
პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად მოსახლეობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან სამარშუტო ტაქსებითა და საკუთარი მანქანებით ჩამოვიდნენ.
„სოფელ ხიზაბავრიდან ჩამოვედი, ჩვენი სოფლიდან ალბათ სამი სამარშუტო ტაქსი წამოვიდა, 30 ადამიანი იქნება. საკუთარი სურვილით ჩამოვედით, რომ მოგვესმინა ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, დაპირებები მივიღეთ ქვეყნის მშენებლობის, წინსვლის, წარმატების და გვჯერა მისი“, - ამბობს სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ პეტრიაშვილი.
აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ გიორგი მარგველაშვილის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული პრბლემები მოგვარდება.
„პრეზიდენტობის კანდიდატმა რეგიონის აღონრძინებაზე ისაუბრა, ეს ჩვენი პრობლემაა, სოფლის მურნეობის საკითხებს შეეხო, განათლებას, ჯანდაცვა, ხელოვნებაზეც ისაუბრა. ასპინძისთვის რიგით პირველი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყალია. ძალიან ბევრი მიწებია, რომელსაც გლეხები ამუშავებს და მერე ვეღარ რწყავენ, აი ეს თუ გაკეთდა და სოფლის მეურნეობას მიეხედა ძალიან კმაყოფილები ვიქნებით“, - ამბობს ასპინძის მკვიდრი რეზო გვირჯიშვილი.
„ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის უფროსი მამუკა მელიქიძე აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობით კმაყოფილია.
„მოსახლეობა დღეს მარგველაშვილთან შესახვედრად საკუთარი ინიციატივით გამოვიდა, უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო მუშაობა, ჩვენი აქტივი გვყავს. კმაყოფილი ვარ ხალხის რაოდენობით, რასაც ველოდით, იმ რაოდენობის ხალხი მოვიდა. ჩვენ საარჩევნოდ გვაქვს უბნები დაკომპლექტებული და ეს ხალხი ჩვენი აქტივია, რომლებიც მხარს უჭერენ ბატონ მარგველაშვილს“, - ამბობს მამუკა მელიქიძე და ამატებს, რომ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებსა და მათი პრობლემების მოსმენას აგრძელებენ.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მარგველაშვილმა ადგილობრივებს 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონი, დიდი ბალნეოლოგიური, ტურისტული პოტენციალი აქვს, ასევე დიდი შესაძლებლობებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ ვაცნობთ საზოგადოებას, თუ რა პირველი ნაბიჯები გადავდგით. პირველი ნაბიჯი ბუნებრივია იყო, პირველი გაჭირვების მოხსნა. დღესაც საუბარია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს პენსიები. არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაგრამ მცირე შემოსავალი აქვთ, პოლიტიკა თავიდან იყო მიმართული იქით, რომ მიგვეცა პირველი შვება, ეს იყო ამ წლის მიზანი და სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილიც ამაზე საუბრობდა, რომ ეს წელი იქნება საკმაოდ რთული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური სტაბილიზაციის პარალელურად, ეკონომიკურ სტაბილიზაციას და ინვესტიციების ზრდასაც ელოდებიან: „ეს ერთის მხრივ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლები ისევ სოციალურ პროექტებში დაიხარჯოს. მეორეს მხრივ შექმნის სამუშაო ადგილებს. ამისთვის ვერთიანდებით დღეს, რომ საზოგადოება გვენდოს, ამის პარალელურად დასტაბილურდეს პოლიტიკა, ამას მოჰყვეს სტაბილური ეკონომიკა და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ რეგიონის მაცხოვრებლებს“.
[sknews.ge]