FM97.5 / LIVE

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, რეპორტაჟი 26.01.2019
მაგიდის გარშემო უამრავი გაცვეთილი ფეხსაცმელი აწყვია, აქვე დევს ჩაქუჩი, მახათი და წებო. ვიდრე კლიენტი საკუთარი ფეხსაცმლის წასაღებად მოვა, მათი შეკეთება უნდა მოასწროს. უკვე ოცი წელია, რაბათში ყველამ იცის, რომ თუ ფეხსაცმელი გაუფუჭდა, შესაკეთებლად ხიდთან, პატარა ჯიხურში, გოდერძი პაპას უნდა მიუტანოს.

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
გოდერძი გიორგაძე


გოდერძი გიორგაძემ მეწაღეობას ხელი 1963 წლიდან მოკიდა და ბოლო 20 წელია, ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, უცვლელ მისამართზე, ერთ–ერთ პატარა ჯიხურში მუშაობს. ფეხსაცმლის კერვა „ახალციხის საყოფაცხოვრებო ატელიეში“ ისწავლა და აქვე შეკვეთების მიღებაც დაიწყო. მაგრამ მოგვიანებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ატელიე დაკეტა. გოდერძიმ ეს ამბავი სამმართველოში გაასაჩივრა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა. იძულებული იყო სხვა სამსახური ეძებნა და დროებით მუშაობა ხილ ბოსტნეულის მაღაზიაში დაიწყო. თუმცა საკუთარ ხელობას მალევე მიუბრუნდა და მისმა სახელოსნომ ფუნქციონირება ქალაქის ისტორიული უბნის შესასვლელში სწორედ მას შემდეგ დაიწყო.

„წაღებს ვკერავდი ადრე, მაგრამ ახლა აღარა, ახლა რემონტზე ვმუშაობ, მაშინ „პაკრიშკიდან“ აძრობდნენ პატარა ნაწილებს და ფეხსაცმელებს „ლატკებს“ იმით უკეთებდნენ, ახლა ასე აღარ არის“, – გვიყვება გოდერძი და ამატებს, რომ კლიენტის სიმცირეს არ უჩივის – „არის ხალხი, აქ უბანში ვინც მოდის ყველას ვემსახურები, სოფლებიდანაც მოდიან „მაშინებით“ და ავტობუსებით და მოაქვთ ხოლმე გაფუჭებული ფეხსაცმელები“.

ამბობს, რომ მეწაღის ხელობით ფინანსურად ოჯახს ძალიან დაეხმარა. მაშინ როცა ფეხსაცმლის კერვა დაიწყო, ძალიან უჭირდათ, თუმცა ათეული წლების წინ არჩეული ხელობა მუდმივი შემოსავლის წყაროდ ექცა და შეკეთებულ ფეხსაცმელში აღებული თანხა მისთვის ახლაც მნიშვნელოვანია.

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, თამარ მეფის ძეგლის გვერდით, ერთ პატარა ოთახში დაზგისა და ჩაქუჩის ხმა თითქმის მთელი დღის განმავლობაში ისმის. აქ დაზიანებულ ფეხსაცმელთან ერთად, ხშირად თეატრის მსახიობებისთვის ტყავის ჩექმები, ქამრები და სხვა აქსესუარებიც იკერება.

ნუგზარ ზედგინიძემ მეწაღის ხელობა წლების წინ მეგობრის რჩევით ისწავლა: „კლასელმა მითხრა, გეხერხება ეგეთი რაღაცეები, წამოდი თბილისში, ისნის ფაბრიკაში, იმუშავეო. წავედი და იქ ვისწავლე პირველად ფეხსაცმლის კერვა. 1986 წელს კი პროფესიულ სასწავლებელში მეწაღის კურსებზე ჩავირიცხე და პარალელურად მუშაობა ისევ ამ ფაბრიკაში გავაგრძელე“.

ნუგზარი ახალციხეში 1995 წელს დაბრუნდა და ბიძაშვილთან ერთად ქალაქის ცენტრში ფეხსაცმელებისა და ჩუსტების კერვა დაიწყო: „დღეში 20 წყვილს ვკერავდით, 20–ვე იყიდებოდა, შეკერვას ვერ ვასწრებდით“.

ამბობს, რომ შეგირდებიც ჰყავდა, მაგრამ თითქმის ყველა ცოტახნით მუშაობდა, რუტინულ საქმეს გულს ვერ უდებდა და მალევე მიდიოდა: „ახლა ძირითადად ფეხსაცმლის რემონტზე ვმუშაობ და ცეკვის ჩუსტებს ვკერავ. თუმცა, თუ შეკვეთით ვაკეთებ დანის ქარქაშებს და ტყავის ქუდებსაც ხანდახან. მქონია შეკვეთები მსახიობებისგან და ბევრჯერ შემიკერავს მათი როლებისთვის წაღები“.

ნუგზარი ნელა მუშაობს, ფიქრობს, რომ სწორედ ესაა ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მისი გაკეთებული ყოველთვის ყველაფერი მოსწონთ: „ხარისხიანად, მაგრამ ნელა ვაკეთებ ყველაფერს და ამიტომ ყველა კმაყოფილი მყავს. თუ მოდის კლიენტი და ერთ საათში უნდა ფეხსაცმელი, ვეუბნები რომ არ მცალია და არ ვიტოვებ. ასე მირჩევნია ვიმუშაო, ვიდრე სწრაფად ბევრი ვაკეთო და არავის მოსწონდეს“.

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
ნუგზარ ზედგინიძე


მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

როლანდი ელიოსიძე ქალაქის მთავარი ავტოსადგურის მიმდებარედ, ერთ–ერთ პატარა ოთახში, 2002 წლიდან მუშაობს. პროფესიით ზეინკალ–შემდუღებელია, თუმცა ამ მიმართულებით დიდხანს ვერ იმუშავა, ოჯახს უჭირდა და ამიტომ გადაწყვიტა სხვა ხელობას დაუფლებოდა: „ცხოვრებამ მოიტანა, გამიჭირდა. რთული იყო თავიდან. გვერდზე მდგომი თუ არ გყავს და საქმეც არ იცი ცოტა ძნელია, მაგრამ ნელ–ნელა გავართვი თავი და ახლა კლიენტი სულ მყავს“.

ხანდახან შესაკეთებელი ფეხსაცმელი სახლში მიაქვს, რადგან აქ ცივა და მუშაობა უჭირს: „ზოგჯერ ღამეებს ვათენებ იმდენი საქმეა. არ ვემდური სამუშაოს, ნათქვამია, „საბანი სადამდეც გაგწვდება ფეხი იქამდე გაშალეო“ და ასე ვარ მეც, მეწაღეობით მილიონებს ვერ იშოვი ნამდვილად“.

ამბობს რომ ხშირად პრეტენზიული კლიენტები ჰაყვს და არიან ისეთებიც, ხანდახან საკუთარი ფეხსაცმლის ნაცვლად სხვისიც რომ მიაქვთ თან: „ერთხელ ერთი ქალი, რომელსაც ფეხსაცმელი ჰქონდა აქ დატოვებული, მოსაზომად მოვიდა. როცა წავიდა აღმოვაჩინე, რომ სხვისი ფეხსაცმელი წაუღია. ასეთებიც ხდებდა ხოლმე“.

მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
როლანდი ელიოსიძე


მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

დღეს, 26 იანვარს მეწაღეების დღეა. ამბობენ, რომ ამის შესახებ არც იციან და შესაბამისად არც აღნიშნავენ, თუმცა პროფესიულ დღეს ყველა მეწაღეს ულოცავენ.



[ნანა ინასარიძე, თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოტოპროექტი: მეწაღეები ახალციხიდან [Photo]
ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]
„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
11 მაისიდან  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან  [Photo]
ბრტყელტერფიანობა - 21-ე საუკუნის დაავადება ახალგაზრდებში