FM97.5 / LIVE

გაზი - ისევ წინასაარჩევნო დაპირება?!

მთავარიეკონომიკა 30.03.2014
ადიგენში, ახალციხესა და ასპინძაში შეწყვეტილი გაზიფიკაცია და შეშის იმედად დარჩენილი ადგილობრივები; რატომ იქცა გაზიფიცირება პარლამენტში განსახილველ თემად; წელიწადნახევრის წინ, წინასაარჩევნოდ, ნაჩქარევად დაწყებული სამუშაოები ქულების დასაწერად თუ ახალი ხელისუფლების სოფლებისადმი უყურადღებობა. ახალი არჩევნების მოლოდინი და ისევ დაპირება, რომ გაზი ყველა სოფელში იქნება.

გაზი - ისევ წინასაარჩევნო დაპირება?!
ადიგენის სოფლებში ისევ შეშით გამოიზამთრეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრები მიშა აკოფაშვილი ეზოში შეშას ჩეხავს და გაზაფხულის მზეზე გამოსაშრობად სახლის კედელთან აწყობს. ამბობს, რომ ჯერ ქვის სახლებში გაზაფხულის სითბო არ აღწევს და ღუმელის დანთება კიდევ დიდხანს მოუწევთ.

აკოფაშვილებმა, ისევე როგორც მათმა სხვა თანასოფლელებმა, გამოსაზამთრებლად საჭირო შეშა გასული, 2013 წლის ზამთრის დასაწყისში მოიმარაგეს.

მიშა გვეუბნება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეშას ზაფხულში იმარაგებდა: „დავჩეხავდი, მზეზე დავბურჯავდი, გაშრებოდა და მთელი ზამთარი მშვიდად ვიყავით. წელს ნედლი შეშა ვწვით, ხრჩოლავდა „ფეჩი“ მთელი ზამთარი“. თუმცა, გვიანი მზადება მათი ბრალი არ ყოფილა: „სოფელში რომ ცხოვრობ, მოსავალს დააბინავებ თუ არა, შეშის მომარაგებას იწყებ. ასე მოგვდევდა წინაპრებიდან. შარშან კიდევ გვქონდა იმედი, რომ გაზს შემოგვიყვანდნენ, ამ ლოდინში კარზე ზამთარი მოგვადგა და თოვლ-ჭყაპში ვიარეთ ტყეში“.

შეწყვეტილი სამუშაოები უდესა და არალში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი 2012 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებდა. აშენდა ახალციხე-ვალე-არალის მაგისტრალური გაზსადენი და სოფლებში: უდესა და არალში, ცენტრალური ქუჩები დაიქსელა.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაზიფიკაციის სამუშაოების დაწყება, ადგილობრივების ნაწილმა საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა. მათ იმედი მიეცათ, რომ ზამთარს ორივე სოფელი გაზიფიცირებული შეხვდებოდა, თუმცა, მალევე ოპტიმიზმი იმედგაცრუებამ შეცვალა. არჩევნების წინ ორივე სოფელში სამუშაოები შეჩერდა.

მას მერე უდესა და არლის მცხოვრებლებმა, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოსი, კიდევ ერთი არჩევნები გაიარეს. თუმცა, მათ სოფელში გაზის კომპანია აღარ გამოჩენილა.

„სოფელში არავინ იცის რატომ შეჩერდა სამუშაოები, ან გაგრძელდება თუ არა“, - გვეუბნება არლის მკვიდრი მირიან ჩილინგარაშვილი.

„მეორე წელია ველოდებით, მოვიდეს ვინმე და გვითხრას, როდის გვექნება გაზი“, - საუბარში გვერთვება მისი თანასოფლელი გიორგი ვარდიძე.

როდის დაიწყება დაქსელვა, აინტერესებთ არლის მეზობლად, სოფელ უდეშიც.

„წინა ხელისუფლების დროს რაც გაკეთდა, დღესაც იგივე მდგომარეობაა. სამუშაოების 30 პროცენტია დარჩენილი და ამის გაკეთებას რაღა უნდა?!“ - უკვირს უდეში მცხოვრებ გიორგი ბალახაშვილს.

გაზიფიკაციას ელოდნენ დაბა ადიგენშიც. აქ ცენტრალური ქუჩების დაქსელვა მას შემდეგ უნდა დაწყებულიყო, როცა სოფელ უდეში სამუშაოები დასრულდებოდა.

