19.10.2020 - საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფებს, სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. მათ გადასატან ყუთს სპეციალური კომისიის წევრები მიუტანენ.
28.09.2020 - დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში COVID-19–ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 32–მდე გაიზარდა.
24.09.2020 - საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სამცხე–ჯავახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში, 143 795 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
24.09.2020 - პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ოფიციალურად დასახელდნენ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომისა და ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები.
11.09.2020 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და მათი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ. მეწარმე დეპუტატებს შორის არიან სამცხე–ჯავახეთის ორივე ოლქის კანდიდატი. მათგან ერთი მოქმედი დეპუტატია, რომელიც TI-ის ცნობით, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
08.09.2020 - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით მასობრივად გაათავისუფლეს.
08.09.2020 - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი გამოვლინდა.
07.09.2020 - ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქეთევან ობოლაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილია, კომისიის მეექვსე წევრად ყოფნის უფლება აქვს. მისივე თქმით, ამით ობოლაშვილი კანონს არ არღვევს, შესაბამისად, საოლქო მას არ ჩაანაცვლებს.
07.09.2020 - ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა „ქართულ ოცნებას“ აგვისტოში ჯამში 76 000 ლარი გადაურიცხეს.
07.09.2020 - ააიპ ახალციხის ციხის დირექტორს, დავით ტაბატაძეს პირადი ფეისბუკის გვერდზე გარეკანის ფოტოდ „ქართული ოცნების“ ბანერი ჰქონდა განთავსებული. იურისტების განცხადებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და საკითხით ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს.
07.09.2020 - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ასე სამართლიანობა და ობიექტურობა ირღვევა, ამიტომ ცესკომ ობოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა წევრით.

07.09.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკვე მიღებულ განკარგულებაში, რომელიც საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის გამოყოფილ ადგილებს შეეხება, ცვლილებები შეიტანა. სიიდან ამოვარდა 10 სოფელში გამოყოფილი 12 ადგილი და დაემატა ორ სოფელში კიდევ ორი ადგილი.
07.09.2020 - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები წარადგენენ, - ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
03.09.2020 - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მატერიალური სახით 2- 3 სექტემბერს მიიღება.
02.09.2020 - ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ შენობებში შესვლისა და გამოსვლის, ასევე ყოფნისა და გადაადგილების რეგულაციები განსაზღვრა. ცესკოს დადგენილება კენჭისყრის დღეს არ შეეხება.
01.09.2020 - გასული წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში ახალი პოლიტიკური ძალები და საარჩევნო სუბიექტები გამოჩნდნენ. არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, რეგიონის ორ ოლქში ამ ეტაპზე ექვსი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა. მათმა ნაწილმა აქტიური კამპანია უკვე დაიწყო, ნაწილი კი საარჩევნო ნომრის მინიჭების მოლოდინშია.
01.09.2020 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის ადგილები განსაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს პლაკატების და ბანერების გაკვრა შეეძლებათ.
31.08.2020 - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
28.08.2020 - ახალციხის საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის 47 დასახლებაში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეეძლებათ.
25.08.2020 - პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაცია დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია. ამით პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.