FM97.5 / LIVE

აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება

მთავარიეკონომიკა 21.05.2012
აბასთუმანში საკურორტო სეზონი იწყება. რა პირობებია კურორტზე და რატომ იგვიანებენ დამსვენებლები

აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება

წვიმიანი ამიდნების გამო აბასთუმანში დამტვერვა ჯერ არ დაწყებულა. აბასთუმნელები დამსვენებლებს ელოდებიან, დამსვენებლები კი ამინდების გამოსვლას.

ამ ეტაპზე სასტუმროების უმეტესობა თავისუფალია. მათი მეპატრონეები დამსვენებლის მისაღებად უკვე ემზადებიან. ქირავდება კერძო სახლებიც. ბინების ფასი 10-დან 80 ლარამდე მერყეობს, რაც საცხოვრებელ პირობებზეა დამოკიდებული.

სასტუმრო “ივერიაში” 23 ნომერია. ერთი ღამის გათენება ერთი ადამიანისთვის კვების გარეშე 15-დან 25 ლარამდე ღირს. სამჯერადი კვება კი დამატებითი 25 ლარია. “ივერიას” სტუმრები ჯერ არ მიუღია, სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზამთარში შენობის გათბობას ვერ ახერხებენ და ამიტომ მხოლოდ სეზონურად მუშაობენ.

სასტუმრო “აბასთუმანი”, რომელიც 35 კაცზეა გათვლილი, დამსვენებელს კარგ პირობებს ვერ სთავაზობს, ამიტომ აქ ერთი ღამის გათენება ექვსი ლარი ღირს. სასტუმროს თანამშრომელი თინა ნათელაშვილი ამბობს, რომ პირობების მიუხედავად კლიენტები მაინც ჰყავთ.

დამსვენებლები კარგი ჰაერის გარდა, კარგ საცხოვრებელ პრიობებს და სუფთა გარემოსაც აქცევენ ყურადღებას. ჰასმიკ მირზოიანი ოჯახთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა. აბასთუმანში გასულ წლის აგვისტოშიც ისვენებდა, თუმცა წელს დამტვერვის პერიოდში ამჯობინა ჩამოსვლა. ამბობს, რომ უმჯობესია კურორტში უკეთესი პირობები იყოს: “ბუნება და ჰაერი არაჩვეულებრივია, მაგრამ პირობები არ არის. ტყე დაბინძურებულია, ყველგან ნაგავი ყრია. როგორც ამბობენ მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, მიხედვა უნდა, დამსვენებელი კმაყოფილი რომ იყოს და კიდევ ჩამოვიდეს”.

ზუგდიდელი მედეა გვარჯალია, რომელიც აბასთუმანში ერთი კვირაა ისვენებს, ამბობს, რომ კურორტში არც კაფეები, მაღაზიები და გასართობი ადგილებია, რაც დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის.

აბასთუმნის ბაზარი კვირაში სამი დღე მუშაობს და სოფლის პროდუქტი იყიდება. გამყიდველები მეზობელი სოფლებიდან მოდიან და ძირითადად ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს ყიდიან. ბაზარში დახლები ბოლომდე არასდროს ივსება, კლიენტებიც ბევრი არ ჰყავთ. აქაურები ამბობენ, რომ დღეში მაქსიმუმ 10-12 კლიენტი შემოდის. მყიდველთა რაოდენობაც სეზონურია და ზაფხულში ყველაზე მეტი კლიენტი ჰყავთ. ბაზარში დახლის დღიური გადასახადი ერთი ლარია, ხოლო ზაფხულში ამ თანხას 50 თეთრი ემატება.

მანანა ნატრიაშვილისთვის, რომელიც სოფელ ვარხანში ცხოვრობს, აბასთუმნის ბაზარში ნავაჭრი ფული ოჯახის ძირითადი შემოსავალია. სოფლიდან სამარშუტო ტაქსით დადის და “ბაზრის დღეებში” საშუალოდ რვა ლარამდე ვაჭრობს.

გამყიდველები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა აბასთუმანში ბევრი დამსვენებელი ჩამოდიოდა და შესაბამისად კლიენტიც ბევრი ჰყავდათ. მათი თქმით, დამსვენებლების რაოდენობა ყოველ წელს კლებულობს.

აბასთუმნელებს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმიანი ამინდების დროს ონკანში ჭუჭყიანი წყალი მოდის და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნებათ.

- “სასმელი წყალი მოდის, მაგრამ ონკანს რომ მოუშვებ სილა მოყვება”, - ამბობს აბასთუმნელი ვანდა ზინზიბაძე.

აბასთუმანში არც ადგილობრივი ტრანსპორტია, რომელიც კურორტის სხვადასხვა დასახლებების მოსახლეობას მოემსახურება. “აღობილი”, “ზეკარი”, “არაზინდო” და ობსერვატორია აბასთუმნის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა.

- “აღობილიდან ცენტრამდე ხუთი კილომეტრია, სკოლამდე რვა, ბავშვები ამხელა გზას ყოველღე ფეხით გადიან. ზამთარში წელამდე თოვლია და ზოგჯერ არც იწმინდება. ობსერვატორიამდე საბაგირო გზით ავდივართ და იქიდან კიდევ რამდენიმე კილომეტრზე ჩამოსვლა გვიხდება სახლამდე რომ მივიდეთ”, - ამბობს მაყვალა ფარცახაშვილი, რომელიც “აღობილში” ცხოვრობს.

ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი სეზონურად ბინების გაქირავებაა. აქაურები იხსენებენ, რომ ადრე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სანატორიუმებში იყო დასაქმებული, ახლა კი თითქმის ყველა უმუშევარია.

აბასთუმნის მკვიდრი თინა ნათელაშვილი ამბობს, რომ ადრე აბასთუმანში ცხრა სამკურნალო სანატორიუმი ფუნქციონირებდა, სადაც დამსვენებლები და ავადმყოფები საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მოდიოდნენ. მისი თქმით, აქ ტუბერკულიოზით დაავადებული ბევრი ადამიანი განიკურნა.
ახლა კი მხოლოდ აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო შემორჩა: “საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზაფხულში ორი ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა. სანატორიუმ “ვარძიაში” ისვენებდა ლადო ასათიანი. ერთი წელი მკურნალობდა, მაგრამ ვერ განიკურნა. 30-იან წლებში აქ ზაქარია ფალიაშვილი ისვენებდა, ოპერა “დაისი” სწორედ აბასთუმანში ყოფნის დროს დაწერა”.

კურორტში შენობების უმეტესობა ავარიულ მდგომარეობაშია. გერმანული არქიტექტურით აშენებული შენობების აღდგენა-რესტავრაციას აბასთუმნელები უკვე წლებია ელოდებიან. მას შემდეგ რაც კურორტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა, აბასთუმნელებს იმედი გაუჩნდათ, რომ მალე აქაურობასაც მიხედავენ.

ადგილობრივებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი უნდა გახდეს. მისი თქმით, ისტორიულმა შენობებმა დაკარგული იერსახე და ფუნქცია უნდა აღიდგინოს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს.

აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს და 2015 წლამდე დასრულდეს. პირვანდელი სახით უნდა აღდგეს მე-19 საუკუნის შენობები და ძველი სანატორიუმები.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა დამსვენებლებს მოიზიდავს და შემოსავლის წყაროც გაუჩნდებათ.



[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
აბასთუმნელები კურორტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ
პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია
შეწყვეტილი რეაბილიტაცია თუ ფუჭი დაპირება [Photo]