FM97.5 / LIVE

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 25.07.2019
მღვდელი პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაიბადა. რუსული იმპერიის დევნამ იძულებული გახადა, ევროპაში წასულიყო. რომის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანე დააარსა. წლების შემდეგ, ამ სავანეში განმანათლებელ ივანე გვარამაძის მზრუნველობით, სწავლას მიხეილ თამარაშვილი დაიწყებს.

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]

აბატი პეტრა


კათოლიკე სასულიერო მოღვაწე, პეტრე ხარისჭირაშვილი მე–19 საუკუნის დასაწყისში (არსებობს რამდენიმე ვერსია 1804, 1805 ან 1818) ახალციხეში დაიბადა.

მას განათლება ალექსანდროპოლის კათოლიკეთა სასულიერო სასწავლებელში მიუღია. აქ სასულიერო პირებს აზიაში მსახურებისთვის ამზადებდნენ. ამიტომ, ევროპულთან ერთად, აღმოსავლურ ენებსაც ასწავლიდნენ. მან იცოდა ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები. ალექსანდროპოლის შემდეგ მან რომის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში "საღმრთო–სამეტყველო" კურსი წარამტებით დაასრულა.

განათლების მიღების შემდეგ, პეტრე სამშობლოში ბრუნდება. ამ დროს რუსიფიკატორული პოლიტიკა საქართველოში ქართველ კათოლიკეთა ისტორიიდან გაქრობას და მათ სომხებად გამოცხადებას ცდილობდა. აბატმა პეტრემ კი მიზნად ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დაისახა. მესხეთში კათოლიკეებს ქართულად წირვა აკრძალული ჰქონდათ, თუმცა ხარისჭირაშვილი ქართულად ქადაგებდა. ეროვნული სულისკვეთებით მოღვაწეობის გამო, პეტრეს სამშობლოდან გადახვეწა აიძულეს.

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]„რამდენიმე ხნის შემდეგ, პაპმა და მისმა კარდინალებმა ლოცვა-კურთხევა და დახმარება მისცეს, დაჰპირდნენ ყოველ შემწეობის აღმოჩენას, ოღონდ შენ კი ამ ერის საქმეს ხელი მოჰკიდეო; სასწავლებელი დაარსდეს და ამ სასწავლებელში მათთვის მოძღვარნი ქართულს ენაზე გამოიზარდნენო. შემდგომ ამისა პეტრე ხარისჭირაშვილი რომიდგან განემგზავრა მთელს ევროპიის კათოლიკეთა სახელმწიფოებში და პაპის მეოხებით ყოველ სახელმწიფოს უმაღლეს სასულიერო პირებთანაც თავისუფლად წარსდგებოდა და მოახსენებდა ქართველ კათოლიკეთა შესახებ ისტორიას“, - აღწერს ზაქარია ჭიჭინაძე 1895 წელს გამოცემულ წიგნში - აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი.

ამის შემდეგ, პეტრემ ვატიკანისგან უფლება მოიპოვა, 1859 წელს სტამბოლში შეექმნა კონგრეგაცია (რომის პაპთან არსებული ადმინისტრაციული ორგანო), ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე დააარსა.

„ამ სავანემ უდიდესი ეპოქა შექმნა საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით. იქ მესხეთიდან ჩადიოდნენ 13-14 წლის ბავშვები, იღებდნენ სასულიერო განათლებას და სამშობლოში ბრუნდებოდნენ ეროვნული იდეებით. სტამბოლში არაერთი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე აღიზარდა“, - გვიყვება ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი, რომელიც პეტრე ხარისჭირაშვილსა და ივანე გვარამაძის საერო საქმიანობაზე გვესაუბრა.

აბატმა პეტრემ სტამბოლში მოღვაწეობისას გამოსცა წიგნები: "გეოგრაფია", "გზა ცხოვრებისა", "გვირგვინწამებულთა", "ყვავილის კონა ყრმათა", "წინამძღვართ ზეცისა", "მოკლე რიტორიკა", "მოკლე ფილოსოფია", "სიბრძნე კაცობრივი", "მოკლე ქართული ღრამატიკა", "საქრისტიანო მოძღვრება". მან, ასევე, ლათინურიდან თარგმნა „იგავნი იეზებოს ფილოსოფოზისანი".



