მიქელწმინდა – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელინოემბრის თვეა, სუსხია. ამ დროს სოფლის ორღობეებში ძნელია ვინმეს გადაეყარო და თან სოფელი თუ დაცლილია და სადღაც ოცი ადამიანი თუ ცხოვრობს.
სახურავებიდანაც არ ამოდის კვამლი, ამით მაინც რომ მიხვდე რომ აქ ცხოვრობენ, დაიძახო რაიმე სახელი, დაძახებას ძაღლის ყეფა მოჰყვეს, ყეფას კი სახლიდან პატრონის გამოსვლა. მერე „ფეჩზე“ „კოფეს“ მოდუღება და სოფლის ისტორიების მოსმენა.
ახლა ცარიელ ორღობეში ვდგავართ, არავინ ჩანს. ჯერ ხმელი ფოთლების დაწვის სუნი მოვიდა და მერე ზემოთ კვამლიც ავარდა. ვიღაცამ ალბათ ფოთლები მოაგროვა და წვავს, მივდივართ.
ჟორა მათევოსიანს ვხვდებით. ის მიქელწმინდაში დაიბადა და გაიზარდა.
„მიყვარს აქაურობა, ან სად უნდა წავიდე რო? აი, გზა და წყალი რომ იყოს არც არავინ წავიდოდა“, – მეუბნება და ამატებს „გლეხს მეტი რა უნდა, მიწა გვაქვს, დავამუშავებდით, მაგრამ წყალი რომ არ არის კარტოფილი როგორ უნდა მოიყვანო?“
![მიქელწმინდას ამბები [ფოტო] მიქელწმინდას ამბები [ფოტო]](/uploads/posts/2019-11/1574347927_jora-matevosian.jpg)
ევა კობაიძეს თავის სახლის წინ შევხვდით. 80 წლისაა, 60 წელია უკვე მიქელწმინდაში ცხოვრობს.
„20 წლის ვიყავი ასპინძის სოფელ იდუმალადან აქ როცა გავთხოვდი, ბერძენს გამოვყევი ცოლად, გვარად გერასიმიდს. მის შემდეგ მიქელწმინდაში ვარ. ოთხი შვილი მყავს და ოცი შვილიშვილ–შვილთაშვილი. ქმარი შვიდი წელია რაც გარდამეცვალა“, – მეუბნება ის.
ახლა ევა კობაიძე სოფელში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
„ძნელია ახალგაზრდისთვის ასეთ მივარდნილ სოფელში ცხოვრება, მაგრამ არ მიდის, მარტო არ მტოვებს. ეგ მყავს იმედად“, – ამბობს მოხუცი და ეზოს იმ მხარეს იხედება სადაც შვილიშვილმა გაიარა.
ევა კობაიძის შვილები და შვილიშვილები საბერძნეთში არიან წასულები. იქ მუშაობენ.
„ყველა ასეა გაბნეული და წასული ქვეყნიდან, ზოგი სად, ზოგი სად. გვიჭირს ცხოვრება“, – ამბობს ის.
![მიქელწმინდას ამბები [ფოტო] მიქელწმინდას ამბები [ფოტო]](/uploads/posts/2019-11/1574347907_eva-kobaize.jpg)
სოფელში ადრე ბერძნული სკოლა ყოფილა. ახლა მიქელწმინდასთან ახლოს სოფელ წირაში ოთხკლასიანი სკოლაა, მაღალ კლასებში მოსწავლეები სოფელ წყრუთში გადადიან სასწავლებლად.
მალე მიქელწმინდიდან სკოლაში აღარავინ ივლის.
სოფელში დგას წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესია და როგორც აქაურებმა მითხრეს სოფლის სახელწოდებაც ეკლესიიდან მოდის.
![მიქელწმინდას ამბები [ფოტო] მიქელწმინდას ამბები [ფოტო]](/uploads/posts/2019-11/1574347952_eklesia.jpg)
მიქელწმინდაში მარტო ცხოვრობს 79 წლის არსენ მესხიძე. როცა ასაკი ვკითხეთ 99 წლის ვარო, უცებ გვითხრა, შემდეგ კი გადაიხარხარა – „ენამ მიყივლაო“.
მან მოგვიყვა – „მიქელწმინდა იყო მესხიძეების გვარის, ეს როგორც ლეგენდა გადმოგვცეს წინაპრებმა. აქ ცხოვრობდა ერკოტელი ექიმბაში ტივაძე, ღრმადმოხუცებული გარდაიცვალა და ის ამბობდა ეს სოფელი მესხიძეების არისო. ეკლესია პაპაჩემის წინაპარს აუშენებია, ივანე მესხიძეს. მას ჩამოუყვანია ტაძრის მშენებლობაზე ბერძნები და მერე რომ მორჩენილან საქმეს, ივანეს უთქვამს რატომ მიდიხართ, აქ ქვა არის დიდებული, დასახლდით და იმუშავეთო“.
