FM97.5 / LIVE

‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 04.07.2019
ქართული საკრავის დასამზადებლად ერთი თვე სჭირდებათ. ამბობენ, რომ ყველაზე კარგი ფანდური თუთის ხისგან გამოდის. ნამუშევრებს იშვითად ყიდიან, „შვილივით ნაფერები“ ინსტრუმენტი მხოლოდ ახლობლებისთვის ემეტებათ. მესხი მეფანდურეების მოჩუქურთმებულ ფანდურებს, საქართველოს სხვადასხვა მხარეში შეხვდებით.

‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

ადიგენის სოფელ უნწაში მცხოვრებმა გულადი მსხვილიძემ, ფანდურების გაკეთება სამი წლის წინ, 55 წლის ასაკში, დაიწყო. სახლის აივანზე პატარა სახელოსნო აქვს მოწყობილი. თავისუფალ დროს თავის „სამფლობელოში“ ჯდება, იღებს ხის დამუშავებულ ნაჭერს, სათლელ ხელსაწყოს და იწყებს მუშაობას. ამბობს, რომ ამ დროს თავს ყველაზე კარგად გრძნობს.

„დარდსაც გავიწყებს და სულ ყველაფერს. ჩემი ჰობია. როცა ფანდურზე მუშაობ კარგად ხარ. თან ღიღინებ, თან აკეთებ“.

პირველი ფანდური შვილიშვილს გაუკეთა: „ჩემი შვილიშვილი ვალეში ცხოვრობს. სამრევლო სკოლაში მიიყვანეს, ფანდური სჭირდებოდა და ვერ ვუყიდეთ. ავდექი და მე თვითონ გავუკეთე“.



ხის მასალებს ახლობლები ჩუქნიან. ფანდურებს თუთის, ვერხვის და პანტის ხეებისგან აკეთებს. თუმცა ამბობს, რომ საუკეთესო ფანდური თუთისგან გამოდის. ხის საუკეთესო ნაჭერს დაახლოებით 8–10 სანტიმეტრის სიღრმემდე ამოასუფთავებს და ერთი თვით გასაშრობად დებს.

„ფანდურისთვის ამოთლილ ხის ნაჭერს აკუსტიკა ჰქვია. იმისათვის, რომ ფანდურს კარგი ხმა ჰქონდეს, აუცილებელია, ამოსუფთავებული ნაჭერი კარგად იყოს გამშრალი. ისეთი თხელი უნდა იყოს, რომ გახედო, სინათლე გასდიოდეს“.

შემდეგი პროცედურა უკვე ტარის დამაგრებაა. „ტარსაც თავისი სპეციალური მასალა უნდა. მე, ძირითადად, ცაცხვისგან ვაკეთებ. ტარსაც თავისი ზომები აქვს. ჩავსვამ ერთმანეთში ტარსა და ძირს და მერე ვეძებ ყავარს, რომ გადავაკრა. კაი გაკეთებულ ფანდურს კი შავი სიმები უნდა, უფრო კარგი ხმა რომ ჰქონდეს“.

‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

ფანდურზე დაკვრა მას შემდეგ ისწავლა, რაც საკრავის გაკეთება დაიწყო. გულადის სამი წლის განმავლობაში 17–მდე ფანდური აქვს გამოთლილი. ამბობს, რომ ეს მისთვის შემოსავლის წყარო არ არის.“ ათასში ერთხელ თუ გავყიდი, რვა შილიშვილი მყავს და, ძირითადად, მათთვის და ახობლებისთვის ვამზადებ“.

გულადის ყველაზე პატარა შვილიშვილს, ექვსი წლის ქეთის უკვე აქვს პაპას ხელით გამოთლილი ორნამენტებიანი ფანდური, თუმცა ჯერ დაკვრა არ იცის. ამბობს, რომ გაიზრდება და აუცილებლად ისწავლისო.

80 წლის ნიკო ნადირაძის ყოველი დილა ფანდურზე დაკვრით და სიმღერით იწყება. ვალეში მცხოვრები მეფანდურე ხალხურ საკრავს 1954 წლიდან აკეთებს.

პირველი ფანდური მაშინ გააკეთა, როდესაც მისი ძმა ჯარში წავიდა.

„ჩემი ძმის ჯარის ამხანაგი მოვიდა და მითხრა, ამ ფანდურს შენს ძმას წავუღებო და გავატანე. დავრჩი უფანდუროდ. წავედი წყლის პირზე, ნაჯახით მოვჭერი ხე, მოვიტანე და გავაკეთე ჩემი პირველი ფანდური. ეხლა ის საკრავი ანდრიაწმინდაშია.“

გულადის მსგავსად ფანდურებს ნიკოც თუთის, ვერხვის, ცაცხვის ხეებისგან ამზადებს, ზოგჯერ – ალვის ხისგანაც. ფანდური არც მას გაუყიდია.

„საერთოდ, როცა ფანდურს აკეთებ, ძალიან ხალისიანი უნდა იყო. შენი საქმე უნდა გიყვარდეს ისე, როგორც დიასახლისს ჭურჭლის დასუფთავება. აბა, კაი ხინკალი გააკეთო და მოიტანო და სუფრა გადასაწმენდი იყვეს, გემო ხო აღარ ექნება იმას“.



საკრავების გაკეთების პროცესი მისთვისაც სასიამოვნოა. აკეთებს როგორც კლასიკურ 12 დანაყოფიან, ისე ტრადიციულ 7 დანაყოფიან ფანდურებს.

უყვარს მათი გაფორმება. ზოგი ფანდურის ტარის თავზე არწივია გამოსახული, ზოგზე ჯიხვი. დატანილი ორნამენტებიც მისი ფანტაზიის ნაყოფია: „მეორე მსოფლიო ომის დროს, ხშირად უკრავდნენ ფანდურს. მაშინდელი საკრავის ხმა ჩემს ორგანიზმში და ტვინში შევიდა. ფანდურის სიყვარულმა ყველაფერი გამაკეთებინა“.

80 წლის ნიკო პაპა მხოლოდ ფანდურებს არ თლის. იგი სამშენებლო იარაღებს, წყლის წისქვილებს და ბუხრებს აკეთებს. წლების განმავლობაში, ასევე, აშენებდა სახლებს და ეკლესიებს: „მშენებლობის ნიჭი პაპაჩემისგან გამომყვა“.

ნიკოს ერთი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ მათ არ იციან დაკვრა, თუმცა თავად სულ უკრავს. „დღე არ გავა, დილით ათი წუთი რომ არ დავუკრა. კარგია ნერვული სისტემის დამშვიდებისთვის“.

‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]
ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]
არის ერთი ქალი . . .
მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]
თუთის ტყლაპი  [ფოტო]
'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]