
საქართველოში ამ კუთხით, თითქოს, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თუ ახალციხის მაგალითზე ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით კიდევ არსებობს პრობლემები. აქ მხედველობაში მაქვს მათთვის განკუთვნილი სპეციალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, პანდუსები, რომლებიც გაკეთებულია "ტროტუარებზე“ და სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების შესასვლელებში.
ახალციხეში მსგავსი ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ გაკეთებულია, რაც მისასალმებელია, რადგან, ერთი შეხედვით, გამოხატავს ყურადღებას და ზრუნვას ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ ზოგიერთი პანდუსის ნახვისას ჩნდება კითხვა - შესაძლებელია თუ არა რეალურად მათი გამოყენება.
ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ზოგიერთი პანდუსი არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს, რომლის მიხედვით1 მეტრი სიმაღლის პანდუსს უნდა ჰქონდეს 12 მეტრი სიგრძე და ასევე მოაჯირები, რათა საყრდენ-სამოძრაო აპარატის დაზიანების მქონე ადამიანებმა შეძლონ მათი გამოყენება და დამოუკიდებლად გადაადგილება. ზოგიერთი პანდუსი სრულიად მოუხერხებელია, რადგან არ არის გათვალისწინებული არც დახრილობის სიმაღლე და არც ეტლის ზომა. ამ ადამიანებს არათუ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებითაც კი გაუჭირდებათ შეუფერხებლად გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის.

სხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ ავტორიზაცია რომ გაიაროს, ერთ-ერთი პუნქტი მოთხოვნათა შორის არის ადაპტირებული გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ზოგიერთი დაწესებულებისთვის მთავარია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი და მეორეხარისხოვანია რამდენად კარგად იქნება გაკეთებული.
ვფიქრობ, ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ჩვენს თანამედროვეობაში, რადგან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჩაკეტილია საკუთარ თავში და საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება.
ზოგადად, ბევრი ფაქტორი განაპირობებს მათ ჩაკეტილობას და ეს ფსიქოლოგების კვლევის საგანს წარმოადგენს. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ მათ გარეთ, საზოგადოებაში გასვლისას ბევრი სირთულე და დაბრკოლება ხვდებათ გადაადგილებისას. ასევე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და ზოგიერთი საჯარო დაწესებულების კარი მათთვის უბრალოდ დახურულია.

აქვე თავს იჩენს მეორე პრობლემაც: საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თანაგრძნობა განსხვავებულად ესმის, ზოგისთვის თანადგომა არის სიტყვიერი, მორალური, ზოგს კი სიბრალული ჰგონია თანადგომა. ამ ადამიანებს ჩვენი სიბრალური კი არა, ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ყველას ერთობლივი ძალებით შეგვიძლია მათი პრობლემების შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა კი, აუცილებელია, არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი და გადაჭრის გზების ძიება.
მივმართავ მომავალ მერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შევუქმნათ ყველა პირობა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოწესრიგდეს პანდუსები და ადაპტირებული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნატო ინასარიძე
ბლოგი მომზადებულია პროექტის "ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.