავს.

ხალიჩის ქსოვას ერიდება. შრომატევადი საქმეა და ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის.



სუვენირის გასაკეთებლად დაახლოებით ერთ კვირამდე სჭირდება, თუ მარტივი საქმეა ორ დღეშიც ამთავრებს. თექისა თუ ხალიჩის ქსოვაში ძირითადად მწვანე ფერს, იყენებს. ძაფს კი მარო ბაბოსთან ერთად ღებავს. ფიქრობს, რომ ვიდრე დამოუკიდებლად შეღებავს, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს.

ამ საქმის პროფესიად არჩევას არ აპირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქსოვას და თექაზე მუშაობას მომავალშიც არ დაივიწყებს.

მარიამ გვირჯიშვილი მეორე კლასიდან ქსოვს. საქმისადმი ინტერესი უფროსკლასელმა გოგოებმა გაუჩინეს, მას შემდეგ კი მარო ბაბოსთან დაიწყო სიარული. მეორე კლასელს უჭირდა ქსოვა, – „თითებსაც კარგად ვერ ვფლობდი, ცუდად ვქსოვდი, მაგრამ მარო ბაბოს წყალობით დავხვეწე“.

მარიამმა პირველად ხურჯინი მოქსოვა. რადგან რთულ საქმეს შეეჭიდა მასწავლებელიც ეხმარებოდა. იხსენებს, რომ ნახევარი მან, ნახევარი კი მარო ბაბომ მოქსოვა. ხურჯინის მოქსოვას ბევრი შრომა და სამი თვე დასჭირდა.



„ოქროსხელება“ მისი მეტსახელია, ასე დაასაჩუქრა მარო ბაბომ მისი შრომისმოყვარეობა და მონდომება.

„მინდა რომ თავისუფალ დროს ეს საქმე ვაკეთო და სხვებსაც ვასწავლო“, - გვეუბნება მარიამი. სურს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მარო ბაბომ მას გადასცა სხვებსაც გაუზიაროს, მაგრამ წუხს, რომ მისი სოფლის გარეთ დაინტერესება ნაკლებია.

ძირითადად დაზგაზე მუშაობს, ძაფის დართვაც ეხერხება და ხშირად თექის სუვენირებსაც ამზადებს. სკოლის შემდეგ, შინაც ქსოვს. ქსოვისას ყველა მესხურ ორნამენტს არ იყენებს, ცდილობს, თავად დახაზოს და საკუთარი ფანტაზიით შექმნას ახალი.
თექასა და ხალიჩებში ძირითადად ლურჯი, იასამნისფერი და ყვითელი მოსწონს, თვალში ადვილად მოსახვედრია და პოზიტიურ განწყობასაც მარტივად უქმნის.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

სკოლა–მუზეუმის ყველაზე პატარა მოსწავლე მარიამ ოქრომელიძე 10 წლისაა. ქსოვა და ხელსაქმის სწავლა მესამე კლასიდან დაიწყო. ახლა ხალიჩის ქსოვას სწავლობს, მანამდე კი თექის პატარ–პატარა სუვენირებსა და ნივთებსაც ამზადებდა.

თექაზე მუშაობისას გატაცებული იყო ჩანთების ქსოვით. ხშირად მის მოქსოვილ ჩანთებს სხვებს ჩუქნიდა. როცა ძაფის დართვა ისწავლა, ხალიჩის პატარა ჩანთების კეთებაც დაიწყო. ჩანთებს ჯვრის, ყაყაჩოს, ვარდის, მზის და სხვა ორნამენტით აფორმებს.



როგორც მარიამი ამბობს ხალიჩის ქსოვაში ყველაზე ძნელი „გადაადგილებაა“, რადგან წინასწარ უნდა წარმოიდგინო თუ როგორი ფორმა ექნება ორნამენტს. თავიდან შეცდომებსაც უშვებდა, ახლა კი, როცა ნახაზის დახაზვაც კარგად ისწავლა, ორნამენტსაც იოლად ქსოვს.

მარო ჟუჟუნაძეს მუსხში ყველა იცნობს. მარო ბაბოს ინიციატივით სოფელში 2012 წელს მისივე სახელობის სკოლა–მუზეუმი გაიხსნა, სადაც ძველი ეთნოგრაფიული ნიმუშებია გამოფენილი, პარალელურად კი ახალგაზრდებს საქსოვ დაზგაზე ქსოვას ასწავლის. მარიამ ჟუჟუნაძეს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის „ცოცხალი საუნჯის“ წოდება 2017 წელს მიენიჭა.

სკოლა–მუზეუმის შენობაში ადრე საბავშვო ბაღი იყო. სკოლის სულისჩამდგმელი მარო ბაბო თავდაპირველად ბავშვებს სოფლის კლუბში, ბიბლიოთეკაში, ხანაც საკუთარ სახლში უსასყიდლოდ ასწავლიდა მესხური ტრადიციებით ქსოვასა და ხელსაქმეს. ამბობს, რომ წინაპრებისაგან გადმოცემული ხელოვნება არ უნდა დაიკარგოს და სწავლებაც ამას ემსახურება.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]
მარო ბაბო

მარო ბაბო მოსწავლეებს მატყლის ჩეჩვას, დართვასა და ქსოვას 1970-იანი წლებიდან ასწავლის. 87 წლისას კი ერთი სურვილი აქვს - გააკეთოს მესხური ოდა, დარბაზი და კარაპანი, როგორშიც ცხოვრობდა.

მარო ბაბოს ორი მარჯვენა ხელი ჰყავს. მის არყოფნაში სკოლას შორენა ქურდაძე და ირინა ჯვარიძე – სკოლა–მუზეუმის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

მესხური ორნამენტების მოძიება და ხაზვა მასწავლებლებმა საკუთარ თავზე აიღეს. სოფლის ოჯახებში შემორჩენილი ძველი მესხური ხალიჩების მიხედვით ნახაზებს ადგენენ და შემდეგ „ქსოვაში გამოჰყავთ“.



მუსხის სკოლა–მუზეუმი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. აქ როგორც ტურისტებს, ისე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს მუსხელი ბავშვების მიერ შექმნილი ხალიჩები და ნივთები.

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

ოქროსხელება  გოგოები მუსხიდან [ფოტო/ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში [Photo/Video]
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]
დღის ფოტო: 'მარო ბაბოს' მოსწავლეები [Photo]
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა
მუსხის სკოლა–მუზეუმის გამოფენა ვაკის პარკში
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' ტრადიციული რეწვის კონკურსში მეორე ადგილი მიენიჭა
საყოფაცხოვრებო ნივთები ძველი მესხეთიდან – მუზეუმი ადიგენში [Video]