„ტყეში ხე აღარ დარჩა, სულ გაიჩეხა. 400-500 ლარი მჭირდება ერთი ზამთრის შეშა რომ ვიყიდო. მირჩევნია ეს თანხა გაზში გადავიხადო, უფრო თბილად და სუფთად ვიქნებით“,- ამბობს ადიგენში მცხოვრები ივანე შევჩენკო.

ვალელები მოლოდინის რეჟიმში

ადიგენის მსგავსად, სამუშაოების გაგრძელებას ელოდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს მცხოვრებლებიც. სურათი აქაც იგივეა: გაზიფიკაცია 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და წინასაარჩევნოდ უვადოდ შეწყდა. ვალეშიც მხოლოდ ცენტრალური ქუჩები დაიქსელა.

„თავიდან რაც გაკეთდა, დღესაც იგივე მდგომარეობა, არაფერი გაკეთებულა. იქნებ ვინმემ გვითხრას, როდის გვექნება გაზი და საერთოდ, იგეგმება თუ არა მეორე ეტაპი“,- ამბობს ვალეში მცხოვრები ჯაბა ნათენაძე.

უფუნქციო ცენტრალური ქსელი ასპინძის სოფლებში

იმედი, მომავალ ზამთარს იაფად, სუფთად და მოხერხებულად გამოვიზამთრებთო, წელიწადნახევრის წინ, 2012 წლის ზაფხულში გაუჩნდათ, ასპინძის სოფლების, საროსა და ხიზაბავრას მცხოვრებლებსაც.

მას შემდეგ მეორე ზამთარია ცივი დღეებისთვის მზადებას ისევ შემოდგომით იწყებენ: ჯერ საშეშე მერქნის ბილეთს იღებენ, მერე მიუვალ ტყეში, ორხიდიანი მანქანებით მიდიან, შემდეგ ეზოში დაყრილ მორებს ჭრიან, ჩეხავენ, მზეზე გასაშრობად აწყობენ და როცა ხმელი ხის სუნი ეზოს მოედება, მარაგს მშრალ საშეშეებში ასაწყობებენ.

გაზიფიკაცია, როგორც პოლიტიკური სპეკულაციის თემა?!

ადიგენსა და ასპინძაში შეჩერებული გაზიფიკაციის თემა რამდენჯერმე გაჟღერდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. პირველად ამ თემაზე საუბარი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ადიგენის მაჟორიტარმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ზურაბ ჩილინგარაშვილმა დაიწყო.

„რატომ შეჩერდა ადიგენში გაზიფიკაცია“, - ამ კითხვით ადიგენის მაჟორიტარმა 2012 წლის 24 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრობის მაშინდელ კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, თქვენ იყავით ხელისუფლებაში და თქვენ დაიწყეთ გაზიფიცირება“, - ასეთი იყო კითხვაზე ივანიშვილის პასუხი.

მას შემდეგ გაზიფიცრების თემა ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტში კიდევ რამდენჯერმე წამოწია. ბოლოს, 2014 წლის 5 თებერვალს. იმ დღეს გამართულ სხდომაზე ადიგენის მაჟორიტარმა ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და საუბრის დასასრულს სხვათაშორის აღნიშნა, რომ ადიგენშიც სხვა პრობლემებიცაა, მათ შორის, შეწყვეტილი გაზიფიკაცია.

პარლამეტში რამდენჯერმე დასვა ასპინძის სოფლების გაზიფიკაციის საკითხი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემაც.

„არაერთხელ მივმართე საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ასპინძის რაიონის სოფლების საროსა და ხიზაბავრის პრობლემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში დასრულებულია ტექნიკური სამუშაოები, თითქმის ორი წელია ვერ მოხერხდა მოსახლეობისათვის გაზის მიწოდება. ვინაიდან აღნიშნული პრობლემები ვერ მოაგვარა ვერც ადგილობრივმა და ვერც ცენტრალურმა მთავრობამ, იძულებული გავხდი მიმემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის. ვიმედოვნებ იგი დაინტერესდება მოსახლეობის მდგომარეობით და პირად კონტროლზე აიყვანს ამ საკითხებს“, - განაცხადა ლონდარიძემ 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალციხეში სამუშაოების შეჩერებას პოლიტიკას უკავშირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და რეგიონის პირველი პირის ყოფილი მოადგილე გელა დემეტრაძე. მისი გამგებლობის პერიოდში დაიწყო გაზიფიკაცია ვალეში.

