FM97.5 / LIVE

დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ახალციხის ციხის დირექტორმა

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 07.09.2020
ააიპ ახალციხის ციხის დირექტორს, დავით ტაბატაძეს პირადი ფეისბუკის გვერდზე გარეკანის ფოტოდ „ქართული ოცნების“ ბანერი ჰქონდა განთავსებული. იურისტების განცხადებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და საკითხით ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს.

დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ახალციხის ციხის დირექტორმა

წინასაარჩევნო პერიოდი პირველ სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო. ორ სექტებერს დავით ტაბატაძეს, გარეკანის ფოტოდ „ქართული ოცნების“ ბანერი ეყენა, თუმცა მას შემდეგ რაც ამ საკითხით “სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, ფოტო შეცვალა.

„აღარ მახსოვდა ეგ ფოტო, მანამდე მთავარ ფოტოზეც ოცნების ლოგო მეყენა და ის შევცვალე, ეს დამავიწყდა ეტყობა, მადლობა რომ მითხარით შევცვლი“, - გვითხრა ტაბატაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი დარღვევას წარმოადგენს და პირი უნდა დაჯარიმდეს.

„საარჩევნო კოდექსში ივლისში შევიდა ცვლილება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება შეეზღუდა საჯარო სამსახურებსაც, გაფართოვდა ეს წრე და დაემატა მუნიციპალური სახელმწიფო ააიპ–ების თანამშრომლები. ფეისბუკის პოსტი ან სურათის ატვირთვა, რომელიც შეიცავს აგიტაციის ნიშნებს, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივ აგიტაციად, ამ შემთხვევაში ააიპ–ის ხელმძღვანელის მხრიდან ეს ქმედება დარღვევაა“,- ამბობს ჩიხლაძე.

დავით ტაბატაძე 2 სექტემბერს სოფელ ხეოთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ადგილობრივებთან შეხვედრასაც ესწრებოდა.

ამასთან დაკავშირებით ტაბატაძემ ჯერ გვითხრა, რომ მივლინებაში იმყოფებოდა, შემდეგ განაცხადა, რომ ერთდღიანი შვებულება აიღო.

ამავე დღეს ახალციხის ციხეზე მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ციხის თანამშრომელმა განუცხადა, რომ „დავით ტაბატაძე შვებულებაში არ იყო, დილით სამსახურში იმყოფებოდა და რამდენიმე საათის წინ გავიდა“.

ახალციხის N37 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, თეა გავაშელის თქმით, აღნიშნული ფაქტის მოკვლევას ისე ვერ დაიწყებს, თუ რომელიმე ორგანიზაციამ არ მიმართა.

„მოკვლევისთვის უნდა მომმართონ, შემდეგ ჩვენ შევისწავლით და იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, ვადგენთ სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც იგზავნება სასამართლოში, რეაგირებას ისინი მოახდენენ“, - ამბობს თეა გავაშელი.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში რთულია დაადგინო თუ ვინ დააყენა მმართველი გუნდის ლოგო კონკრეტული პირის გარეკანის ფოტოდ, რადგან ხშირად ამ ფაქტს ფეისბუკის მფლობელები უარყოფენ: „ჩემს პრაქტიკაში ერთხელ მქონდა მსგავსი შემთხვევა, საიამ მომმართა სამი საჩივრით, საქმე მერიის თანამშრომლებს ეხებოდა. დავიბარეთ, მოკვლევა ჩავატარეთ, ახსნა–განმარტებები დავაწერინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით და თქვეს, ჩვენი ფეისბუკია, მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებიაო, მიზეზად კი დაასახელეს, რომ ფეისბუკი სახლშიც ჰქონდათ გახსნილი და სამსახურშიც და ვინ შეცვლა არ იციან“.

ააიპ–ების თანამშრომლებს და არა მარტო მათ, წინასაარჩევნო აგიტაცია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, კ ქვეპუნქტის მიხედვით ეკრძალებათ.

„საარჩევნო აგიტაცია აკრძალულია: საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, საჯარო სკოლების პედაგოგებისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“, - წერია საარჩევნო კოდექსში.

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია.

დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ახალციხის ციხის დირექტორმა
დავით ტაბატაძე "ქართული ოცნების" კანდიდატის შეხვედრაზე

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ‘ოცნების’ კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ
‘პურმარილი კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოგიგზავნათ’- ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი ახალციხეში
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა