FM97.5 / LIVE

‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2019
აქვთ მიზნები, საყვარელი საქმე და მისი კეთების სურვილი. თუმცა აკლიათ გარემო, რომელიც მათ მიიღებს და თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აგრძნობინებს. ბარიერების გადალახვას სხვისი დახმარებით ცდილობენ და ზოგჯერ ეს უხერხულობასაც უქმნით.

‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

დავით აბდუშელიშვილი

მისი ყველაზე დიდი „მტერი“ კიბეა. თამარაშვილის ქუჩაზე, კორპუსში მესამე სართულზე ცხოვრობს და იმისათვის, რომ ზოგჯერ სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს და გარეთ გავიდეს, ყველა კიბის გადალახვა, მას და ახლობლებს დიდ წვალებად უჯდებათ.

უკვე რვა წელია, რაც დავით აბდუშელიშვილი ეტლით მოსარგებლეა. 2011 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანამშრომლის მიერ საჭის არასწორად მართვის გამო ავარიაში მოჰყვა და ეტლს მიეჯაჭვა.

ძირითადად სულ სახლშია და ელოდება შვილებს ან ახლობლებს, რომ გარეთ გაიყვანონ. ეს კი არც ისე ხშირად ხდება. ამბობს, რომ მათი შეწუხება უკვე ერიდება.

„ჩვენი ქალაქი არაა ადაპტირებული, რა არის დასამალი?! სუფთა ჰაერზე გასვლა რომ მომინდეს ჩემით ვერ გავალ, ჩემი შვილები, მეგობრები და მეზობლები უნდა შევაწუხო, თუმცა უკვე მერიდება, როცა წონაც გაქვს ხშირად ვერ სთხოვ. მერე უარს კი არ მეუბნებიან, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან“.

არაადაპტირებულში კი პირველ რიგში საკუთარ საცხოვრებელს გულისხმობს. სახლიდან გასვლა დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან არც სპეციალური ლიფტი აქვს და არც კიბეებზე დასამაგრებელი პანდუსები.

ამბობს, რომ თითოეულ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობა აქვს: „ადაპტირებული გარემო მხოლოდ პანდუსი არაა, ეს პანდუსიც ყველა ტროტუარს ხომ არ აქვს? უნდა იყოს შესაბამისი ტრანსპორტი, კეთილმოწყობილი მაღაზიები, ის რომ მე ჩემით შევძლო აფთიაქში წასვლა, საავადმყოფოში მისვლა“.

‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მხოლოდ ის უნდა, რომ სახლიდან გასვლა დამოუკიდებლად შეძლოს. რვა წლის განმავლობაში ქალაქის თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, რათა სახლზე ლიფტი გაეკეთებინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლანდელი მერისთვის კი არ მიუმართავს, რადგან თვლის, რომ აზრი არ აქვს.

სწორედ ასეთი პესისმისტური დამოკიდებულების გამო, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა, დღეს სახლიდანაც ვერ გადის. უბედურ შემთხვევამდე სასაზღვრო სამმართველოში მაიორი იყო, ოჯახსაც ძირითადად ის არჩენდა. შემთხვევის შემდეგ კი სამსახური არავის შეუთავაზებია და არც თვითონ უძებნია.

„სიმართლე რომ გითხრათ, სამსახურის მოძებნა არც მიცდია, იცით რატომ? ყოველ დღე ვინ შევაწუხო რომ ჩამიყვანოს და ამომიყვანოს. დილის ცხრა საათზე მე თუ სამსახურში არ მივედი ესე როგორ გამოვა. მაგას ვეღარ გადავიტან ერთი ტრაგედიაც მეყოფა“.

სახლში კი ტელევიზორთან და კომპიუტერთან მეგობრობს. სხვა დღეებში კი სპეციალურ პროცედურებს იკეთებს ფეხებზე, რათა მგრძნობელობა დაუბრუნდეს. აქამდე ერთი ოპერაცია გაიკეთა და კიდევ ერთი სჭირდება. ამბობს, რომ მგრძნობელობა ცოტა დაუბრუნდა და იმედოვნებს, რომ მეორე ოპერაცია უშველის.



ვილი ზუბაშვილი

ვილი ზუბაშვილი ცერებრალური დამბლით დაიბადა. ახლა ის 30 წლისაა. ყველაფერში, რაც სჭირდება დედა, მაია ზუბაშვილი ეხმარება.

2დედა იხსენებს, რომ წლების წინ ვილი სამსახურში ჩუმად მიჰყავდა, რადგან სახლში ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა. იმ პერიოდში, საბავშვო ბაღში მუშაობდა და როცა დაწესებულებაში განათლების სამინისტროდან დამსწრეები მიდიოდნენ, საკუთარ შვილს ფანჯრიდან გარეთ აპარებდა, ისე, რომ არავის შეემჩნია.

ამბობს, რომ წლების წინ საზოგადოების ნაწილისგან მიუღებლობას უფრო აშკარად გრძნობდა: „მასზე ხელს იშვერდნენ, მეზობლები მთხოვდნენ ეზოში სათამაშოდ გაშვებული ბავშვი სახლში შემეყვანა. იმიტომ, რომ ვილის შეზღუდული შესაძლებლობა როგორც ფიზიკურობაში, ისე მის ქცევებში გამოიხატებოდა. ვერ საუბრობდა და სხვადასხვა ბგერებს გამოსცემდა. ახლა უკვე რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია“.

