FM97.5 / LIVE

დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში

მთავარისაზოგადოება 14.12.2012
რა ურთიერთობებია და რა ისტორიებს გვიამბობენ მრავალეროვნულ სოფლებში გორელოვკასა და ეფრემოვკაში

დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში
30 წელიწადი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დუხობორებით დასახლებული სოფლებიდან დუხობორები ემიგრაციაში რუსეთში მიდიან.

თავდაპირველად, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების აგიტაციამ და ქვეყანაში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ განაპირობა, რომ დუხობორებმა თავიანთი სახლების გაყიდვა დაიწყეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც ისტორიული სამშობლოდან გადმოსახლების შემდეგ თითქმის ორი საუკუნე ცხოვრობდნენ. ისინი საცხოვრებლად ტამბოვისა და ბრიანსკის ოლქებში მიდიან.

დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში
სოფელი ეფრემოვკა

სოფლებში: სპასოვკა, კალინინო, ეფრემოვკა, გორელოვკა - დუხობორთა სახლებისთვის ორი ფონდი დაუპირისპირდა ერთმანეთს - სომხური ფონდი „ფარვანა“, რომელიც ამ სახლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში ფოკა, არაგიალი, სათხა, დიდი არაგიალი და განძაში მცხოვრებ სომეხი ეროვნების დუხობორებს ასახლებდა და ქართული „მერაბ კოსტავას“ სახელობის ფონდი. ამ უკანასკნელის შეძენილ სახლებში აჭარის სტიქიური უბედურებებით დაზარალებული რაიონებიდან ჩამოსახლებულები სახლდებოდნენ. დუხობორთა სოფლებში ეკომიგრანტების ჩასახლება დღესაც გრძელდება.

ეთნიკური სომხების ჩასახლება


სოფელ ეფრემოვკაში დუხობორთა ემიგრაციის შემდეგ უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენდნენ. აქ დასახლებული ქართველები მკაცრ კლიმატსა და ცხოვრების პირობებს ვერ მიეჩვივნენ და ორი ოჯახის გარდა ყველა წავიდა.

ელენა ქინჩიშვილი-შერსტობიტოვა ამბობს, რომ მის ოჯახს აქ ცხოვრება ძალიან უჭირს.

„აქ ცხოვრება ძნელია. ვცდილობთ, კონფლიქტში არავისთან შევიდეთ, რადგან ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ გვექნება. ვცდილობთ მახვილ კუთხეებს ვერიდოთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაციონალური საკითხია. ისინი (ეთნიკური სომხები) აქ კომპაქტურად დასახლდნენ, ძირითადად, ნათესავები არიან. რა გასაკვირია, რომ ნათესავი ნათესავს უჭერდეს მხარს“, - ამბობს იგი.

ელენას ქართველი მეუღლე ჰყავს. მისი თქმით, ბავშვი ეფრემოვკის სკოლაში თავს გარიყულად გრძნობდა, ამიტომ სოფლის სკოლის რუსული სექტორიდან გამოიყვანეს და ახლა გორელოვკის ქართულ სკოლაში დაჰყავთ.

„ბავშვი სკოლიდან გამოვიყვანე. იქ ძალიან ცუდი დამოკიდებულებები ქონდათ. აქ ქართული სკოლა არც იყო, მხოლოდ რუსული სექტორი მუშაობდა, მაგრამ დამოკიდებულება ამაზრზენი იყო. ეს უბრალოდ უნდა ნახო, ორი სიტყვით ვერ აღწერ. ასეთი დამოკიდებულება იმიტომ აქვთ, რომ მამა ქართველი ჰყავს. ჩემს დას ასეთი პრობლემები არ აქვს, რადგან მისმა ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, ქალიშვილი კი სომხურ ოჯახში გათხოვდა და ეთნიკური სომხებისგან მხარდაჭერა აქვს. ჩვენთან ლიდერი ეროვნებით სომეხი ფერმერია და ყველაფერი ამ ადამიანზეა დამოკიდებული. ცუდი დამოკიდებულება არად ჩაგდებაში გამოიხატება, მაგალითად, როცა თამაშობენ, ბურთს არასდოს არავინ მიაწვდის. რა ქნას ბავშვმა? 6 წელი იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. მე-7 კლასში კი გორელოვკის სკოლაში გადავიყვანეთ“, - გვიამბობს იგი.

ეკომიგრანტები აჭარიდან


კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში.აქ უმრავლესობა კვლავ ეთნიკური სომხები არიან, მაგრამ ლიდერებად თავს აჭარიდან ჩამოსახლებულები გრძნობენ.

ერთ-ერთი გორელოვკელი ამტკიცებს, რომ აჭარლების ჩამოსახლებას ვინმე „ნადი“, „ნადია“, „ნაზი“ წარმართავს და როგორც გავიგეთ, ეს ერთი ადამიანია. ამ ქალბატონის გვარი არავინ იცის. ვერც ის მიგვასწავლეს, სად შეიძლება ნახვა და საერთოდ ვინ არის. სხვათა შორის, მის შესახებ არც თავად აჭარლებმა იციან რაიმე.