„არჩევნების შემდეგ ჩვენს მიერ დაწყებული ყველა პროექტი შეჩერდა, მათ შორის გაზიფიკაციაც. ცენტრალური ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იყო, რომ რეგიონში გაზიფიცირება არ შეჩერებულა და პროცესი ეტაპობრივად განხორციელდებოდა, თუმცა ფაქტია, სამუშაოები დღემდე არ განახლებულა“,- ამბობს დემეტრაძე.

გაგრძელდება თუ არა გაზიფიცირების პროცესი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფორმაცია არ აქვთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ასპინძაში გაზიფიკაცია არასოდეს შეჩერებულა და პროცესი დღესაც მიმდინარეობს.

„გაზიფიკაცია წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ჩვენი მოსვლის შემდეგ გაგრძელდა. ჩვენს ოპონენტებს კი აქვთ თემად ქცეული, რომ თითქოსდა ასპინძაში მოსახლეობას გაზი სპეციალურად შეუწყვიტეთ და რით ვეღარ მოვახერხეთ მათი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ, ეს ყველაფერი არის ტყუილი. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს“,-ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

იგი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლებამ ასპინძაში გაზიფიკაციის პროცესი ხარვეზებით დაიწყო: „8 წელი საჯარო რეესტრში ვიმუშავე და კარგად ვიცი გაზის შემოყვანას რა პროცედურები სჭირდება. საროში და ხიზაბავრაში გაზიფიცირება პროექტის გარეშე გააკეთეს, წინასაარჩევნოდ პიარი გაიკეთეს. ახლა ეს ყველაფერი რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ, ამისთვის ვწვალობთ თითქმის ერთი წელია“.

ოპონენტების ბრალდებებს არც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იზიარებენ და ამბობენ, რომ რეგიონში გაზიფიცირება აპრილის ბოლოს დაიწყება.

„მთლიანად მოხდება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის გაზიფიცირება. თითქმის ყველა სოფელში იქნება გაზი. საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული პროექტია, ამიტომ ეს პროცესი წლის ბოლომდე გასტანს“, - ამბობს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე.

ენერგეტიკის სამინისტროს ოპტიმისტური პროგნოზი

რატომ შეჩერდა ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება, როდის და ვინ გააგრძელებს სამუშაოებს და რომელი სოფლები ჩაერთვება პროგრამაში „გაზი ყველა სოფელს“, - ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაზიფიცირების პროექტს კომპანია „სოკარი“ უხელმძრვანელებს: „ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს კომპანიისთვის ქონების გადაცემის პროცესი, რის შემდეგადაც აზერბაიჯანელი ინვესტორი დაიწყებს გაზიფიცირების პროცესს რეგიონის მასშტაბით“.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ახალციხეში, აბათხევში, ნაოხრებში, დამალაში, დიდი და პატარა პამაჯში, ვალეში, ივლიტაში, ყულალისში, საძელში, საყუდაბელში, ორგორასა და ანდრიაწმინდაში, ჯამში 4,107 აბონენტი გაზიფიცირდება.
3,457 აბონენტი გაზიფიცირდება ადიგენში: სოფელბში წრეში, არალში, უდეში, აბასთუმანში, ბენარაში, შოლავერში, უნწაში, ხევაშენში, ხარჯამში, საღრძეში, ნაქურდევში, ქვემო ენთელში, ბოლაჯურსა და ჩორჩანში.

400 აბონენტის გაზიფიცირდება იგეგმება ასპინძის მუნიციპალიტეტში.

„საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირდება ყველა სოფელი, გარდა მაღალ-მთიანი რეგიონებისა, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია გაზსადენის გაყვანა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებულ წერილში. თუმცა, სამინისტროს ოპტიმიზმის გაზიარება უჭირთ ორ არჩევნებ გამოვლილ, წელიწადნახევრიანი ლოდინით გაწბილებულ მესხებს, მითუმეტეს, რომ ეს დაპირებაც ისევ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა
რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
ვალეში გაზიფიცირება შეწყვეტილია
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება