
წახანი, ერთ-ერთი სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, რომელიც რაიონის დანარჩენი 54 სოფლიდან ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება.
დანგრეული და მტვრიანი გზა; გზის ორივე მხარეს ჩარიგებული სიძველეშეპარული სახლები, ზოგი ორი, ზოგიც ერთსართულიანი; ეზოების მთელ სიგრძეზე მოფრიალე სარეცხი; მუხლებგამობერილ-შარვლიანი ველოსიპედზე მომჯდარი 5-6 წლის შავტუხა ბიჭები და ღობეების ღრიჭოებიდან მორცხვად მომზირალი გაწეწილთმიანი გოგონები – ბავშვები, რომლებისთვისაც დღის განმავლობაში მშობლებს არასოდეს სცალიათ.

ასეთია სოფელი წახანი... ასეთია წლის თითქმის ყველა სეზონზე, გაზაფხულზე – მაშინ როცა ხვნა-თესვა იწყება, ზაფხულში – მაშინ როცა მთავარი საზრუნავი გაჭირვებით დათესილი ნათესების მორწყვაა, შემოდგომით, მაშინ, როცა მოსავლის დაბინავებას ჩქარობენ და ზამთარში, მაშინაც, როცა სახლებში ღუმელი გუგუნებს და ერთი შეხედვით საქმე აღარაფერია.
ადგილობრივები საუბარს აქაც სოფლის პრობლემებით იწყებენ. პრობლემებით, რომლებიც ასევე თითქმის ყველა სოფლისთვის მსგავსია: უმუშევრობა, სარწყავი და სასმელი წყალი, ძვირი საწვავი, ხელმიუწვდომელი ტექნიკა, გამოკეტილი კლუბი, დანგრეული ბიბლიოთეკა, შორი გზა სკოლამდე, გასართობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, უსამსახურო მშობლები, პენსიის მომატების იმედად მცხოვრები მოხუცები და ახალგაზრდები, რომლებსაც გული ქალაქში მიუწევთ.
„20 წელია წახანის რძალი ვარ, მუგარეთიდან ვარ გამოთხოვილი. არაფერი არ არის ამ სოფელში, ბიბლიოთეკა სკოლას შეუერთდა. ეს ძველი მაღაზიაა, გამოკეტილია, ერთი კილო შაქრისთვისაც ვარხანში ჩავდივართ“, - გვეუბნება ეკა ბიბიჩაძე, რომელიც საუბარზე მხოლოდ დიდი თხოვნის შემდეგ გვთანხმდება. სველ ხელებს წინსაფრით იმშრალებს და სახლთან, ღობის ძირას დიდ ქვაზე ჯდება.
„ოჯახში ხუთი სული ვართ. ძირითადად ძროხებით ვცხოვრობთ, 16 სული მყავს, აქედან ექვსი მეწველია. ყველს ვყიდი და ამით ვარჩენ ოჯახს, აქვე, სოფელში მოდიან მყიდველები, კილოგრამს 5 ლარად ვყიდი“, - ამბობს იგი.
ეკას საშუალო განათლება აქვს. გათხოვების მერე რამდენიმე წელი სოფლის საბავშვო ბაღში იმუშავა. ბოლო 15 წელიწადია, მას შემდეგ რაც საბავშვო ბაღი გაუქმდა, სამსახური აღარ ჰქონია. ამბობს, რომ მართალია ახლა მუშაობის დრო აღარც აქვს, მაგრამ „სამსახურს მაინც არაფერი სჯობს“: „ახალგაზრდებმა გამოსავალი საკონტრაქტო სამსახურში ნახეს, უმრავლესობა ჯარშია, ჩემი შვილიც ჯარშია. 19 წლისაა, მომდევნო 17 წლისაა და ახალციხის კოლეჯში სადურგლოზე სწავლობს“.
ეკას ნაბოლარა შვილი ხატია ჯერ მხოლოდ მეორე კლასშია.
„პირველ კლასთან ერთად ზის, 7 პირველკლასელია და ერთი ეს. მესამე და მეოთხეც ერთადაა. სკოლა პატარაა და კლასკომპლექტებია“, - ამბობს ეკა.
მთელი საუბრის განმავლობაში ხატია დედას არ სცილდება. ხანდახან მზერას ფოტოაპარატისკენ აპარებს და როგორც კი მისკენ მიმართულს დაინახავს, დედის ზურგს უკან იმალება.
„ყველა საგანი მიყვარს, კარგად ვსწავლობ“, - მორცხვად გვეუბნება ისიც მხოლოდ მაშინ, როცა დედა რამდენჯერმე სთხოვს დაგველაპარაკოს.
ბიბიჩაძეების ცხოვრება თითქმის არაფრით განსხვავდება წახანის სხვა მცხოვრებლების ყოველდღიურობისგან. აქაც, ისევე როგორც სხვა სოფლებში, ყველა სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მიყვება. ერთ ოჯახს დაახლოებით ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს და ათობით სული პირუტყვი ჰყავს. ადგილობროვები ამბობენ, რომ სოფლის სახელწოდებაც მიწათმოქმედებას უკავშირდება.
„აქ მოსავლიანი მიწებია და თურმე ერთს უთქვამს, პატარას რომ წახნავ, მოსავალი მოვაო. ამიტომ დაარქვეს წახანი“, – ამბობს ამირან ინასარიძე.
მიწა რომ მოსავლიანია, არც სხვები უარყოფენ. მაგრამ ამბობენ, რომ მიწების დამუშავება იმდენად ძვირი ჯდება, ხანდახან მიღებული მოსავალი ხარჯს ვეღარ ფარავს.
„შეიძლება როგორმე დაამუშავო კიდეც და მერე კოხმა (ს.კ. სეტყვა) გაანადგუროს. ამინდებზეა დამოკიდებული. ამ გაზაფხულზე ბევრმა ვერც მოხნა“, - ამბობს ალექსანდრე თავაძე.
საუბარში შოთა პარუნაშვილი ერთვება და სოფლის ისტორიის მოყოლას აგრძელებს. სოფლის ცენტრში, თითქმის დანგრეულ მეჩეთთან ვდგავართ და საუბრის თემაც მეჩეთის ისტორიით გრძელდება.

