გულო გელაშვილს რძის პროდუქტები სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“ ეზოში, შენობის წინ, ხის დახლზე აქვს დაწყობილი. ზაფხულის ცხელი მზისგან ყველს მხოლოდ ქოლგა იცავს.
„მზეზე დიდი ხანი არ ვტოვებთ, ქოლგის ქვეშაა და ვარიდებთ სიცხეს. დიდი ხანი არც ჩვენ არ ვართ, პირველ–ორ საათზე უკვე მივიდივართ“, – ამბობს გულო, რომელიცთამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის წინ, რამდენიმე წელია ვაჭრობს.
გულოს მსგავსად მალფუჭებად პროდუქტებს ქუჩაში ყიდიან სხვა მოვაჭრეებიც. ღია ცის ქვეშ იყიდება ხილი, ყველი, რძე, კვერცხი და სხვა პროდუქტი.
ახალციხის ბაზრის შენობაში, დახლების ნაწილი თავისუფალია, სადაც გამყიდველებს შეუძლიათ პროდუქცია გრილ და შესაბამისი წესების დაცვით, დახლებზე დააწყონ და ისე გაყიდონ, თუმცა ამაზე უარს ამბობენ.
„გარეთ უფრო იყიდება, ვიდრე შენობაში, ამიტომ ავირჩიეთ ბაზრის ეზო, თორემ შენობაშიც და ეზოშიც იგივე გადასახადია – ორი ლარი“, – აცხადებენ მოვაჭრეები.
მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარეთ მალფუჭებადი პროდუქტების ყიდვა სახიფათოა. ნაწილი კი ქუჩაში ნაყიდი პროდუქტის ყოველდღიური მომხმარებელია.
„ამათგან რა ყველი უნდა ვიყიდო, ღორსაც არ შევაჭმევ, ისეთ მდგომარეობაშია“, – ამბობს ვაჟა მერაბიშვილი, რომელიც პროდუქტებს ყოველთვის ბაზრის შენობაში ყიდულობს.
ბაზრის ეზოში ყიდულობს რძის პროდუქტს ახალციხელი ბადრი პაპიძე: „ვენდობი, ვისგანაც ვყიდულობ და მჯერა, რომ ცუდს არ მომყიდის“.
ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია გვიხსნის, რომ შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო, გარე მოვაჭრეების კონტროლს ვერ ახერხებენ.
„პროდუქციის ხარისხს, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ექიმი აკონტროლებს, ბაზრის ეზოში კი, ვისაც სურვილი აქვს, მხოლოდ მათი პროდუქცია მოწმდება. ექიმი ყოველდღე არალაბორატორიულად ამოწმებს ყველისა და რძის პროდუქტებს, ასევე ზედაპირულად მოწმდება ხორცპროდუქტებიც. თითქმის ყოველ თვე შემოდის სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრის ტერიტორიაზე, მაგრამ მას არ აქვს უფლებამოსილება, დააჯარიმოს გარე მოვაჭრეები ან აუკრძალოს მათ პროდუქციის გაყიდვა“, – განმარტავს ვახტანგ ქართველიშვილი.
მისი თქმით, რძის პროდუქტებით მოვაჭრეებისთვის, რომლებიც ბაზრის შენობის გარეთ ვაჭრობენ, ერთი ოთახია გამოყოფილი, სადაც ნაწარმს ინახავენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ „გარე ვაჭრობას არეგულირებს მერია, თუმცა პროდუქტზე კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის“.
სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენადიებით მიმართავს მოსახლეობას იმისთვის, თუ როგორ შეამოწმოს მომხმარებელმა პროდუქტის ვარგისიანობა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტოროლებს რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს. გარე ვაჭრობა – ეს არის ისედაც აკრძალული საქმინობა და დაუშვებელია მაღალი რისკის სურსათის შეძენა ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვის და რეალიზაციის პირობები,“ – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ვახტანგ ქართველიშვილის განმარტებით, სამომავლოდ, ახალციხის ბაზრის ტერიტორიაზე შენდება შენობა, რომელიც დაიყოფა სექციებად და განკუთვნილი იქნება რძის, ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და სხვა პროდუქციისათვის.
ბაზრის შენობის გარეთ მოვაჭრეები ახალი შენობის დასრულებას ელოდებიან, რათა იქ გადავიდნენ და გარეთ აღარ მოუწიოთ პროდუქციის გაყიდვა: „ახალ შენობაში რძის პროდუქტები ერთ სივრცეში იქნება და ეს უფრო მოსახერხებელია“.
ახალციხის ბაზრის დირექტორის ვახტანგ ქართველიშვილის განცხადებით, „2020 წლიდან ძალაში შევა რეგულაციები, რითაც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა ყველა მოვაჭრე. ეს კი ვითარებას მნიშვნელოვნად გამოასწორებს“.
[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]