ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები
მთავარი → სიახლე, რეპორტაჟი05.08.2019ახალგაზრდა გამომგონებლებს, ამირან ჯანაშვილს და თაკო თათეშვილს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანების ცხოვრებისა და პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.
ამირან ჯანაშვილი 18 წლისაა. შარშან სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის სწავლა დაიწყო. ინტერესი კი ბავშვობაში გაუჩნდა. თავის გამოგონების, საპარტულო კატარღის შესაქმნელად დიდი საინჟინრო გათვლები არ დაჭირვებია:„ამ გამოგონებაში მთავარი იდეა იყო. ვფიქრობ საპატრულო კატარღას სამაშველო ფუნქციით გამოიყენებენ, რადგან შტორმის დროს გემში არსებული კაბინა არ ტრიალდება, დახურულია ჰერმეტულად და შიგნით მყოფებს საფრთხე არ ექმნებათ. არსებობს სხვადასხვა ჰიდროსკოპული დაკიდების საშუალებები, მაგრამ ამის მსგავსი არა“.
საპატრულო კატარღა
როგორც ინჟინერს, ქვეყნის ინფრასტრუქტურული დონე არ მოწონს და ამის მიზეზს კორუფციასა და არაპროფესიონალიზმში ხედავს. სან დიეგოს უნივერსიტეტში მესამე კურსიდან მიმართულების არჩევა მოუწევს: „კონსტრუქციულ ან სატრანსპორტო ინჟინერიაზე უნდა ვისწავლო, კონსტრუქციული შენობებს ეხება, სატრანსპორტო კი გზებს, გვირაბებს, ხიდებს და ა.შ. ჩემთვის მთავარი ბუნების და ადამიანის ინტერესების სინთეზით შენება იქნება“.
ამირანი ახალ გამოგონებაზე ამჟამად არ მუშაობს. დასვენების დროს კი აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოების ყურებაში ატარებს: „ჩემი საქმის სიყვარულის გამო ვამბობ გართობაზე უარს და მშენებლობებზე დავდივარ. დღეს მაგალითად ბეტონი დაასხეს და ვუყურებდი როგორ ხდებოდა. ბლოკნოტიც დამაქვს და ვიწერ ხოლმე მითითებებს. ვუყურებ ძირითადად სასტუმროს მშენებლობას“, – ამბობს გამომგონებელი.
აპლიკაცია - GoGeoGo
16 წლის თაკო თათეშვილმა აპლიკაცია სახელად GoGeoGo ოთხ მეგობარ გოგონასთან ერთად შექმნა.
„ეს აპლიკაცია ნებისმიერს დაეხმარება ადვილად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აქ არის ინფორმაცია თუ სად მდებარეობს სადგური, რომელ საათებში გადის ავტობუსი, ფასი, მგზავრობის დრო და ა.შ. იმედია სამომავლოდ ბევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ამბობს თაკო. თაკოს და მისი მეგობრების შექმნილმა აპლიკაციამ საქართველოს 13 გუნდს შორის პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორიო ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველო სწორედ მათ წარმოადგინეს.
„აპლიკაციის მიზანი იყო, რომ ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს დაეხმარებოდა და ადვილად ემოძრავათ, ამით გვინდოდა ტურიზმის და ეკონომიკის ხელშეწყობა“.
თაკო ამბობს, რომ გოგო გამომგონებლები იშვიათობაა, რაც არ მოწონს და ამბობს - გოგოებს და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და გოგოებს მოვუწოდებდი, რომ მეტად ცადონ“.
ახალგაზრდა გამომგონებელს ვკითხეთ, თუ რა სურს სამომავლოდ: „ჩემთვის გამოგონება ნიშნავს პრობლემების გადაჭრას და სხვების დახმარებას. კარგად გაგრძნობ თავს, როცა ქმნი ისეთი რამეს, რაც ადამიანს ცხოვრებაში ეხმარება“. მისი სამომავლო მიზანი კომპიუტერული მეცნიერების შესწავლაა.
„რობოტიზაცია უკვე ოცნება აღარაა, ადამიანებს ეს აშინებს, მაგრამ რობოტები ადამიანების მიერ იქნება გამართული და ხელს შეგვიწყობენ პრობლემების გადაჭრაში. ასევე ბევრ უსიამოვნო საქმეს გააკეთებენ. მინდა ადამიანებს, ცხოველებს და მთლიანად ბუნებას დავეხმარო ჩემი მიღწევებით“.