FM97.5 / LIVE

ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
დათვების ოჯახს გადაყრილი და დიდთოვლობისას უდაბურ ტყეში დარჩენილი მეტყევეები თავიანთი პროფესიის თავისებურებებზე, გამოცდილებასა და ტყის სიყვარულზე გვიყვებიან.

ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

38 წლის კობა სილაგაძე პროფესიით მეტყევეა, სატყეო სააგენტოში მუშაობა 2011 წელს დაიწყო, ამჟამად კი სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსია და ყოველდღიურად ტყეს თავის ხელით უვლის.

„ეს საქმე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შეიძლება ყველამ არ იცოდეს, მაგრამ ტყე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ადამიანებს გვიქმნის წყალს, ჰაერ და ნიადაგდამცავებს, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას განაპირობებს. სამწუხაროდ, გარკვეული წლების განმავლობაში მხოლოდ მერქნულ რესურსად თვლიდნენ, საბედნიეროდ ეს დრო დასრულდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, აქ საქმე რუტინული არასდროსაა. ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილზე გავლაც კი არაა ერთნაირი, რადგან გარემო მუდმივად იცვლება“.

კობა გვიყვება, რომ მეტყევეს ველზე მუშაობა ხშირად ექსტრემალურ პირობებში უწევს და იხსენებს, ტყის ისეთ ადგილებში მოგვიწია ღამის გათენება, მაშველებიც ვერ მოგვაგნებდნენო: „ამ დროს უნდა იცოდეს მეტყევემ თუ როგორ მოიქცეს, მოძებნოს თუ სად დგას დიდი ნაძვი და მის ქვეშ როგორ უნდა გაათენოს ღამე, ეს ყველაფერი მეტყევეობის ნაწილია, რაც ჩვენს პროფესიას განსაკუთრებულს ხდის.

სატყეოს უფროსის თქმით, სამცხე–ჯავახეთში ყევლაზე უკეთ კავკასიური ფიჭვი ხარობს: „არის შავი ფიჭვიც, თუმცა კავკასიური ფიჭვი გარემოსთან უკეთ ადაპტირდება და დამტვერვაც უკეთესი აქვს“.



საფარის მიდამოები, აბი, ორფოლო, ღრელი, საყუნეთი – ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც 68 წლის მეტყევემ, სტალბერ ყურმაშვილმა ტყეები კოლეგებთან ერთად, საკუთრი ხელით გააშენა.

„ნახევარი საუკუნეა, რაც მეტყევე ვარ, ახლა სადაც ვართ, ეს ტყე ჩვენი გაშენებულია. ტყე მარტო ჰაერს არ წმენდს, ჩამოცვენილი წიწვები და ტოტები ჰუმუსოვან ფენას ქმნიან, ამის გამო იქმნება ისეთი ნიადაგი, სადაც მერე ტყე თავისით მრავლდება, ამ ტყეშიც ასე მოხდა: „გვიყვება მეტყევე, რომელიც რაბათის სასაფლაოს მიმდებარე ფიჭვნარში ჩავწერეთ.

ერთ–ერთი ყველაზე სტაჟიანი მეტყევის თქმით, ყველაზე ცუდი პერიოდი საქართველოს 90–იან წლებში, შემდეგ კი წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა: „იმ პერიოდში როცა სახელმწიფოს უჭირდა, არ იყო საშუალება ყველგან გზები შესულიყო, ამიტომ ხე–ტყის მარაგები იმ ადგილებიდან გამოჰქონდათ, საიდანაც არ უნდა გამოეღოთ. ამის გამო ტყის მასივები შემცირდა. შემდეგ კი წინა ხელისუფლების დროს ყველას შეეძლო მეტყევე გამხდარიყო, არანაირი პროფესიული განათლება არ სჭირდებოდათ, ამ ყველაფერმა ჩვენს ტყეებს დიდი ზიანი მოუტანა, ამჟამად კი ვითარება გამოსწორების გზაზეა“.

