
შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას მარგველაშვილის გამოსვლამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა მიმართეს.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილი არის ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ქვეყნის საერთო საქმეს, ამას კი საქართველოს წინსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„გიორგი მარგველაშვილი იქნება სიმბოლო დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსი. ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იქნება დაცული. მიუხედავად ქვეყანაში რელიგიური და ეთნიკური განსხვავებისა ჩვენ ერთად ავაშენებთ დემოკრატიულ საქართველოს“, - განაცხადა პოღოსიანმა.
დეპუტატის გამოსვლის შემდეგ ახალციხელ ამომრჩევლებს გიორგი მარგველაშვილმა მიმართა:
„მოგესალმებით მესხებო! მოგესალმებით პატარა იერუსალიმში, მხარეში , რომელიც გარკვეულწილად ქმნის საქართველოს, აქ არის ჩვენი ქვეყნის ფესვები. მესხეთი ისეთ მდგომარეობაშია დღეს თითქოს 9 წელი სხვას ჰქონდა მიტაცებული. როდესაც შევხედეთ რა გაუკეთეს მას 9 წლის განმავლობაში, ვნახეთ რომ სადაც ვენახი გვქონდა გაჩეხეს, სადაც ვაშლის ბაღები გვქონდა ბანერები გააკრეს. ზოგი ეკონომიკურად დაჩაგრეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი დააშანტაჟეს. ეს რომ დავინახეთ, ამის გამკეთებელი მოურავი გავუშვით, მაგრამ ის ისევ ვენახის ირგვლივ დადის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თვითონ მოვუვლით ჩვენ ქვეყანას.
არ შეიძლება ილაპარაკო დიდ გეგმებზე როდესაც ოჯახში არ გაქვს მოგვარებული შენი პრობლემები. ამიტომ გავეცით სოფლის მეურნეობაში 700 ათასზე მეტი ბარათი.
როდესაც ვნახეთ რა დღეში ვიყავით დავიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა ის, რომ თუ რაიმე მოგვივა სახლ-კარი გასაყიდი აღარ გვექნება, მას სახელმწიფო მიხედავს.
წელში რომ გავმართულიყავით ამიტომ გავზარდეთ პენსია, გავხადეთ წიგნები უფასო... ეს ბუნებრივი ნაბიჯებია.
ეს ნაბიჯები ჩვენ გადავდგით ერთად, ამ ნაბიჯების გადადგმა იოლი არ იყო, რადგან ეს ნაბიჯები შეჩერებული იყო იმ პროცესით რასაც ჰქვია კოჰაბიტაცია. 20 წელია პოლიტიკაში ვარ და ჯობია 20 წელი იყო ოპოზიციაში, ვიდრე ერთი წელი კოჰაბიტაციაში. რაც მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ვიწყებდით რაიმე პროექტის განხორციელებას მტრები მას ვეტოს ადებდნენ, ხელს გვიშლიდნენ. ამის მიზანი კი ის იყო, რომ მთავრობასა და ხალხს შორის ბზარი გაეჩინათ. თუმცა, მათი ეს ყველა მცდელობა დაინგრა.
ჩვენ 9 წლის მერე ისევ მოვუბრუნდით ამ ქვეყანას.
2014 წლიდან უმნიშვნელოვანესი გახდება ეკონომიკის გაძლიერება. პრეზიდენტის რანგში ჩემი მიზანი არ იქნება მთავრობისთვის ხელისშეშლა. ჩემი მიზანი იქნება ხელი შევუწყო იმ გეგმას რომელიც დაისახა ჩვენ შორის როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ასევე ხალხში. რაც დაისახა ივანიშვილმა, ხომ ვენდობთ ივანიშვილს?!
ისე მინდა მენდოთ თქვენ, როგორც ბიძინა მენდო.
27-დან დაიწყება შემედეგი ნაბიჯები. ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის აღორძინებას. არ იქნება თავიდან ყველაფერი იდეალური. 2014 წლიდან კოსმოსში ვერ ვიქნებით, მაგრამ ეკონომიკაში სერიოზული ინვესტიციები დაიწყება, ეკონომიკაში ინვესტიციებით 2 წუთში შედეგს ვერ მიიღებთ. ამიტომ 2015 წელს ბევრად უკეთეს გარემოში ვიცხოვრებთ.
ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს თვენახევრის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში არავინ უდნა გამოაკლდეს პოლიტიკურ პროცესს. თორემ ამ მოგებას არ აქვს აზრი თუ არ იქნება ჩართული თითოეული თქვენთაგანი, როგორც აგიტატორი. თუ ეს ასე არ იყო მოგებას არ ექნება ის ძალა, მოგება მოგებისთვის არ გვინდა. მოგება გვინდა იყოს შთამბეჭდავი და ჩემთვის კი არა ქვეყნისთვის მინდა ეს.
იარეთ და თვენახევარი ესაუბრეთ ხალხს, მინდა რომ იყოთ აქტიურები. 51-პროცენტიანი მოგება არ არის ის მანდატი, რომლითაც ჩვენ მოვიგებთ. იყავით უაღრესად ორგანიზებულები! ვიყოთ ერთად გავერთიანდეთ და 27-ში მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, 27-ში მივცეთ ხმა, ქვეყნის განვითარებას.
მე ბევრად უფრო ხშირად ვიქნები თქვენთან არჩევნების შემდეგ, აქ ისევ დავბრუნდები და თქვენგან ავიღებ ძალას შემდგომი წარმატებისთვის“, - ასე დაასრულა მარგველაშვილმა მიმართვა ახალციხელ ამომრჩეველთან.
ამ დროისთვის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობა იშლება.
გიროგი მარგველაშვილი კი მოსახლეობასთან შესახვედრად ასპინძის მუნიციპალიტეტში გაემართა.
[sknews.ge}