
იუსტიციის საინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წრია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. კერძოდ, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია.
კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს.
ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი.
კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს.
ამასთან, მინისტრთა კომიტეტი მიესალმება, რომ სახალხო დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია.
დღესვე ფეისბუკზე განცხადება, გაავრცელა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მისი თქმით, იგი პოლიტმატიმრად აღიარეს.
"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო ციხიდან ჩემი გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რის გამოც, პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა.
კომიტეტმა ხაზი გაუსვა ამ მუხლის დარღვევის სიმძიმეს, წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო და მოუწოდა მას გულმოდგინედ და დროულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი გამოძიება, რათა დაადგინოს და დასაჯოს დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირები.
მინისტრთა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის „გამოძიება“, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 2018 წლიდან განაახლა აღნიშნულ ფაქტზე და დღემდე მიმდინარეობს, წარმოადგენს ფიქციას და მისი მიზანი არის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება.
რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და ვეღარც გამოიძიებს, ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც ერთი თვე დარჩა. მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მას შემდეგ, რაც ერთ თვეში ეს ხელისუფლება შეიცვლება, პროკურატურა შეძლებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას და ამ საქმეზე სიმართლის დადგენას", – წერს ვანო მერაბიშვილი.
მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
[sknews.ge]