უხუცესი მეტყევე ამბობს, რომ დღეს ტყე მისი ცხოვრების ნაწილია: „ბუნებრივ პირობებზე ისე ვარ შეყვარებული, რომ ყოველთვის მირჩევნია ტყეში ვიყო, ვიდრე ქალაქში თუნდაც დიდ ფუფუნებაში. აქ ბუნებრივ გამოცდას გავდივართ, იმდენი სირთულეები გადაგვილახავს, რომ მერე ქალაქში ჩასულს, იქ არსებული პრობლემები იავნანად მოგვჩვენებია“.

სტალბერს მისი ერთ–ერთი გამორჩეული და რთული თავგადასავლის გახსენება ვთხოვეთ: "ერთხელ ჩემს უფროს კოლეგასთან ერთად ტყეში შევედით და დათვებს, საკუთარ ბელებთან ერთად გადავეყარეთ. ჩემმა კოლეგამ, რომელიც მაშინ ჩემხელა იქნებოდა დამიყვირა – „გაიყინე“, თურმე შიშის დროს ადრენალინი გამოიყოფა და დათვს აღიზიანებს, ორი ვეებერთელა დათვი სახესთან რო მოგიტანს კლანჭებს და კბილებს, როგორია გასაძლებად?გამხეცებული რომ ღრიალებდა, იმ წამს უკან ხტებოდა და ბელებს ყრიდა, შიშით რა გავაკეთეთ, ძნელი სათქმელია. ეს ამბავი მოხდა სინამდვილეში სამი წამი, მარა ჩვენთვის ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. მხოლოდ თეორიული სწავლა არაა, ეს არის ცხოვრებისეული სწავლა".



68 წლის მეტყევე სხვა ცხოველებთან შეხვედრასაც იხსენებს: „ჩვენთან ყველაზე მეტი მგელი წყალთბილაშია, მგლის ხროვასაც გადავყრილვარ, მაგრამ ადამიანს ყოველთვის ყველა ნადირი ერიდება, ისევ ადამიანი თუ გააბრაზებს, თორე მათ ადამიანის ძალიან ეშინიათ“.

ტყეში ყველაზე რთული პერიოდი ზამთარი და გაზაფხულია. სტალბერის თქმით, შუათოვლში სიარული გაცილებით იოლია, ვიდრე გაზაფხულზე, როდესაც ქვეშ ყინულია და ზემოდან წამლღვალი და ყველაფერი დამბალია.

უხუცეს მეტყევეს მოქალაქეებისთვის ერთი თხოვნა აქვს: „როცა მარტო უვლი ტყეს და გარედან არ გყავს გულშემატკივარი, ძალიან გული გწყდება, ფიქრობ, ნუთუ ეს მარტო ჩემი საქმეა? მაგრამ როდესაც ხედავ სხვები ინტერესდებიან, ახალგაზრდებს აინტერესებთ, ეს გაბედნიერებს. აი ეს ტყე ვინც გააშენა, იმ ადამიანებიდან თითქმის აღარავინ არის დარჩენილი, მაგრამ ტყე თან ხომ არ წაუღიათ? მეტყევე რასაც აკეთებს, მომავალი თაობას რჩება, ამიტომ ვისურვებდი, რომ ტყეზე ყველას ერთად, უფრო აქტიურად გვეზრუნა“.

საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები- 153 სახეობა; ბუჩქები-202 სახეობა; ნახევარბუჩქები -29 სახეობა; ლიანები -11 სახეობა.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წლიდან აღინიშნება. იგი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გამეჩხერებული ტერიტორიების შევსება-აღდგენას ისახავს მიზნად.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როცა ბუნების   გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]
21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
21 მარტს საქართველოში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი
რეგიონის მთავარ მეტყევეს ‘ბორჯომის გმირი 2019’ – ის  სტატუსი მიენიჭა
შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში