FM97.5 / LIVE

როგორ აფასებენ NGO–ების წარმომადგენლები 2017 წელს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.12.2017
რითი იყო გამორჩეული მიმდინარე წელი, – სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 2017 წელს აფასებენ;

როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა მიმდინარე წელს უფრო უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად.

თითქმის ყველა, განსაკუთრებულ აქცენტს, უარყოფით კონტექსტში, ახალციხისთვის თვითმმართველიქალაქის სტატუსის გაუქმებაზე აკეთებს.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს თვითმმართველობის გაფუჭების წელი იყო. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ვიგრძნობთ რამდენად ცუდად აისახება ეს მუნიციპალიტეტზე. ამ მიმართულებით წელს ნაბიჯი ნამდვილად უკან გადაიდგა“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე.

ასევე, თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამახვილებს ყურადღებას ლარის კურსის ცვალებადობასა და ამ კუთხით ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ცხოვრება გაძვირდა ხალხისთვის. საშუალო ფენა ვისაც ერქვა, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. სხვა კუთხითაც ნაკლებად აქტიური წელი იყო“, – ამბობს „ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის“ დირექოტორი გურამ ჯინჭველაძე.

იგი განსაკუთრებით ცუდად სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს: „მთავრობამაც თქვა, რომ სოფლის მეურნეობაში ზრდა საერთოდ არ არის. სამი პროცენტითაც კი ვერ განვითარდა ეს დარგი მიმდინარე წელს. ვაუჩერების დარიგება შეწყდა და მაშინვე უკან სვლა დაიწყო ამ მიმართულებამ. ეს კი უკეთ მიმდინარე წელს გამოჩნდა“.

სოფლის მეურნეობაში მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას „ახალქალაქის განვითარების ჯგუფის“ თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი. თუმცა, ჯინჭველაძისგან განსხვავებით, იგი არსებულ ვითარებას გვალვიანი ზაფხულით ხსნის: „ამის გამო ვერ მივიღეთ საჭირო რაოდენობის მოსავალი“.

მაცუკატოვი, ჯინჭველაძე და ანდღულაძე ამბობენ, რომ მიმდინარე წელს კარგი მოვლენები ნაკლებად ახსენდებათ. ამ კუთხით სამივე მათგანი მუნიციპალიტეტებში შესრულებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ.

„ვფიქრობ, კარგი იყო ჩვენი რეგიონისთვის ის, რომ გარკვეულწილად, რაღაც დონეზე მაინც, მოხეში კონფლიქტი მოგვარდა“, – ამბობს ჯინჭველაძე.

რეგიონისთვის განსაკუთრებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჯინჭველაძე და მაცუკატოვიც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გახსნას ასახელებენ.
„უკვე პირველმა ტვირთმა გიარა. კარგია ისიც, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა“, – ამბობს მაცუკატოვი.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ამალია სარქისიანი ყურადღებას მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ამახვილებს. მისი თქმით, წლევანდელი არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ ამომრჩეველი ძალიან პასიური იყო: „ამავე არჩევნებზე ცუდი იყო ის, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაგვიუქმდა“.

სარქისიანისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გასულ არჩევნებსა და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას დადებითად აფასებს „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე: „კარგია, რომ ამ არჩევნებზე ქალაქი და სოფელი გაერთიანდა, ეს ჩვენი რაიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“.

მოდებაძის თქმით, მისთვის, როგორც ქალთა უფლებების დამცველისთვის, კარგია ის, რომ მიმდინარე წელს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოხდა, ამის გამო კი ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისთ ჩვენთან არაერთ კანონში ცვლილებები შევიდა: „თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება ის, რომ ფემიციდი ჩვენი კანონმდებლობით აღიარებული არაა, ამ პრობლემას არ ცნობენ. ასევე, არჩევნების შემდეგ თვითმმართველობაში ძალიან ცოტა ქალი დასაქმდა“.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებთ, მოდებაძის პოზიციას არ იზიარებს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე. მისი თქმით, ასევე ცუდია ის, რომ დონორმა ორგანიზაციებმა 2017 წელს დაფინანსებები შეამცირეს: „კარგია ვიზალიბერალიზაციის მიღება და მუნიციპალიტეტებში განხორციელებული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები“.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მხოლოდ დადებით კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი. მისი თქმით, მიმდინარე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტორი იყო, რომ ხელისუფლებამ ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ამ მიმართულებით მუშაობაში აქტიურად ჩაება.

„ახალციხეში ენერგოეფექტურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯების, უფრო კონკრეტულად კი „ახალციხის ციხის“ გარე განათების გადასაღებად მოლდოვადან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. ღამის ახალციხე გადაიღეს და ფილმს ამზადებენ. ჩვენი პრაქტიკის გადაღება უნდათ“, – ამბობს თათეშვილი.

„სამცხე–ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანი, ისევე როგორც ნუგზარ თათეშვილი, მიმდინარე წელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანონში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შესატან ცვლილებებზე დაწყებული საუბარია: „ეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის განსაკუთრებით რთული საკითხია. ასევე, წელს კარგია ის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ. ცუდი კი ისაა, რომ თვითმმართველობებში დასაქმებული ეთნიკური სომხების რაოდენობა ისევ ძალიან მცირეა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ
როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები
'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში
რატომ უწოდებენ  2013 წელს უძრაობის წელიწადს სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე–ჯავახეთის NGO–ები „ოცნების“ სამ წელიწადს აფასებენ
როგორი იყო 2019 წელი პოლიტიკურად - მესამე სექტორის შეფასებები
როგორ აფასებენ  NGO-ები ახალციხეში დეპუტატების გადაწყვეტილებას