
პანდემიის გამო ბაკურიანში სასტუმროები მარტის დასაწყისში დაიხურა. დაახლოებით სამ თვიანი ლოდინის შემდეგ, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა
ჰქონდათ. როგორც, მეპატრონეები ამბობენ, მარტიდან ივნისამდე პერიოდში მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ და ფინანსური პრობლემების გამო სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები ვერ
შეასრულეს. იმ სასტუმროებს კი, რომლებმაც რეგულაციების შესრულება დაიწყეს, იმდენი დრო დასჭირდათ, რომ დამსვენებლების მიღება ვეღარ მოასწრეს.
„რეკომენდაციები კი შევასრულეთ მოგვიანებით, მაგრამ არც კი გავხსნილვართ, არ გვყავდა ხალხი საერთოდ“, – ამბობს „საოჯახო სასტუმრო სახლის“ მეპატრონე თინათინ ვიბლიანი.
სასტუმრო „ნოელის“ მფლობელი ნანა იმედაშვილი ამბობს, რომ ძირითადად ქართველი დამსვენებლებისთვის მუშაობენ და მიუხედავდ იმისა, რომ ადგილობრივებს შეეძლოთ ბაკურიანში დასასვენებლად ჩასვლა, მათ 20 აგვისტოს შემდეგ სტუმრები არ მიუღიათ.
„ძალინ ცოტა დამსვენებელი იყო, 3 აგვისტოს გავიხსენით, ფაქტობრივად არ გვიმუშავია. იმიტომ, რომ ცოტა ხალხი იყო და ჯავშანიც არ გვქონდა, 22 აგვისტოს ისევ დავკეტეთ. ერთი თვეც კი არ გამოვგვივიდა მუშაობა რაც გამოვიმუშავეთ 15%–იც კი არ იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მოგვიწია თანამშრომლების გაშვებაც“, – ამბობს იმედაშვილი.
სექტემბრის დასაწყისში დაიხურა 49 ნომრიანი სასტუმრო „აურუმი“, რომელიც როგორც ქართველ ასევე უცხოელ დამსვენებელზეა გათვლილი. სასტუმროს ადმინისტრატორი გიორგი ბოსტოღანაშვილი ამბობს, რომ სამუშაო პერიოდმა მხოლოდ ორი თვე გასტანა.
„25 ივნისიდან დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ძალიან ცუდი წელი იყო. ნაკლები ჯავშნების გამო 7 სექტემბერს დავხურეთ. ჩვენი სასტუმრო ქსელშიც არ არის, როცა ქსელია კიდევ ერთმანეთს ინახავენ. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, ის პერიოდი რაც დახურლი ვიყავით და ახლა, ეს დროც საკმარისი არ იყო, რომ გადასახადები და ხელფასები გადაგვეხადა“, – ამბობს გიორგი ბოსტოღანაშვილი.
საოჯახო სასტუმრო „რეზიდენს ჰილის“ მფლობელი ალექსანდრე მამალაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა საზღვრებს არ გახსნის ბაკურიანში ზამთრის სეზონი დიდი რისკის ქვეშ დგას.
„70%–იანი ფასადკლება გავაკეთე, რომ ხალხი მოსულიყო, მანიც არ გვეშველა, საშინელი სეზონი იყო. მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავეთ 1–ელ აგვისტოს გავხსენი სასტუმრო და 10 სექტემბერს დავხურე, რადგან 1–ელი სექტემბრიდან უკვე ზარალზე ვმუშაობდი. გასულ წლებში კი ამ დროს ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ვფიქრობ, თუ საზღვრები არ გაიხსნება ზამთრის სეზონი დიდი რისკის ქვეშ დგას, ქართველებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ისევ ჩავარდება“.
ბაკურიანში, ამ ეტაპზე, 500–ზე მეტი სასტუმროა (მათ შორის: საოჯახო ტიპის სასტუმროები, კოტეჯები და აპარტამენტები) მათ უმეტესობას ზაფხულში ცარიელი იყო. ნაწილმა მხოლოდ ერთი ან ორი თვე შეძლო მუშაობა. მეპატრონეები ამბობენ, რომ მხოლოდ ზამთრის სეზონის იმედი აქვთ.
„ჩვენ მთავრობისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია, მოგვიწია თანამშრომლების გაშვება, ახლა ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს მხოლოდ“, – გვითხრა ნანა იმედაშვლმა.
ნახეთ:
რა რეკომენდაციების დაკმაყოფილებაა საჭირო სასტუმროს გასახსნელად აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ჯანდაცვის სამინისტროს [ნუკა სეტფნაძე]