„1904-1919 წლებში შენდებოდა ეს მეჩეთი, მამაჩემისგან გამიგონია. მისი სიმაღლე, ძირიდან მინარეთამდე, 21 მეტრი იყო. საბჭოთა პერიოდში საწყობად გადაკეთდა, ხორბალს, სიმინდს, სათესლე მასალას ინახავდნენ, მერე ყველის საწყობი იყო. მერე მოანგრიეს გუმბათი, კრამიტით გადახურეს, გატიხრეს და კლუბად ვიყენებდით, მერე ბიბლიოთეკა იყო, მერე ეს ქვეყანა რომ დაინგრა, არავინ იყო პატრონი. იყო შემთხვევა, დანგრევა დააპირეს მეჩეთის და ვინც იმუშავა, ყველა მალევე, ახალგაზრდა დაიღუპა”, - გვიამბობს იგი.
წახანის მეჩეთი ერთ-ერთია 24 ძეგლიდან, რომელთაც ნიკოლოზ რურუას ¹3/86 ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მეჩეთის კედლები წარწერებითაა აჭრელებული, მინარეთი მონგრეულია, ფანჯრებზე ხის ფიცრებია აჭედებული. ერთი შეხედვით ძნელი მისახვედრია, რომ ეს შენობა მეჩეთია.
“იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოვიდნენ ორნი, რუსულად ლაპარაკობდნენ, თურქეთის საელჩოდან ვართო თქვეს. ეს ის პერიოდია, თურქეთში ჩვენი მონასტრების შეკეთების ამბავი რომ დაიწყო. მოვიდნენ და მკითხეს - აქ მუსლიმანები ცხოვრობენო? არა-მეთქი. ჩვენო, მოვედით რომ ავაშენოთ, გავაახლოთ ეს მეჩეთიო. ვუთხარი, მანდ არავინ იქნება შემსვლელი, აქ არავინაა მუსლიმანი, ქიქინეთშია რამდენიმე ოჯახი, მაგრამ იქიდანაც არ ივლიან, იმათ აქვთ თავიანთი მეჩეთი-მეთქი. მას შემდეგ არავინ ყოფილა. საერთოდ, ყველამ დაგვივიწყა“, - ამბობს შოთა პარუნაშვილი და ვიდრე რამეს ვკითხავთ, ამატებს, - „ჩემი წინადადებაა, რომ აღდგეს როგორც ეკლესია, ეს იქნება კარგი სოფლისთვის. სალოცავი არ გვაქვს, თავიდან რომ ავაშენოთ ეკლესია ამის საშუალება არ არის. მამაოსაც ველაპარაკე ამაზე და თქვა, რომ შეიძლება ეგრეო, დარღვევა არ იქნებაო. მთავარია სალოცავი იყოსო და მნიშვნელობა არ აქვსო. მეჩეთი რომ აღდგეს, შემსვლელი კაცი არ იქნება და რა აზრი აქვს“, - ამბობს და ისე გვშორდება, ვეღარ ვასწრებთ ავუხსნათ რას ნიჩნავს უძრავი ძეგლის სტატუსი.
სოფლის მტვრიან აღმართზე ახალგაზრდები მოდიან, სავარაუდოდ, უფროსკლასელები.

„აქ ცხრაწლიანი სკოლაა, უფროსკლასებში ვარხანში დავდივართ. სოფლიდან ავტობუსი არ დადის, ამიტომ ფეხით გვიწევს სიარული. ერთი საათი ჩასვლა, ერთი საათი ამოსვლა, ამოსვლა უფრო ჭირს, ზამთარში მითუმეტეს“, - გვეუბნება მაია დარბაიძე და ამატებს, - უმაღლეს სასწავლებელში ვინც მიდის, უმეტესს უნდა, რომ აღარ დაბრუნდეს“.
„სამუდამოდ არ დავბრუნდები, არაა პერსპექტიული, არაა ის ცხოვრება რომ გიზიდავდეს, თოხი და ცელი არავის იზიდავს“, - მეგობრის ნათქვამს აგრძელებს ავთო ლომაშვილი.
„ტურიზმზე უნდა ჩავაბარო, პერსპექტიულია. თბილისში წავალ, მამაჩემიც იქით არის“, - გვეუბნება ლანა ღვიტიძე.
ახალგაზრდები გვშორდებიან... მტვრიან აღმართს მიუყვებიან და გვესმის, როგორ აგრძელებენ დედაქალაქისა და სწავლის გაგრძელების თემას.
საღამოვდება... „ბირჟებზე“ მინდვრებიდან დაბრუნებული, მზისგან გაშავებული მამაკაცები იკრიბებიან. სოფელში საბალახოდ წასული პირუტყვი ბრუნდება და ეზოებში ვედროებმომარჯვებული დიასახლისები ჩნდებიან. იქაურობას ბავშვების გამაყრუებელი ყიჟინა აცოცხლებს. წახანს ვტოვებთ.
„როდის ვიქნებით ტელევიზორში?“ – უკვე მანქანის გრუხუნში გვესმის ადგილობრივების მოძახილი, ფანჯრიდან გაზეთს ვაწვდით, „ერთ კვირაში“, ვანიშნებთ ხელით და მანქანა მტვრიან აღმართზე ეშვება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]