„მესხეთის ილია“


ივანე გვარამაძე 1831 წელს, ვალეში დაიბადა. ისტორიკოსების ცნობით, წერა–კითხვა ვალეს სოფლის მღვდელთან ისწავლა, შემდეგ კი თვითგანათლებას ეწეოდა და განსაკუთრებული ნიჭიერების გამო, პეტრე ხარისჭირაშვილის მოწაფე გახდა.

ნატო ყრუაშვილი ივანე გვარამაძის და სხვა მესხი განმანათლებლების შესახებ არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან ივანე გვარამაძეს, მისი ცხოვრების შესწავლის შემდეგ, „მესხეთის ილია“ უწოდა. თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს ივანეს მოღვაწეობა საკმარისად დაფასებული არ არის.

„მის პერიოდში ურთულესი შიდა პოლიტიკური ვითარება იყო და ქართველი მოსახლეობა სარწმუნეობრივად სამ ნაწილად გაითიშა – ქართველ კათოლიკეს ფრანგი დაარქვეს, მაჰმადიან ქართველს – თათარი. ეს ვითარება კარგად დაინახეს ქართველმა კათოლიკეებმა, მათ შორის იყო ივანე გვარამაძეც. ამის საპასუხოდ, თუ ხარისჭირაშვილმა საგანმანათლებლო კერა სტამბულში შექმნა, მისი მოწაფე სამშობლოში დაბრუნდა და აქ ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი შექმნა”, - ამბობს ყრუაშვილი.



ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ სასულიერო მოღვაწე ივანე გვარამაძე არქეოლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, მწერალ-პუბლიცისტი, პოეტი და მხატვარი იყო. მას ახალციხესა და ხიზაბავრაში სასულიერო სკოლებიც დაუარსებია: „მთელი ცხოვრება პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და იმ პერიოდის ყველა ქართულ გაზეთში სხვადასხვა თემატიკის სტატიებს აქვეყნებდა“.

ნაწყვეტები ივანე გვარამაძის ლექსებიდან:

კავკასიის მთები

რა არს კავკავ მთებო, რა ფერხულ ჩაგიბიან?
მიგიციათ ზურგი ზურგთა, მკლავი მკლავთა გაგიბიან.
სატრფოსადმი
ახ რად დამდაგე ლამაზის სახბადრო წარბ წამწამო!
გიშრის ქოჩორ ულვაშთა საროდ ზრდილ ტანად ლერწამო!
უსუსური ყრმა
ვაჟიშვილს ბევრნი ნატრობენ, ზოგი სტირს ზოგნი ხარობენ,
ვაჟზედ დედ-მამა მნათობენ, საზრდოდ არავის ანდობენ.
გული.
გულო, რა ხარ? ან რას გავხარ, ხან დამტირი და ხან თავს დამხარ.
მოწაფე და კალამი.
ჩემო კალამო, თავს ნუ მალამ, თუ კარგად დაწერ, დამავალამ!
გალობა.
ცამ მოხედა ივერთ მხარეს, მოელხინათ მზეს და მთვარეს,
ვარსკვლავთაც გაიხარეს, ანათებენ არემარეს.


*გრიგოლ ჯვარიძის წიგნიდან - ივანე გვარამაძის პირადი არქივის აღწერილობა

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]სასულიერო მოღვაწემ საფუძველი ჩაუყარა თავის საოჯახო მუზეუმს, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა დღევანდელი ისტორიული მუზეუმი. ყრუაშვილის თქმით, მე–19 საუკუნეში თბილისში ჩამოსულ მოგზაურებს სამცხე-ჯავახეთში აგზავნიდნენ, გვარამაძის ექსპონატების დასათვალიერებლად: „პროფესორმა პრაისმა იმდენად მოიწონა მისი მინიატურული ლოცვის წიგნი, რომ 100 000 სტერლინგზე მეტი შესთავაზა, მაგრამ ივანემ უარი უთხრა. ეს წიგნი მას სიცოცხლის ბოლომდე თან დაჰქონდა“.

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]ნატო ყრუაშვილის თქმით, მიხეილ თამარაშვილის უნიკალური წიგნების შექმნაში ივანეს უდიდესი წვლილი მიუძღვის: „თამარაშვილი ხშირად წერდა და სთხოვდა სომხურენოვანი გაზეთებიდან მისთვის საჭირო ტექსტების თარგმნას“.

მიქელ თამარათი


მიხეილ თამარაშვილი პეტრე თამარაშვილის ოჯახში, ახალციხეში, 1858 წელს დაიბადა. პეტრემ შვილს განსაკუთრებული ნიჭიერება შეატყო და, ხელობის შესწავლის ნაცვლად, რაბათის დასახლებაში, ქვემო ეკლესიის სამრევლო სკოლაში, ივანე გვარამაძეს მიაბარა.

1878 წლიდან, ივანე გვარამაძის რჩევითა და ხელშეწყობით, მიხეილ თამარაშვილი კონსტანტინოპოლში იწყებს სწავლას, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, სტამბოლში ქართული მონასტრის დამაარსებლის, პეტრე ხარისჭირაშვილის სამრევლო სასწავლებელში. განათლების მიღებას, 1881–1883 წლებში, უკვე ესპანეთის სასულერო სემინარიაში აგრძელებს. 1888 წელს ამთავრებს პარიზის წმინდა ლაზარეს სასულიერო სასწავლებელს და სამშობლოში ბრუნდება.

თბილისში, ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის წინამძღვარი ხდება. ეროვნული იდეებით აღსავსე მის ქადაგეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი ისმენდა. ამას რუსეთის იმპერიის უკმაყოფილებაც მოჰყვა და 1889 წელს, დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, მიხეილ თამარაშვილი უკვე სამუდამო ემიგრაციაში წავიდა.

რომში გადახვეწილი თამარათი (იტალიაში ამ სახელით იცნობენ), 1894 წელს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდებას იღებს. ამ პერიოდიდან ის ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში ეძებს და იკვლევს საქართველოს ისტორიის ამსახველ მასალას; ხოლო 1902 წელს გამოდის წიგნი – "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის".

„მამა მიხეილ თამარაშვილმა მოახერხა ვატიკანის არქივებში შესვლა და სხვადასხვა ენაზე იძიებდა საქართველოს ისტორიულ ცნობებს. საქართველოში მისიონერები მე–13 საუკუნეში, კათოლიკობის გასაძლიერებლად შემოვიდნენ, ამას თამარაშვილი აღწერს თავის ნაშრომებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საუკუნეებია კათოლიკეები ვართ. ეს ჩვენთვის, ქართველი კათოლიკეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, - გვითხრა მესხეთის დეკანოზმა ზურაბ კაკაჩიშვილმა.

ევროპის ინტელექტუალები მე–20 საუკუნის დასაწყისშიც და შემდგომშიც აქტიურად განიხილავდნენ მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის შესახებ, თუმცა საბჭოთა „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფ მის სამშობლოში თამარაშვილზე ბევრი არაფერი იცოდნენ. ამ ფონზე ერთმა ქართველმა თამარათის სამშობლოში გადმოსვენება გადაწყვიტა და გარდაცვალებიდან 67 წლის შემდეგ, იტალიაში მის საფლავსაც მიაგნო.

ხანგრძლივი მცდელობის შედეგად, დაარწმუნა საბჭოთა მთავრობა, რომ თამარაშვილს სამშობლოში დაკრძალვა ეკუთვნოდა. რეზო თაბუკაშვილმა რომიდან, საკუთარი ძალისხმევით, ჩამოასვენა მიხეილ თამარაშვილის ნეშტი და 1978 წელს, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოში დაბრუნება მან მხოლოდ ასე და მხოლოდ ემიგრაციაში წასვლიდან 88 წლის შემდეგ შეძლო.



ფოტოები მოგვაწოდა ნატო ყრუაშვილმა

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს
ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]
ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა