FM97.5 / LIVE

საპრეზიდენტო კანდიდატები ნარკოპოლიტიკაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.10.2018
რას ფიქრობენ საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატები ნარკოპოლიტიკაზე და რა გეგმების განხორციელებას გეგმავენ ამ მიმართულებით, თუ 28 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებენ.

საპრეზიდენტო კანდიდატები ნარკოპოლიტიკაზე

დავით ბაქრაძე


ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე რეფორმების გატარებას აპირებს.

„ქართულ საზოგადოებას დღეს, ერთი მხრივ, მძიმე ნარკოტიკის გავრცელება და ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა აწუხებს, მეორე მხრივ ის, რომ მთავრობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლებს სჯის და არა ნარკორეალიზატორებს.

მნიშვნელოვანია რეფორმის გატარება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ, ეფექტური ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან, მეორე მხრივ, კი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის ეფექტური და სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება“,–ამბობს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ბაქრაძე.

გრიგოლ ვაშაძე


ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია მისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„ამ საკითხებზე უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში. მნიშვნელოვანი ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სარისკო პოპულაციებში (ადამიანები ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს და /ან არიან მავნე სუბსტანციებზე დამოკიდებულები) ზიანის შემცირების პროგრამების და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, რომ არ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ მეტად გაუარესება, აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების რიცხვის ზრდა და მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეალური გადახედვა და ისეთი საკითხების დარეგულირება როგორიცაა, მაგალითად, დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი.

ვთვლით, რომ კანონი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს ნარკოტიკების გამსაღებლებთან და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყანაში არალეგალური ნარკოტიკების შემოსვლა და გასაღება. ამავე დროს, საზოგადოება და მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უნდა იჩენდნენ მომხმარებლების მიმართ, რომ მოხდეს მათი ჩართვა სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებში. ჩვენი დევიზი უნდა იყოს „დახმარება და მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“. ამავე დროს, კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ მარიხუანის კულტივაციის და საქართველოში მისი პლანტაციების გაშენების“,– ნათქვამია კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში.

სალომე ზურაბიშვილი


ვაშაძის მსგავსად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა იქნება პრიორიტეტი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდბელი კადიდატის სალომე ზურაბიშვილისთვისაც: „ამასთან ერთან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებაც, ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა“.

შალვა ნათელაშვილი


გაპრეზიდენტების შემთხვევაში კანონის გამკაცრებას გეგმავს „ლეიბორისტული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი: „ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაუშვებელია ნარკოპროპაგანდა და ის სრული თავისუფლება ამ სფეროში, რომელიც დღესაა“.

დავით უსუფაშვილი


„ნარკომანია იმ ტიპის პრობლემაა, რომლის მოგვარებაში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს. ჩარევის ინსტრუმენტები და მეთოდები კი უნდა იყოს ეფექტური და არ უნდა იწვევდეს უარყოფით თანამდევ მოვლენებს“,– წერს საარჩევნო პროგრამაში პარტია „შენების მოძრაობის“ კანდიდატი დავით უსუფაშვილი.

მას მიაჩნია, რომ საჭიროა მეტი შედეგისა და ნაკლები ზიანის მომტანი ნარკოპოლიტიკა: „ამისათვის საჭიროა პარლამენტის და მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რამაც დააგვიანა და მივიღეთ ყველაზე უარესი - საკონსტიტუციო სასამართლომ, მხოლოდ უფლებრივ ასპექტებზე დაყრდნობით, ფუნდამენტური ცვლილება შეიტანა სამართლებრივ რეჟიმში. ეს სინამდვილეში ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ნიშნავს, მაგრამ საზოგადოებამ აღიქვა, როგორც სრული ლეგალიზაცია. ამ საკითხზე ჩვეულ კონფრონტაციულ და ზედაპირულ სტილში გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა კი ბევრ მსმენელ-მაყურებელზე ნარკოტიკის პოპულარიზაციის ეფექტი უფრო მოახდინა, ვიდრე ნარკომანიასთან განსხვავებული, უფრო ჰუმანური და ეფექტური მეთოდებით ბრძოლის.

აუცილებელია ამ საკითხზე მეტი საზოგადოებრივი დისკუსია, მეტი კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვა, მეტი კონსენსუსი. უკეთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების რეალური მდგომარეობა და უკეთ უნდა გავიაზროთ ნარკომანიის წამახალისებელი მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში“, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის საპრეზიდენტო პროგრამაში.

ზურა ჯაფარიძე


„ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალური. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შევცვალოთ ის საშინელი რეალობა, რომელიც შექმნა არაადამიანურმა ნარკოპოლიტიკამ“, – ვკითხულობთ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო კანდიდატები ეკონომიკის განვითარებაზე
პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების პოლიტიკაზე
საპრეზიდენტო კანდიდატები თვითმმართველობების განვითარებაზე
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
საპრეზიდენტო კანდიდატები ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
ნარკომანიის საკითხებზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს