შეხვედრა, დღეს, 24 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დახმარებით შედგა.
სტუდენტები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს, კულტურის სამსახურის სპეციალისტს მაია სხირტლაძესა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს შეხვდნენ.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში თანამონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასმასა და ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენას შესაბამის ახალგაზრდულ პროგრამაში გათვალისწინების მიზნით“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და მობილიზაციის ჯგუფის წევრი ქეთი ფაცაცია.
სტუდენტები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ახალციხეში არსებულ ზოგად პრობლემებზე და მათთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ საჭიროებებზე ესაუბრნენ.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზისთვის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და კეთილმოწყობა; საინფორმაციო კამპანიის ხასიათის აქციების მოწყობა, როგორიც არის „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“; ახალგაზრდებისთვის მედია და ზოგადი ტრეინინგების მიწოდება და ლაშქრობების, ექსკურსიებისა და კულტურულ გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, - ის ოთხი პრიორიტეტია, რომელიც ახალგაზრდებმა მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრეს.
„გვინდა სააქტო დარბაზის კაპიტალურად გაკეთება. ტრეინინგები ეფექტურ კომუნიკაციაზე და სტუდენტური ინტერნეტ-გაზეთის jav.ge-ს ჟურნალისტებისთვის, რომ მათ უკეთ მართონ საიტი. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანრგვის მიზნით, გვინდა მოვაწყოთ სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, როგორც არის ველორბოლა, მარათონი სირბილში და ჯომარდობა“,-ამბობს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი ანა ოქრომელიძე.
სტუდენტებმა სტუდენტების საერთო საცხოვრებლისა და მათთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
„კარგი იქნება თუ სტუდენტებისთვის დაემატება ერთი ტრანსპორტი, რომლითაც შეღავათიან ფასში ვიმგზავრებთ. სტუდენტებს საცხოვრებლის პრობლემაც აქვთ, უმრავლესობა სოფლებიდანაა და ქალაქში ბინის დაქირავება უწევთ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ანა ოქრომელიძე.
ოლეგ სანდროშვილმა სტუდენტებს მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებზე პროექტების მომზადება სთხოვა და დაჰპირდა, რომ მათ საჭიროებებს მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინებენ.
„გარკვეულწილად შევთანხმდით თუ რა პროფილით შეიძლება დავეხმაროთ. შეუძლიათ კულტურის სამსახურს პროექტები წარუდგინონ, ამის შემდეგ შევძლებთ დახმარებას“, - განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა.
რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, სანდროშვილის თქმით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან ის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია სტუდქალაქის გაკეთება, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ასევე ახალგაზრდებს, იმედი აქვთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და საკრებულოს თავმჯდომარის დაპირება დაპირებად არ დარჩება.
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]