საზოგადოების ასეთი დამოკიდებულების გამო, მაიამ გადაწყვიტა, შვილი სოფელში ახლობლებთან გაეშვა და იქ გაეზარდა, თუმცა წლების შემდეგ, ვილიმ დედასთან დაბრუნება მოინდომა. დღეს ერთად, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ცხოვრობენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ვილი სხვადასხვა აქტივობით დაკავდა. უყვარს ხატვა, ცეკვა და სიმღერა.

„ვილი ჯერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სკოლაში დამყავდა, 18 წლამდე. ახლა „ტალიტა კუმის“ შშმ პირთა დღის ცენტრია და იქ მიდის ხოლმე. იქ ხატავენ, ხელსაქმეს ასწავლიან, თექაზე მუშაობას, სიმღერას, ცეკვას და ამითაცაა დაკავებული“.

საკუთარი შვილისა და მსგავსი პრობლემების მქონე მოზარდების დასახმარებლად, მაიამ შშმ პირთა სხვა მშობლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ ჩამოაყალიბა. ისინი ცდილობენ, საკუთარი შვილები ქალაქში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართონ.

ამ ეტაპზე, ორგანიზაციის მთავარი მიზანი დღის ცენტრის აშენებაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშულებას მისცემს საკუთარი ნაშრომი გაყიდონ და შემოსავალი გაუჩნდეთ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები დღის ცენტრის გახსნას, ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ძველ შენობაში გეგმავენ.
„ჩვენს დღის ცენტრში 18 წლის ზემოთ ბენეფიციარები იქნებიან. დასაქმდებიან, შეძლებენ მუშაობას, სპეციალობების კუთხით, თავიანთი ნამუშევრების დამუშავებას. შეძლებენ თექაზე თიხაზე, ხეზე მუშაობას. დღის განმავლობაში გაერთობიან, ექნებათ მუსიკის გაკვეთილები, თანამედროვე მუსიკას შეისწავლიან, ასევე, სამეჯლისო ცეკვებსაც“, - ამბობს მაია ზუბაშვილი.

მაიას სჯერა, რომ მისი შრომა და მიზნები უშედეგოდ არ ჩაივლის.



გიორგი მაზმიშვილი

გიორგი მაზმიშვილს ბევრი მიზანი აქვს. უნდა რომ კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს. ახლა ახალციხის პირველ სკოლაში სწავლობს, მეათე კლასშია, წერა–კითხვა უჭირს. გაკვეთილზე დიდხანს ჯდომა არ შეუძლია, თუმცა დავალებებს ყურადღებით ისმენს.

სამაგიეროდ, უყვას ხატვა, ფეხბურთის თამაში და იხვების მოვლა: „სპორტი და ფეხბურთი მიყვარს, იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია. მთელს ქალაქში ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ერთადაც ვთამაშობ ხოლმე ბურთს. კიდევ ჩემი კვატები მიყვარს, შურა, ჟუჟუ და სირაქლემა. ვუვლი და ვაჭმევ ხოლმე“, – ამბობს გიორგი.

მაია მაზმიშვილმა შვილს შეზღუდული შესაძლებლობა, მაშინ შეამჩნია, როდესაც სკოლის ასაკის იყო. მასწავლებლები ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს პრობლემა ჰქონდა, რადგან გაკვეთილის ათვისება უჭირდა.

„სკოლაში რომ შევიყვანე არ ჰქონდა აქტიურობა, არ თამაშობდა ბავშვებთან, მასწავლებელმა მითხრა, ბავშვი ვერ სწავლობსო. ვერ ახერხებს წერას და კითხვასო, არ ხატავს არ თამაშობს ბავშვებთანო. გაკვეთილზე არ ზის, მაგრამ დადის და ისე უსმენს მასწავლებელს“, – ამბობს მაია.

‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

გარკვეული დროის განმავლობაში, გიორგიმ სკოლაში სიარულზე უარი თქვა. მოზარდზე იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ სხვების მსგავსად წერა და კითხვა არ შეეძლო. ამიტომ დედამ მისი მიყვანა სარეაბილიტაციო ცენტრ „მწვანე სახლში“ გადაწყვიტა. აქ გიორგის სხვადასხვა უნარი განუვითარდა, მათ შორის ხატვა და ფერების ამოცნობა მოსწონს.

„გიორგის ხატვა ძალიან უყვარს. მაგალითად ადამიანებს, როცა ხატავს თავს დაბლა უხატავს, ფეხებს ზევით. თავისი წარმოსახვა და წარმოადგენა აქვს ყველაფერზე. რამდენჯერაც არ უნდა სცადოს ადამიანს მაინც ისევ ისე დახატავს“, - ამბობს მაია.

გიორგის, ვილისა და დავითს განსხვავებული პრობლემები, თუმცა საერთო სურვილები აქვთ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქში არსებული გარემო უფრო მეტად ადაპტირებული იყოს და ასეთი ადამიანების საჭიროებებზე უფრო მეტად ზრუნავდნენ.

‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს


[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
ერთი ისტორია ბევრის პრობლემებით
შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით
ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო