
გოარ სირაქოსიანი წარმოშობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძადანაა. რამდენჯერმე გათხოვდა, თუმცა, ყველა ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. პირადი ცხოვრების მოწესრიგება ბოლოს 15 წლის წინ სცადა. მეუღლესთან 5 წელიწადი გაატარა, შემდეგ 10 წლის განმავლობაში ქმრის სახლში ცხოვრობდა და როგორც ნინოწმინდელები ამბობენ, გარდაცვლილი მეუღლის შვილიშვილებს ზრდიდა. ქმრის შვილი თითქმის სულ ციხეში იყო, ცოლი ადრე გარდაეცვალა და ბავშვები უდედმამოდ იზრდებოდნენ. რამდენიმე ქორწინების მიუხედავად გოარს საკუთარი შვილები არასდროს ჰყოლია.
ბოლო ხუთი თვეა იგი ხან მეზობლებთან ცხოვრობს, ხანაც ქუჩაში. ქმრის შვილიშვილები მას ხან იღებდნენ სახლში, ხან კი ისევ აგდებდნენ. ერთი თვის წინ კი საბოლოოდ გამოაგდეს. გოარ სირაქოსიანს, მისი თქმით, ყავს ძმა, რომელიც ასევე არ უშვებს სახლში, დები კი გარდაეცვალნენ. დახმარებისთვის მან ნინოწმინდის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა.

ახლა უკაცრიელ ხის სახლში ცხოვრობს. უმეტესად ლოგინში წევს, წამოდგომას ცდილობს, თუმცა, მოძრაობა უჭირს. რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია, მაგიდაზე ხელუხლებლად დევს მჟავე პომიდვრებიანი თეფში დევს და კიდევ რაღაც, პაკეტში ჩადებული პურის მსგავსი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის სურენ სანოსიანის თქმით, ისინი გოარ სირაქოსიანს 2–3–ჯერ 100 ლარით დაეხმარნენ, შემდეგ სასტუმროში მოათავსეს, სანამ მისთვის ეს ფარდული არ გამოჩნდა.
„ფარდულის პატრონს ვართანუშ მალხასიანს მოველაპარაკეთ, რომ თვეში 50 ლარს გადავუხდიდით და იგი გოარს მოუვლიდა. შევთანხმდით, რომ ვიდრე მოხუცებულთა თავშესაფარში მიიღებენ, ისინი მოუვლიან. შეშაც მოვუტანეთ და პროდუქტებიც. ყველაფერი საკუთარი ჯიბიდან, ამის კეთება ჩვენი ვალდებულება არ არის, სახლის ქირაობა და მისთვის გადახდა ჩვენს უფლებამოსილებას სცილდება. ეს უბრალოდ ადამიანური თანაგრძნობის გამო გავაკეთეთ. თუ ყველას ერთხელ ვეხმარებით, გოარს წელს უკვე სამჯერ დავეხმარეთ“, – ამბობს სანოსიანი.
იგი მიიჩნევს, რომ გოარის სიცივისა და შიმშილისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება მისი მოხუცებულთა თავშესაფარში გაგზავნაა.
სირაქოსიანი მოხუცებულთა თავშესაფარში მოსაწყობად სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს სპეციალისტმა გევორქ ბარეთიანმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოაგრივა და თბილისში გაგზავნა. განცხადება 29 ნოემბრიდან რეგისტრირებულია. მოხუცებულთა უფასო თავშესაფარში რომ მიიღონ, ამისთვის გოარ სირაქოსიანი უქონელთა კატეგორიაში უნდა მოხვდეს და 57,000 ქულა დააგროვოს.
„ყველაფერი მზადაა, ფოტოც და სამედიცინო ცნობაც. მოვიდა პასუხი, რომ ადგილები არ არის და უნდა დავიცადოთ. რიგში ჩაწერეს, ახლა ადგილის გათავისუფლებას ველოდებით. როდესაც პასუხი მოვა, იმავე დღეს წავიყვანთ“, – ამბობს ბარეთიანი.