არსენ მესხიძე ამბობს, რომ მიქელწმინდა უძველესი, ისტორიული სოფელია.
„ასე ოცი წლის წინ დაბლა მხარეს ჭა ამოვთხარე ხუთი მეტრის სიღრმეზე და ამოვიდა თიხის ნატეხები, ჭურჭლის ნამსხვრევები, კედელი. ეს ყველაფერი მოვაგროვე და წავიღე ახალციხეში მუზეუმში, მერე თბილისიდანაც ამოვიდნენ, თუმცა დიდად დაინტერესება არ მოჰყოლია.
წყალი როცა გამოგვყავდა ზემოთ ფერდიდან, მაშინაც ამოვიდა მიწიდან გამომწვარი თიხა, ანუ მანდ, სადღაც, თიხის გამოსაწვავი ღუმელი იდგა“.
არსენ მესხიძის შვილები ახალციხეში ცხოვრობენ.
„ქალაქში არ წავედი. მარტო ვარ. მეჩხუბებიან შვილები ზამთარში მაინც ჩამოდიო. ვერ გავძელი კაცო, მთელი დღე დაჯექი და მიაჩერდი ტელევიზორს. აქ უკვე დაღლილი ვარ, წისქვილი მაქვს, ჭადის ფქვილს მოიტანს კაცი დავუფქვავ, ყაუდს დავუფქვავ, ვილაპარაკებთ. ქალაქში რა გამაჩერებს“, – მეუბნება და მიღიმის.
– ყაუდი რა არის? ვეკითხები.
– ყაუდი ერთმანეთში არეული სიმინდი და მოხალული ხორბალია. ეგ უნდა დაფქვა დაასხამ წყალს და შეჭამ, თუ გინდა შაქარი დაამატე. კუჭნაწლავისთვის არის მისწრება, თან ნოყიერია ძაან.
– ყურძენი გქონიათ, – ვეუბნები და ეზოსკენ ვიხედები, სადაც დიდი ტალავერი ჩანს.
– კი, შავი ყურძენი მაქვს, დირბულა ჰქვია, ტაშისკარიდან ჩამოვიტანე. დიდებული ღვინო დგება. შავი ღვინო მაწყინარია, ეს არა. არაყსაც ვხდი, ჭანჭურისგან, ჭაჭისგან.
– მიწასაც ამუშავებთ?
– ეზოში ცოტა კიტრი, ლობიო, პამიდორი მომყავს. წყალი არაა სოფელში, თორემ... ახლა რასაც გეტყვით დაწერეთ, მეუბნება და თან აგრძელებს – დაწერეთ და მიიტანეთ ხელისუფლებამდე. სოფელთან არის ბუსყანა – თათრული სიტყვაა და ყინულხანას ნიშნავს. ეს არის ბუნებრივი მაცივარი, ისე აციებს წყალს, აი, მაცივარი ხომ უცვლის წყალს გემოს, აქ შენახული წყალი არა. ჰოდა, მანდ არის კლდე და დარწმუნებული ვარ კლდის ქვეშ დიდი რაღაც იმალება. აი, ახალი ათონის მსგავსი მღვიმე იქნება. ამბობენ ზამთარში დიდი თოვლის დროს მანდ თოვლი დნება და ორთქლი ამოდისო, დაბლა კი მური ჩნდებაო. ათონზე დიდი რაღაც იმალება მანდ, ერთი აფეთქება უნდა, ძნელია? მიიტანეთ ხელისუფლებამდე.
დგას ჩემს წინ მაღალი, მხარბეჭიანი, ცისფერთვალება მოხუცი და ისეთი აღფრთოვანებით მიყვება ამბავს აღმოსაჩენი მღვიმეს შესახებ, რომ ძნელია არ დაწერო და დაპირება არ აასრულო.
![მიქელწმინდას ამბები [ფოტო] მიქელწმინდას ამბები [ფოტო]](/uploads/posts/2019-11/1574348134_arsen-mesxidze.jpg)
წამოვედით.
ევა კობაიძეს შვილიშვილი ჰყავს დიდი გრძელი ზამთრის გასატარებლად.
არსენ მესხიძეს იმდენი სათავგადასავლო ამბები აქვს გასახსენებელი ... და მერე ან შვილიშვილებს მოუყვება, ან რომელიმე ჟურნალისტს.
ჟორა მათევოსიანი კი როცა თავის კერკეტ კაკალს დაამტვრევს და კაკლის უღელს არაყისთვის შეინახავს, გაიფიქრებს, ნეტა გაისად მაინც შემოგვიყვანონ წყალი, ან ეს ბაღები მოვრწყო ან მოსავალი.
მიქელწმინდაში მალე მოთოვს.
[გულო კოხოძე, ახალციხე]