კვლევის შედეგები დღეს, 23 ივლისს ახალციხელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა, თამუნა უჩიძემ გააცნო. შეხვედრას ახალციხის საკრებულოდან მხოლოდ სამი დეპუტატი ესწრებოდა, ასევე იმყოფებოდნენ არსამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო აპარატის წარმომადგენლები.
„ახალციხის საკრებულო მთავარ ფუნქციას ასრულებს ძალიან სუსტად. შეიძლება ითქვას, რომ კონტროლის ფუნქცია არის ფორმალური ხასიათის და არა რეალური. 283 საკითხიდან, აბსოლუტურად ყველა საკითხი საკრებულოს უმრავლესობამ გაიტანა, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი რომელსაც თანხმობა არ მისცეს და იმ საკითხის კენჭისყრაზე გატანა სხდომაზე გადაიფიქრეს, აბსოლუტურად იგივე ხდება კომისიების მუშაობაზეც, რეალურად რაც შედის საკრებულოში მერიიდან აბსოლუტურად იგივე გამოდის“,-აღნიშნა უჩიძემ.
მისივე თქმით, ახალციხის საკრებულოს ხარჯები მუშაობის შეუსაბამოა, 2017-2019 წლებში ხუთი ფრაქციის მუშაობისას 320 ათას ლარზე მეტია დახარჯული.
,,მაგალითად, ახალციხის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი ფრაქციიდან ინიციატივა საკრებულოში მხოლოდ ერთმა წარადგინა, არადა მათი საქმიანობისთვის ჯამში 320 000 ლარზე მეტია დახარჯული"- ამბობს თამუნა უჩიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინატორმა ის დეპუტატებიც დაასახელა, რომლებიც სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ.
2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ახალციხის საკრებულოში 40 სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 303 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით.
მათ შორის ყველაზე მეტი გაცდენა „ქართული ოცნების“ დეპუტატ კობა გელაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნატო დარბაიძეს უფიქსირდებათ.
„თუ ორ საათზე დამირეკავენ და ოთხზე სხდომაა, შეიძლება ამ მოკლე დროში ვერ მოვახერხო მისვლა ოჯახური პირობებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, იქ [სხდომაზე] რამის თქმის შედეგს ვერასდროს ვერ ვხედავ“,-თქვა ნატო დარბაიძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საკრებულოში საკითხის შეტანას ურჩევნიათ პირდაპირ მერიას მიმართონ.
„საკრებულოში რომ შევიტან წინადადებას გელა ნოზაძე [საკრებულოს თავმჯდომარე] მაინც მერთან ათანხმებს, მირჩევნია რომ ეს დროს არ დავკარგო და წავიდე და პირდაპირ მერთან [ზაზა მელიქიძესთან] მოვაგვარო, ძალიან ცუდია რომ ეს რეალობაა“- განაცხადა შეხვედრაზე საკრებულოს ყოფილმა წევრმა და „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მაკა სუდაძემ.
სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ფიქრობს, რომ საკრებულოს სხდომების მსგავსად, ბიუჯეტის განხილვებიც ფორმალურ ხასიათს ატარებს: „ჩამორიკრიკებულად იძახიან, რომ ეკითხები რაღაცას ასე უნდა იყოსო გეუბნებიან, რატომ უნდა იყოს ასე? როცა მოქალაქეს რაღაცაზე კითხვა გაქვს, ლოგიკური პასუხი უნდა გასცე“.
თამუნა უჩიძემ პრეზენტაციის ბოლოს იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც ახალციხის საკრებულოს მუშაობის შესწავლის შემდეგ მოამზადეს:
„საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მიზნით“.
რატომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმდჯომარე გელა ნოზაძემ შეხვედრაზე დასწრება და რას ფიქრობს "გამჭვირვალობის" კვლევზე უცნობია, "სამხრეთის კარიბჭე" ნოზაძეს ვერ დაუკავშირდა, მისი ტელეფონი გამორთულია.
[მარიამ ბარძიმაძე]