„აჭარლების ჩამოსვლამდე აქ 17 ქართული ოჯახი ვცხოვრობდით. ჩვენ ყველანი - ქართველები, სომხები, დუხობორები ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით. აჭარლების ჩამოსახლების შემდეგ ყველაფერი აირია“, - ამბობს ნინო ტყემალაძე.

„გასაყოფი არაფერი გვაქვს. სახლები სახელმწიფომ შეისყიდა და სახელმწიფომვე მისცა მათ ამდენი ძალაუფლება. ვერაფერს იტყვი და გააკეთებ“, - ამბობს გორელოვკის ეროვნებით სომეხი მკვიდრი.

დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში
სოფელი ეფრემოვკა

სოფელ გორელოვკაში მცხოვრები, ეროვნებით სომეხი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, ამბობს, რომ ვაჟიშვილის გამო შიშობს, იმისაც კი ეშინია, რომ მას მოკლავენ.

„არჩევნების შემდეგ აჭარლები თითქოს დამშვიდდნენ. აქამდე ცუდი სიტუაცია იყო. ღამ-ღამობით არ მეძინა. მთელი ღამე დადიოდნენ და ყვიროდნენ „ეს ჩვენი მიწაა“, წადით აქედან. არ ვიცი, მთვრალები იყვნენ თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ღამის 2-3 საათამდე ვერ ვიძინებდით. ისინი აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ, მაგრამ ძალიან აგრესიულები არიან. სიმართლე გითხრათ, მეშინია, ახალგაზრდა ბიჭი მყავს, ვშიშობ, რაიმე კონფლიქტი არ მოხდეს და არ მოკლან“, - ამბობს გორელოვკაში მცხოვრები ქალბატონი.

ჩამოსახლებებთან დაკავშირებით პრობლემა სოფელ გორელოვკის დუხობორ მცხოვრებს მარია კრიკუნოვასაც აქვს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბებია მაშა ავად გახდა და მოხუცი ვაჟიშვილებმა თავისთან წაიყვანეს. 11 ნოემბერს მისი ნებართვის გარეშე მის სახლში აჭარიდან გადმოსახლებულები შევიდნენ.

„ეს ჩემი საკუთარი სახლია, მე და დედა ვაშენებდით. შემდეგ გავთხოვდი. დედამ სიკვდილის წინ სახლი მე მიანდერძა. არ ვიცი, რატომ წამართვეს. მოვიდა ჩემი ვაჟი და მითხრა, რომ დედა, ასეთი ამბავია, სახლი სავსეა. ნელ-ნელა მივჩოჩდი სახლთან, ყველა კარი და ფანჯარა გაღებული დამხვდა, გისოსი მოძრობილი. ახლოსაც კი არ მიმიშვეს. ეს ხომ ჩემი მშობლიური, საკუთარი სახლია, - აცრემლებული გვიამბობს მარია - დედასთან ერთად, ამ მუშტებით ვაშენებდი. მე არაფერი მითხრეს, უბრალოდ გამომიცხადეს, რომ არ შემიშვებენ. ჩემს ოთახშიც კი ვერ შევედი, მეუღლის ფოტოსურათი მაინც დაებრუნებინათ. შემდეგ გამოვტრიალდი და წამოვედი, თან არაფერი გამომატანეს. ჩვენ არავის ვეხებოდით და ჩვენც არავინ გვეხებოდა. ყველაფერს ეს აჭარელი ნადია აკეთებს. ჩამოსული იყო, სახლს სურათებს უღებდა, რატომ?!“

მარია კრიკუნოვა სასამართლოში მიმართვას არ აპირებს. კრიკუნოვას შვილის თქმით, მათ ნინოწმინდის საუბნო პოლიციაში განცხადება დაწერეს და თავის მხრივ, ისინიც დაპირდნენ საკითხის მოგვარებას. თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.

ბებია მაშას სახლი ჩაკეტილია. თავად ბებია მაშას და მისი ვაჟებს სახლთან მიახლოვების ეშინიათ, რადგან შემდეგ შეიძლება ქურდობაში დაადანაშაულონ.

თავად აჭარლები მძიმე ყოფას უჩივიან და უკმაყოფილონი არიან, რომ მიწები - საძოვრები არ აქვთ.

„მე აჭარიდან ვარ, ყველაფერი ნაზიმ მოაგვარა. ფული არ გადაგვიხდია. 4 თვის წინ უამრავი ბარგი ჩამოვიტანეთ და დავსახლდით. ეთნიკურ სომხებთან და დუხობორებთან პრობლემები არ გვაქვს“, - გვითხრა იამზე აღდმელაძემ.

ბადრი გორგაძე ამბობს, რომ მათ სახლი „კოსტავას“ ფონდიდან ერგოთ.

„მე ოზურგეთიდან ვარ, მიწის ეროზიის გამო აქ ჩამოვედი. სამნი ვართ, მე და ჩემი დედ-მამა. აქ მეზობელ ეთნიკურ სომხებთან, ფერმაში ვმუშაობთ. უკვე წელიწადია, რაც აქ ვცხოვრობთ, ოზურგეთში სახლი აღარ გვაქვს. იქ ბიძასთან ერთად ვიყავით“, - ამბობს ბადრი გორგაძე.

[ქრისტინა მარაბიანი, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთი შვილით უსახლკაროდ
სოფელ ეფრემოვკაში არც წყალი აქვთ და არც შუქი
ნანა მასწავლებელი
ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები