
დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ერთ–ერთ პრიორიტეტად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება მიიჩნევს: „კერძოდ, საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ საბიუჯეტო პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილებას და მთავრობის საზედამხედევლო საქმიანობით უზრუნველვყოფთ სოფლად გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას და უსწრაფეს დასრულებას; ვაიძულებთ მთავრობას, გამოყოს თანხები ქვეყანაში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოსაყვანად და სამართლიანად გასანაწილებლად ყველა რეგიონში; საბიუჯეტო პრიორიტეტად ვაქცევთ ირიგაციის თემას მოსახლეობისთვის სარწყავის წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით; საპარლამენტო გუნდთან ერთად აღვადგენთ სოფლის დახმარების პროგრამას, რათა ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯოს მათთვის გამოყოფილი თანხები“.
ბაქრაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ევროკავშირის ფონდების და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანხების მოზიდვა და ინვესტირება ქართულ სოფელში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებებლი და საკონსერვო წარმოების აღდგენა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა: „ვიმუშავებთ უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მასზე მოთხოვნის გასაზრდელად, ახალი საერთაშორისო ბაზრების გასახსნელად და უკეთ ასათვისებლად“.
გრიგოლ ვაშაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს მიაჩნია, რომ ის რაც შეიძლება გადაწყდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, უნდა გადაწყდეს თვითმმართველობაში და არა ცენტრში. ეს გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ფუნქციათა მაქსიმალურ დელეგირებას. ამავდროულად, ეს მიზანი ფინანსურადაც მხარდაჭერილი უნდა იყოს და ამისთვის მთელი რიგი გადასახადების, ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი ხელისუფლებების არჩევის სისტემა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ იგი უფრო ეფექტიანად და ყოვლისმომცველად ითვალისწინებდეს თემების მრავალფეროვნებასა და ინტერესებს. ხელი შეეწყოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობასა და კოოპერაციას მათი ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული პოტენციალის უკეთ და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით. ამისათვის მაქსიმალურად უნდა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს თითოეული თვითმმართველი სუბიექტის გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური განვითარების სტრატეგია და გეგმები“, – ნათქვამია ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში.
ხელი უნდა შეეწყოს ადგილზე მოყვანილი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამუშავებისა და გრძელვადიანი შენახვის სხვადასხვა სიდიდის საწარმოების შექმნას, იმისთვის რომ შევძლოთ საქართველოში მოყვანილი პროდუქციის სრულად, სეზონის მიუხედავად ქართულ ბაზარზე შეუფერხებელი მიწოდება, აგრეთვე ადგილზე წარმოებული, გადამუშავებული და შეფუთული პროდუქციის ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ და სხვა ბაზრებზე მიწოდება.
სალომე ზურაბიშვილი
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდბელი კანდიდატი კი ფიქრობს, რომ თვითმმართველობების განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია: „აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილზე, უნდა იყოს მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, ასევე მოხდეს მათი ინტერესების გატანა საზღვარგარეთ და ახალი კავშირების ხელშეწყობა“.
შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოებში მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარდეს.
დავით უსუფაშვილი
პარტია „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობების გაძლიერება დეცენტრალიზაციით, ასევე მმართველობის სამდონიანი სისტემის შექმნითაა შესაძლებელი: „ესენია ცენტრალური მმართველობა, რეგიონული თვითმმართველობა, მუნიციპალური თვითმმართველობა. რეგიონულ დონეზე თავი უნდა მოიყაროს იმ კომპეტენციებმა, რომელთა ცენტრალურ დონეზე განხორციელება სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით ვერ ხერხდება, ერთი მხრივ, მათი მუნიციპალურ დონეზე განხორციელება არაეფექტიანია, მეორე მხრივ, მუნიციპალური ორგანოები სრულად უნდა გათავისუფლდნენ ცენტრის პოლიტიკური ნების შემსრულებლების ფუნქციიდან და უნდა გარდაიქმნან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და მოთხოვნილებების შესაბამისი ხარისხიანი სერვისების მიმწოდებლებად, სათანადო ფინანსური რესურსებით. აუცილებელია საბჭოთა ცენტრალიზებული მმართველობის შესაბამისად შექმნილი რაიონების დაყოფა უფრო მომცრო მუნიციპალიტეტებად, რომლებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობასაც ექნება გაცილებით მეტი საერთო ინფრასტრუქტურული, საირიგაციო, სატრანსპორტო და სხვა ინტერესები“.
უსუფაშვილს მიაჩნია, რომ საშუალო და დიდი სოფლები ქალაქურ დასახლებებად უნდა გადაიქცეს: „ამით, დაიძლევა ქართული სოფლის დაცარიელების არსებული ტენდენცია. საქართველო უნდა გახდეს ისე, როგორც ეს მიღწეულია ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც დედაქალაქსა და ცენტრიდან მოშორებულ პატარა დასახლებულ პუნქტში თანაბრად იგრძნობა ერთიანი სახელმწიფოს არსებობა მომსახურების ხარისხში, სტანდარტში, ხელმისაწვდომობაში“.
ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე რომ „დღეს თვითმმართველობა არის მმართველობის ნაწილი და პარტიულ-ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ადგილი. თვითმმართველობებს უნდა ჰქონდეთ რეალური ფინანსური ავტონომია და გააჩდეთ საკუთრება, თუ გულწრფელად გვინდა თვითმმართველობა არსებობდეს“.
[sknews.ge]