
2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველო რიგით მე–8 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს საქართველოს აქვს, ეს არჩევნები ქვეყნისთვის ერთგვარი ტესტი იქნება. როგორ ჩაატარებს ქვეყანა არჩევნებს, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.
„ქუჩაში გამოსული ხალხის და რევოლუციის შედეგად, ხელისუფლებაში ყოველთვის შემთხვევითი ადამიანები მოდიან. მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ცვლილება, ეს არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე ვდგევართ“, – ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე.
ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეა ძირითადი აქცენტები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში, რომელიც 17 ივნისს გამოქვეყნდა.
„სანდო საარჩევნო პროცესი ახალი მთავრობის მიმართ ნდობას გააძლიერებს და დემოკრატიის კონსოლიდაციასა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება აუცილებელი, და შეიძლება საკმარისი წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო გამოწვევებს და წინ წაიწიოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ასევე იქნება გზავნილი მთელი რეგიონისთვის, რომ დემოკრატიული პრინციპები, პრაქტიკა და ინსტიტუტები კვლავ მყარია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზეა დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება; უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით; და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
NDI-ს აზრს იზიარებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან მიშველიძე: „ეს იქნება ტესტი, ჩვენი დემოკრატიულობის განმსაზღვრელი. ცხადია, საგარეო კურსზე აისახება, ევროპული სტრუქტურები და დასავლეთი გვიყურებს. 2012 წლის არჩევნები იყო დემოკრატიის გამოვლინება, უსისხლოდ, ყოველგვარი ძალადობის და რევოლუციის გარეშე ჩანაცვლდა ერთი ძალა მეორეთი“.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ახალციხის მერიის საკრებულოს დეპუტატი შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, დემოკრატიული პროცესები შეფერხდეს: „დემოკრატიის გარეშე ევროპის სახელმწიფოდ თავის წარმოჩენა აბსურდია“.
გოგოლაძეს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს არჩევნები, როგორც დემოკრატიის განმსაზღვრელი, დარღვევებისა და ხარვეზების გარეშე ჩაივლის, თუმცა, მაინც ოპტიმისტია: „დემოკრატიული პროცესები განვითარდება, ხარვეზები იქნება, თუმცა, ეტაპობრივად უკეთესობისკენ წავა“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს ახალი რესპუბლიკის არჩევნების ისტორია 1990 წელს დაიწყო. ამ დროს, როცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, სუვერენული სახელმწიფო, ჩატარდა პარლამენტის პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები.
1990 წლიდან დღემდე 27 არჩევნები გაიმართა: 6 საპრეზიდენტო, 8 საპარლამენტო, 8 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 5 ადგილობრივი თვითმმართველობის. აგრეთვე ჩატარდა 2 რეფერენდუმი და 1 პლებისციტი.
იმავე, 1990 წლიდან დღემდე ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა: ერთხელ სამოქალაქო ომის (ზვიად გამსახურდიას პერიოდი) , ერთხელ ვარდების რევოლუციის (2003 წელი) და ერთხელ არჩევნების, ანუ დემოკრატიის გზით (2012 წლის საპარლამენტო არჩევნები).
პოლიტოლოგების აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანამ უკვე ჩააბარა დემოკრატიის ტესტი და თუ ქვეყანა ამ არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩაატარებს, ეს სერიოზული განაცხადი იქნება.
„ქუჩა ემოციების არენაა, თან ქუჩაში ყველა ვერ გამოვა. თუ ფიზიკურმა დაპირისპირებამ და ქუჩამ სისტემური ხასიათი მიიღო ის უკვე პოლიტიკაზე ახდენს არსებით გავლენას და მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელია. იქამდე სანამ პროცესები მიმდინარეობს წყნარ რეჟიმში, მსოფლიო შეფასებაც დადებითია“, –ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
ახალციხეში მოქმედი ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს სავარაუდოდ კოალიციური პარლამენტი ეყოლება და ესეც დემოკრატიის ნაწილად უნდა იქცეს: „ძლიერი ოპოზიციური პარტიები არის ერთ–ერთი მკვებავი დემოკრატიული პროცესებისა. უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები არ იყო სპონტანური და შემთხვევითი და ჩვენ პოლიტიკურად გავიზარდეთ. ხალხმა გააკეთა არჩევანი, მოტყუვდა თუ არა, ან, არასწორი არჩევანი გააკეთა თუ არა, ეს სხვა თემაა“.
შესაძლოა არჩევნებისა და დემოკრატიის კავშირზე არ უფიქრიათ, მაგრამ, ქვეყანაში რევოლუციების დრო რომ უნდა დამთავრდეს, ამაზე ახალციხის სოფლებში, ე.წ. „ბირჟებზეც“ მოისმენთ.
„ჩვენ არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ რევოლუციები ვატაროთ. არჩევნები რომ ჰქვია, უნდა ჩატარდეს ისე, როგორც საჭიროა“, – გვეუბნება თამაზ გაჩეჩილაძე.
რევოლუცია და არეულობა 21–ე საუკუნის საქართველოს რომ აღარ ეკადრება, ამ არგუმენტით მიდის არჩევნებზე ამირან ქიმერიძე: „ომით რად მინდა ხელისუფლების შეცვლა?! ამ არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესების დემოკრატიულად წარმართვისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების შემდგომი პერიოდია: „8 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და უნდა იყოს აღიარებული, როგორც ლეგიტიმური არჩევნები, რადგან პროცესს ევროკავშირი და ნატო განსაკუთრებით აკვირდება“.
არჩევნების შედეგების აღიარებაზეა საუბარი NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის 17 ივნისის ანგარიშშიც.
„ამ არჩევნების ყველა მონაწილემ უნდა იკისროს ვალდებულება, რომ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პროცესს დემოკრატიულად შეაფასებენ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სოსო ცისკარიშვილი კი არჩევნების შედეგების მიღების შემდგომი პერიოდისა და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევებზეც საუბრობს.
„ყოველი მომდევნო ხელისუფლება, ყველა მიუღებელ ნაბიჯს, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, თავად იყენებს. ჩემთვის ცხადია ერთი პრიმიტიული პოლიტიკური არითმეკიტის ფორმულა : „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვაკლოთ ციხე და ცოცხი უდრის ქართულ ოცნებას“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ გასათვალისწინებელია ჩრდილოელი მეზობლის ფაქტორიც, – „ჩვენი არჩევნები ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს. ამას გარკვეული ზეგავლენა აქვს ხოლმე, უფრო ხშირად ნეგატიური ნიშნით. არ სცალია ამერიკას, რაც უფრო შესაძლებელს ხდის ჩვენი არჩევნები არც თუ სამართლიანი ფორმით ჩატარდეს. დედამიწის ინტერესი იმ დღეებში არის ვაშინგტონი და არა თბილისი. აქვე გავიხსენოთ რუსეთიც, რომლის ამოცანაა მეტი შფოთი იყოს ქვეყანაში. მისი მიზანია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები არ სცნონ ლეგიტიმურად, რაც ჩვენ დაგვაშორებს დასავლეთს და გაუადვილებს რუსეთს საკუთარი რბილი და ხისტი ძალის გამოყენების ეფექტურობას. ეს კი, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ერთი საუკუნით უკან გადასვლა იქნება“.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით