
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაღმა აწყურში ფერდობი შუაზეა გადახსნილი, ხრამებია გაჩენილი ამ გორაზე მცხოვრები ოჯახების ეზოებშიც. სახლებში გადახსნილ კედლებს შორის კი მანძილი დღითიდღე მატულობს.
აწყურში მცხოვრებმა მარინა ლაბაძემ სახლზე ბზარები პირველად მაისში მომხდარი მიწისძვრის დროს შენიშნა: “თავიდან ნაკლებად იყო, ახლა თანდათან მატულობს. მალევე გასკდა მიწა ეზოშიც. ასეთ მდგომარეობაში ჩემს გარდა კიდევ ორი ოჯახია”.

შუაზეა გადახსნილი, აწყურში, ქსენია თაბაგარის სახლიც. ბინაში ჭერსა და იატაკს შორის ხის სვეტებია შეყუდებული, თუმცა ჭერს ეს მაინც ვერ აკავებს, ზოგან ჩამოწეულია, ზოგან კი უკვე ჩამონგრეული. დაბერილია ფანჯრის რაფებიც.
- “ორი კვირა იქნება, რაც გადავიდნენ ამ ბინიდან, - გვიხსნის მარინა ლაბაძე და ამატებს, რომ თაბაგარების სახლის სარდაფში პერიოდულად წყალი ამოდიოდა – ამბობენ, აქ სადღაც, ზევით, მიწაში ტბაა და წყალი იქიდან ჟონავსო”.
მისივე თქმით, ასეთი მდგომარეობა აწყურში სამ ოჯახს აქვს: “თბილისიდან იყვნენ ჩამოსული და ჩვენ პირველი კატეგორია მოგვანიჭეს. გვითხრეს, რომ ბინები სასწრაფოდ უნდა დაგვეცალა, დანარჩენებისთვის კი აქ ცხოვრება ჯერ საშიში არ არისო”.
მარინა ლაბაძის მეზობლად ცხოვრობს იზოლდა გაბარაშვილი. მის ბინაზე ბზარები შედარებით ნაკლებადაა, სამაგიეროდ ძროხის სადგომი შუაზე გადაიხსნა.
“გვითხრეს ბალავერი ამოჭერით სახლის გარშემო და ბინა ისე გაამაგრეთ, ჯერ თქვენთვის საშიში არაა აქ ცხოვრებაო. სახლში ექვსი სული ვართ, ეს მიწა რომ ჩამოცურდეს, ქვევით ჩაგვიტანს ყველას. გვეშინია, მაგრამ სად წავიდეთ?” - კითხულობს გაბარაშვილი.
გაბარაშვილი აქ 30 წელია ცხოვრობს, 34 წელია მის მეზობლადაა მარინა ლაბაძეც.
- “არ ვიცოდით ეს თუ მეწყერსაშიში ზონა იყო. მხოლოდ ერთხელ, ჟვანიას დროს თქვეს, რომ აქედან უნდა გაგასახლოთ, ეს ადგილი მეწყერსაშიშიაო, ეგ იყო და ეგ. არც არავის გავუსახლებივართ და მას შემდეგ არც არავის არაფერი უთქვამს. არც კედლებზე შეგვიმჩნევია ბზარი ამ დრომდე”, - გვიამბობს ლაბაძე.
აწყურში ბინების დაბზარვის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გარემოსდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც მეწყერსაშიში ზონის შესასწავლად სპეციალური კომისია გამოიგზავნა.
- “დაახლოებით ერთი კვირის წინ იყვნენ გეოლოგები, დღე-დღეზე ველოდებით დასკვნას”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.
ამ დროისთვის სამი ყველაზე დაზარალებული ოჯახიდან ერთს უკვე დაცლილი აქვს ბინა, ლაბაძეებისთვისაც სოფელშივე გამოინახა თავისუფალი ფართი.
- “გასაღები უკვე მომცა მეზობელმა, ქირას გამგეობა გადაგვიხდის, დავცლით ბინას ამ დღეებში”, - ამბობს მარინა ლაბაძე.
რაც შეეხება მესამე ოჯახს, გელა დემეტრაძის თქმით, მასაც აქვს შეთავაზება მუნიციპალიტეტის გემგეობიდან, რომ ნახოს ბინა და გადავიდეს, მაგრამ “არ უნდა, ამბობს სახლს არ დავტოვებო”.

აწყურში, დროებით სხვის ბინებს შეფარებულებმა, არ იციან ასე ცხოვრება რამდენ ხანს მოუწევთ.
- “არ ვიცი აგვიშენებენ ბინებს, თუ გვიყიდიან სოფელში ისევ”, - აცხადებს ლაბაძე.
რამდენხანს მოუწევს, თავის ბინაში, მაგრამ შიშის ქვეშ ცხოვრება, არც იზოლდა გაბარაშვილმა იცის.
გამგებლის განცხადებით, ამ ფერდობზე მცხოვრები შვიდივე ოჯახის საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც გეოლოგები შესაბამის დასკვნას დაწერენ: “დასკვნის მიხედვით ვნახავთ, როგორი პრობლემა იქნება, იქნება ეს ჩვენი გადასაწყვეტი თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსაგვარებელი. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა სამშენებლო მასალებით დახმარების შესახებაც მოგვმართეს, მაგრამ უარი ეთქვათ. აქ ბინების მშენებლობას აზრი არ აქვს”.
იმედია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დასკვნას გარემოსდაცვის სამინისტროდან მალე მიიღებს. მანამდე კი გაღმა აწყური ყოველღამეს შიშის ქვეშ ატარებს. ბინების ნგრევასთან ერთად სოფელში პირუტყვის დაკარგვის საფრთხეზეც საუბრობენ.
- “ამ ხრამებში რომ ხბო ჩაგვივარდეს, ვეღარც მივაგნებთ”, - ამბობს ლაბაძე.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]