
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა აბასთუმანში წინასაარჩევნო კამპანია გუშინ, 17 მაისს დაასრულა. ცხრა კანდიდატიდან გენადი ბოლქვაძე ერთადერთია, რომელიც კურორტის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავდა. ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი, ადგილობრივებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება: „გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, დაველოდებით არჩევნების დღეს და აბასთუმნელების არჩევანს“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აბასთუმანში ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ბოლო ორი კვირაში გამოჩდნენ, თუმცა ვერც მათ პარტიას და ვერც კანდიდატის ვინაობას ასახელებენ–„ვიცით რომ იყვნენ, სულ რამდენიმე წუთიანი შეხვედრები ჰქონდათ მოსახლეობასთან“.
„ერთადერთი ვინც ვიცი, ეს ოცნების კანდიდატი გენადი ბოლქვაძეა. მისმა პარტიამ ბევრი რამ გაკეთა ჩვენთვის. შეხედეთ აბასთუმანს როგორი მშენებლობები მიდის, სხვა კანდიდატები არ გვაინერესებს“,–ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა მელქონიანი.
საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მონაწილე
ცხრავე კანდიდატი, N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში ერთდროულად 19 აპრილს, რეგისტრაციის ბოლო დღეს დარეგისტრირდა. ამ თარიღიდან მოყოლებული „სამხრეთის კარიბჭე“ უშედეგოდ ცდილობს მათთან დაკავშირებას. ჩვენ კანდიდატების წარმდგენ პარტიებსაც დავუკავშირდით, თუმცა ვერც კონტაქტები მოვიპოვეთ და ვერც მათი წინასაარჩევნო პროგრამები.
ერთადერთი ვისაც „სამხრეთის კარიბჭე“ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაუკავშირდა პარტია „მოძრაობა ახალი საქართველოა“, რომლის კანდიდატი მედეა სოლოდკოა. „მოძრაობა ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ მედეა სოლოდკოა საარჩევნო სიაში „ტექნიკურად ჩასმული“ კანდიდატია და ამიტომ კურორტში საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ.
„ფორმალურად ჩავსვით, რომ კანდიდატი გვყოლოდა, მოლოდინი არ გვაქვს ხალხის მხარდაჭერის, თუმცა ადგილზე ჩვენი პარტია იქნება მისი მხარდამჭერი“,–განგვიმარტეს „მოძრაობა ახალ საქართველოში“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი გვეუბნება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ტერმინი „ტექნიკურად ჩასმული“ არ არსებობს: „პარტია თავიანთ წარდგენილ კანდიდატს რას უწოდებს და რა მიზნით წარადგენს, ეს მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ კანდიდატს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მივიდეს ამომრჩეველთან და საარჩევნო პროგრამა გააცნოს“.
კურორტ აბასთუმანში რეგისტრირებული სულ 1 098 ამომრჩეველია, აქედან 33 გადასატანი ყუთის საშუალებით დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს.
2019 წლის 19 მაისის აბასთუმნის საკრებულოს შულედურ არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას:
1 „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გიორგი კოღუაშვილი;
4 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ზურაბ ხუციშვილი;
21 „მოძრაობა ახალი საქართველოსთვის” მედეა სოლოდკო;
23 „ახალი ქრისტიანდემოკრატები” ანიკო ბუცხრიკიძე;
27 „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” დავით ალხანაშვილი;
33 „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” ცისანა მელიქიძე;
38 „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” დავითი ბახტაძე;
39 „ქრისტიანკონსერვატორები” გრიგორი დარსანია;
41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გენადი ბოლქვაძე;
[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]