FM97.5 / LIVE

თვითმმართველობების 45 თანამშრომლის ერთდღიანი შვებულება ‘ოცნების’ ყრილობის დღეს

მთავარიპოლიტიკა 18.03.2016
რატომ მოითხოვა ახალციხის მერიისა და გამგეობის 45–მა თანამშრომელმა ერთსა და იმავე დღეს ერთდღიანი შევბულება; პარტიულ საქმიანობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, რის გამოც ზოგის სისხლის სამართლებრივი, ზოგის კი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

თვითმმართველობების 45 თანამშრომლის ერთდღიანი შვებულება ‘ოცნების’ ყრილობის დღეს

„ოცნების“ ყრილობა

2016 წლის 2 მარტს, ახალციხეში, „ქართულმა ოცნებამ“ კონფერენცია გამართა და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩია. შეხვედრა მესხეთის თეატრის დარბაზში, 17:00 საათზე დაიწყო. კონფერენციას ახალციხის მერიისა და გამგეობის არაერთი თანამშრომელი დაესწრო.

მათ შორის, ორივე უწყების ადმინისტრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის სამსახურის, არქიტექტურის სამსახურისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლები. 2 მარტს, საღამოს, გამგეობასა და მერიაში კაბინეტების უმეტესობა გამოიკეტა.

ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე თანამშრომელმა, რომელთა ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვასაჯაროვებთ, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ პარტიულ შეხვედრაზე დასწრება ხელმძღვანელობამ მოსთხოვა: „შუადღეს დაიარეს კაბინეტებში და გვითხრეს, რომ საღამოს შეხვედრაზე უნდა ვყოფილიყავით“.

ასევე, ამავე დღეს, უკვე სამსახურში მისულები გააფრთხილეს, რომ საღამოს შეკრებისთვის ერთდღიანი შვებულებები დაეწერათ.

როცა შვებულება გაქვს, მაგრამ მაინც სამსახურში ხარ

ინფორმაცია რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით, „სამხრეთის კარიბჭემ“ 4 მარტს გამოითხოვა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ასევე, ახალციხის გამგეობისა და მერიისგან. აღმოჩნდა, რომ გუბერნიიდან ამ დღეს შვებულებით არავის უსარგებლია, გამგეობასა და მერიიდან კი ერთდღიანი შვებულება 45–მა თანამშრომელმა მოითხოვა.

„2016 წლის 02 მარტს ერთდღიანი შვებულებით ისარგებლა 22–მა საჯარო მოხელემ, მათ შორის, 4–მა საჯარო თანამდებობის პირმა“, – ვკითხულობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიღებულ წერილში. (ამ ციფრებში არ შედის, საკრებულოს მონაცემები).

ვინ არის ეს 22 თანამშრომელი, წერილში დაკონკრეტებული არ არის, ჩამოთვლილია მხოლოდ საჯარო თანამდებობის პირების ვინაობა. ესენი არიან: მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი და ეკონომიკური განვითარებისა და ქონებრივი მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ ტალახაძე.

მართალია შვებულება ჰქონდათ, მაგრამ უმეტესობა (შესაძლოა ყველაც, ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ვისაც იმ დღეს დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე დავურეკეთ) 17:00 საათამდე სამსახურში იყო.

რაც შეეხება ახალციხის მერია/საკრებულოს, აქ 2 მარტს ერთდღიანი შვებულებით 23–მა თანამშრომელმა ისარგებლა. მათ შორის ქალაქის მერმა – გიორგი კოპაძემ, მოადგილე – ზაზა გელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით ლომიძემ. ერთდღიანი შვებულება ჰქონდა მერიის ხუთი სამსახურის უფროსს, ასევე, საკრებულოს სამი კომისიისა და ორი ფრაქციის თავმჯდომარეს.

„მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამეღო ერთდღიანი შვებულება. სახლში ვიმყოფებოდი მთელი დღე, საღამოს მივედი შეხვედრაზე. შვებულება მქონდა და არ უნდა წავსულიყავი?“ – ამბობს ახალციხის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი როინ თაქთაქიძე.

ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი, რომელიც 2 მარტს, მერის მოვალეობის შემსრულებელიც იყო, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს: „თანამშრომლების უმრავლესობა იყო შვებულებაში, რაც შეეხება დანარჩენებს, დღის განმავლობაში გარკვეული პერიოდით იყვნენ გათავისუფლებული სამსახურიდან“.

სამართლებრივი მხარე და ლოგიკური კითხვები, რომელიც უნდა გაჩენილიყო

მომხდარში იურისტებს ცალსახა დარღვევებზე საუბარი უჭირთ, იმ მოტივით, რომ ამ შემთხვევაში მომხდარის სამართლებრივ მხარეზე წინასწარ იზრუნეს და შვებულებებით გაამყარეს. თუმცა, ეს რომ ყოველგვარ კანონზომიერებას ცდება, ამაზე კითხვები არ უჩნდებათ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელმა სამსახურეობრივი მდგომარეობა პარტიული საქმიანობისთვის არ უნდა გამოიყენოს. მაგრამ, თუ ის შვებულებაში იმყოფება ან სამუშაო საათები დასრულებულია, ამას კანონი არ კრძალავს. ბებიაშვილს მომხდარი არ უკვირს და ამბობს, რომ ეს არის ტიპიური მდგომარეობა, რაც ყოველთვის ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც თანამშრომლები მასობრივად წერენ განცხადებებს შვებულებებისთვის და ჩართულები არიან პარტიულ საქმიანობაში.

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შეინიშნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი“, – ამბობს ბებიაშვილი და ლოგიკური კითხვა უჩნდება, – „თუ ამდენ ადამიანს შეუძლია ერთ დღეს არ იმუშაოს და სამსახურსაც არანაირი ზიანი ადგება, ლოგიკურად დგება საკითხი, რა საჭიროა ამდენი ადამიანის მუშაობა მაშინ“.

მისი, თქმით, თუ თანამშრომელი არ იმყოფებოდა შვებულებაში და სამუშაო საათებში ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, ამ შემთხვევაში ირღვევა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 61–ე მუხლი.

„საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება სამსახურებრივი მოვალეობა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენოს. თუ გამოიყენებს, შესაბამისმა ხელმძღვანელმა უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეუძლია დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, რადგან გამოდის, რომ თანამშრომელი სამსახურებრივ დროს იყენებს არამიზნობრივად“, – განმარტავს ბებიაშვილი.

მისივე თქმით, იმას, რომ არაოფიციალურად წინასაარჩევნო აგიტაცია უკვე დაწყებულია, ისიც ადასტურებს, რომ თვითმმართველობების პირველი პირები არ ინტერესდებიან, რატომ წერს ამდენი თანამშრომელი ერთდღიან შვებულებას: „უნდა დაისვას საკითხი, რა დაემართა ყველას ერთად“.
ბებიაშვილს ეთანხმება „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე. მისი თქმით, რადგან ჯერ არჩევნების დღე არ არის ცნობილი, საარჩევნო კოდექსი არ დარღვეულა, თუმცა მოხელეზე, რომელიც სამუშაო საათებში მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, დისციპლინური სანქციები უნდა გატარდეს: „როდესაც პარტიულ საქმიანობას ახორციელებს პირი, არ უნდა აცდენდეს სამსახურისთვის განკუთვნილ დროს, თუ ის იყო შესვენებაზე გასული, მაშინ პრობლემა არ არის“.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მომხდარში

„სამხრეთის კარიბჭეს“ წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილს პარტიულ ყრილობაზე წასვლა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოუხდა.
„არავინ არაფერს შეგვეკითხა, გვინდოდა თუ არა წასვლა. რამდენიმე ადამიანი დარჩა სამსახურში, დანარჩენი ყველა წავედით“, – ამბობს ერთ–ერთ თანამშრომელი.

ვინმეს იძულება უკვირს ახალციხის მერის მოადგილეს და იმ დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა თამარაშვილს: „ვინმე ძალდატანებით რომ წაეყვანათ, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს“.

უფრო მეტიც, იგი ამბობს, რომ ინფორმირებული იყო, რომ მისი თანამშრომლები პარტიულ შეხვედრაზე მიდიოდნენ და ამაში არავის ხელი არ შეუშლია: „წინა ხელისუფლების დროს ამას არავინ ყურადღებას არ აქცევდა, ისე მიდიოდნენ პარტიულ შეხვედრებზე, რომ შვებულებებსაც არ იღებდნენ და ჩვეულებრივ აცდენდნენ სამსახურებს. ეს კარგი პრეცენდენტია, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდნენ არსებულ ვითარებას და ჩათვალეს, რომ უნდა აეღოთ შვებულება, რათა მათი ქმედება კანონთან შესაბამისობაში ყოფილიყო“.

ნამდვილად დაავალეს თუ არა ახალციხის გამგეობაში თანამშრომლებს შეხვედრაზე წასვლა, „სამხრეთის კარიბჭემ“ ამ კითხვაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან პასუხი ვერ მიიღო.

„თანამშრომლებს, ვინც განცხადება დაწერა შვებულებასთან დაკავშირებით, ყველას დაუკმაყოფილდა, მაგრამ ამის შემდეგ ვინ სად წავიდა, გამგებელი საქმის კურსში არ იყო“, – ამბობს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჯილდა უჩიძე.

იურისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწია პარტიის ყრილობაზე წასვლა და ისიც ხელმძღვანელობის უშუალო დავალებით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„თუ გამგებელი, მერი ან მისი მოადგილე გთხოვს სამსახურის გაცდენას პარტიული საქმიანობის შესრულებისთვის, გამოდის, რომ შენი ზემდგომი გთხოვს კანონის დარღვევას. ეს არის ძალაუფლების პირადი მიზნებისთვის გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.

„დაიტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება. აქ უნდა გამოიკვეთოს ადგილი აქვს, თუ არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან გადამეტებას, ვინაიდან მისი დავალებით ადამიანები ჩაერთვნენ პარტიულ საქმიანობაში“, – განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.

დაინტერესდებიან თუ არა კონკრეტული უწყებები მომხდარის შესწავლით და დადგება თუ არა ვინმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მომავალში გაირკვევა. ამ ეტაპზე ცნობილი ისაა, რომ თვითმმართველობებში არავის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა
საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი პარტიულ შეხვედრებზე სამსახურის ავტომანქანით დადის [Photo]