საქართველოში მოხუცებულთა ორი უფასო თავშესაფარი არსებობს, თბილისსა და ქუთაისში.
გოარ სირაქოსიანი ამ სახლში 1 დეკემბრიდან ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში მისი მოვლა ნინოწმინდის მცხოვრებმა ვარდანუშ მალხასიამა იკისრა. იგი ფარდულში რამდენიმე დღეში ერთხელ მიდის.
ხის სახლი სამი არასაცხოვრებელი ოთახისგან შედგება. გოარი ერთ–ერთ პატარა ოთახში მოაწყვეს. ოთახში ერთი საწოლი დგას, რომელზეც ჭუჭყიანი ქვეშაგები თეთრეულის გარეშე აგია. არ არის სკამები. მხოლოდ ერთი მაგიდაა, ისიც სამზარეულო ნივთების გარეშე. იქვე დგას ძველი, ჭუჭყიანი დივანი და ღუმელი. კარი ჩვრებითაა დაკეტილი, რომლებიც სითბოს ვერ აკავებს.

გოარი მთელი დღე, ტანსაცმლით წევს ლოგინში და ტირის. სიცივისგან ხელები ნახევრად შავი აქვს. კარი გარედანაა დაკეტილი. გოართან მეზობელმა შეგვიყვანა, რომელიც ამ სახლის მეორე მხარეს ცხოვრობს.
„არ ვიცი, ვისი სახლია, აქ მომიყვანეს. მეტი ძალა აღარ გამაჩნია, უსახლკაროდ დავრჩი. მოდიან და მპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამბობენ, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში უნდა გამიშვან, რატომ არ აკეთებენ, დღესვე წავიდოდი. გთხოვთ, დამეხმარეთ. მადაც არ მაქვს, ორი დღეა არაფერი მიჭამია, მხოლოდ წყალს ვსვამ და ვტირი“, –გვეუბნება ცრემლმორეული.
სახლში ვერ აღმოვაჩინეთ ვერანაირი პროდუქტი, რომელიც სოციალური დახმარების სამსახურმა უყიდა. ამ უკანასკნელთა თქმით, მათ ძალიან ბევრი პროდუქტი უყიდეს და ამ ყველაფრის შეჭმას 10 დღეშიც ვერ შეძლებდა. მეზობლის თქმით, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ ბებია გოარს კომპოტი და მურაბაც მოუტანა, რაც ასევე ვერ ვნახეთ სახლში. ოთახში არც შეშა ჩანდა. მეზობელმა ღუმელი მხოლოდ ჩვენი შესვლის შემდეგ დაანთო.
მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გაზეთში გამხელა არ მოისურვა, გვითხრა, რომ შიშობს, ვაითუ ბებია გოარმა ღუმელში შეშის შეკეთება ვერ მოახერხოს, უცებ ხანძარი გაჩნდეს და იქვე მდგარი მისი ხის სახლიც დაიწვას: ”რატომ არ უვლიან ბებიას, თუ ამაზე მოილაპარაკეს?! ხანძარი რომ მოხდეს, სახლსაც დავკარგავ და სხვა ყველაფერსაც. მეც მარტოხელა ვარ და არავინ გამაჩნია. სახლს ცეცხლი რომ წაეკიდოს, მეც მასავით უსახლკაროდ დავრჩები“.
გოარის ასე დაუძლურება ნინოწმინდელებს უკვირთ. ისინი იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ წლევანდელ გაზაფხულზე იგი გარდაცვლილი ქმრის შვილიშვილების კუთვნილ ასობით მეასედ მიწას ამუშავებდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმდენად დასუსტდა, რომ საკითხავია, მიაღწევს თუ არა დღემდე, როდესაც მოხუცებულთა თავშესაფარში წაიყვანენ.
[შუშან შირინიანი, ნინოწმინდა]