FM97.5 / LIVE

რეპორტაჟი ყარაბაღიდან

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 19.06.2013
„ჩვენი თვალით, ომი მდიდრების თამაშია. საბრძოლო მასალებს აწარმოებენ და სადღაც ომი უნდა დაიწყოს, რომ ეს საბრძოლო მასალა გამოიყენონ“, - ამბობს სტეფანაკერტში, ანტიკვარული სუვენირების მაღაზიის მფლობელი არმონდ ტარმაზიანი.

რეპორტაჟი ყარაბაღიდან
მდიდარი რესურსები, უსაფრთხოების შეგრძნება, დახმარება გარედან, განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები და ეს ყველაფერი მშვიდობიანი მომავლის რწმენით. ყარაბაღი – ადგილი, სადაც მოსახლეობას შვილების მშვიდობიან გარემოში გაზრდა უნდა.

ყარაბაღში ჩასვლის სურვილი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ ირგვლივ ყველა ყარაბაღსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დაპირებულ სწრაფ ომზე ლაპარაკობდა. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ადგილი, რომელიც იყო და რჩება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირსპირებისა და სიძულვილის მიზეზად.

ყველა ტურისტის მსგავსად, ჩვენც სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული სახელმწიფოს დედაქალაქში გავჩერდით.

ირანიდან სტეფანაკერტში

პირველი შთაბეჭდილება, რაც დაგვრჩა, იყო ის, რომ ამ მიწაზე ომი არასდროს ყოფილა. სტეფანაკერტში გავიცანით უნიკალური ანტიკვარული სუვენირებით მოვაჭრე მაღაზიის „ნრენის“ (ბროწეული) მფლობელი არმონდ ტარმაზიანი, რომელიც 1999 წელს ირანიდან სტეფანაკერტში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ყარაბაღში გადმოსახლების მიზეზი, მისი თქმით, ირანში მიმდინარე ომი, ხელისუფლების შეცვლა და მთლიანად ქვეყნის პოლიტიზირება გახდა. ყარაბაღში საცხოვრებლად გადმოვიდა პარტია დაშნაკცუტიუნის მიწვევით, რომლის წევრიც არის, რათა აქ „დაშნაკური ახალგაზრდული გაერთიანება“ შეექმნა. პარტიის რიგებში შეხვდა თავის მეორე ნახევარს, რომელიც წარმოშობით ავსტრალიიდანაა და აქ საცხოვრებლად ყარაბაღის ომის დროს გადმოვიდა.

„როცა ბავშვობიდან პოლიტიკაში იზრდები, არ გეშინია. შიში შენთვის გამოწვევაა, რათა საკუთარი თავი უკეთ გაიცნო. შიში არ არის, პირიქით. ასეთ დროში ვიცით, რომ საჭირონი ვართ. როცა იცი, რომ ვიღაცას სჭირდები, უფრო საინტერესოა, რადგან შენი საქმიანობა ფუჭი და ამაო არ არის. სიმართლე რომ ვთქვა, თუ ელოდები, რომ ვინმე რამეს მოგცემს, ეს უინტერესოა. სიცოცხლით, ცხოვრებით, ყველანაირი ძალით უნდა მოითხოვო შენი უფლებები, ეს უფრო პროდუქტიულია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი ასე ფიქრობს, მაგრამ ძირითადად ესაა ჩვენი გამარჯვების მომგებიანი კარტი, რომ ჩვენ სირთულეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის რწმენა გვაქვს. თუ ეწინააღმდეგები, ყველაფერი უნდა გამოვიდეს“, – ამბობს იგი.

ყარაბაღი გაოცებს განვითარებული ინფრასტრუქტურით, ლამაზი ბუნებით და მრავალფეროვანი რესურსებით. სტეფანაკერტის ქუჩებში საღამოობით შეიძლება დაინახო არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ პოლიტიკოსებიც, რომლებიც უჩვეულოდ - ფეხით და დაცვის გარეშე დადიან. თუმცა პროლემები აქაც არის.

„ხალხს დიდი პრობლემები აქვს. საბჭოთა დრო, ომის შემდგომი პერიოდი. ყოველთვის ასე ამბობენ, რომ რაც საბჭოთა დროს კარგი იყო, გაქრა, ცუდი კი დარჩა. საჭიროა ამ ყველაფერს აჯობო. არის ცუდი ჩვევები, რომელთა აღმოფხვრასაც თაობების ცვლა სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ცუდი ჩვევა ბიუროკრატიაა. ეს აღმაშფოთებელი მოვლენაა. მას მივყავართ კორუფციამდე; ასევე ნათესავი ყველაფერს ნათესავისთვის აკეთებს, ნაცნობი ნაცნობისთვის. ვერ ვიტყვი, რომ სიტუაცია უარესდება, პირიქით, დღითიდღე უკეთესობისკენ მიდის. მაგრამ, ჩემი აზრით, წინ ნელა მივდივართ“, – ამბობს არმონდ ტარმაზიანი.

ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების მიუხედავად, ომ და მწუხარება გადატანილი ადამიანების სახეებზე ღიმილსა და სიხარულს ძალიან იშვიათად შეამჩნევ, ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებსაც ომის საშინელება არ უნახავთ და შედარებით უსაფრთხოებაში ცხოვრობენ.

„ბრძოლის ველზე არის წესები. არა? თუ არ მოკლავ, შენ მოგკლავენ. მაგრამ არ ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია, რომ სომეხს მიტოვებული ბავშვი თურქი დაენახა და მოეკლა, ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ეს არ არის ჩვენს სისხლში. როცა ამას ვამბობთ, იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ არც გაგვიჩნდება. როგორ შეუძლია ყარაბაღელს არ სძულდეს აზერბაიჯანელი, თუ ოჯახში 7 ადამიანი იყო, ცოცხალი კი მხოლოდ ერთი დარჩა, ორს ყელი გამოჭრეს, ორი დაწვეს, ერთი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ერთი კი დაბომბვისას დაიღუპა. როგორ შეიძლება სიძულვილი არ იყოს“, – ამბობს არმონდ ტარმაზიანი.

„15 დღით ჩამოვედი, მთელი ცხოვრება დავრჩი“

ადგილობრივთა თქმით, ყარაბაღში არც ისე ბევრი ტურისტია, ერთ–ერთი მიზეზი კი აზერბაიჯანში შესვლაზე შავ სიაში მოხვედრის შიშია. მიუხედავად ამისა, ყარაბაღში მაინც ბევრი ცნობილი ადამიანია ნამყოფი.

ყარაბაღში ჩასვლის მეორე დღეს განძასარის მონასტერში ვიყავით, სადაც მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა მონსერატ კაბალიემ ცნობილი სომეხი კომპოზიტორის „კრუნკ“ (წერო) შეასრულა.

„თურქები (აზერბაიჯანელებს ყარაბაღში თურქებს უწოდებენ) აქედან 5 კილომეტრში იყვნენ. აქ არ შემოსულან, თუმცა სულ ისროდნენ, სულ ცდილობდნენ ეკლესიისთვის ევნოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაინც არაფერი მომხდარა. ჩვენ ძველი, 1898 წელს აშენებული შენობა დავკარგეთ. 91 წელს მე, უწმინდესი პარგევი, ჩვენი თანამემამულე შირხანიანი აქ ვიყავით, როცა ვერტმფრენმა ჩვენს კედელს ესროლა, კიდევ კარგი კედელი არ აფეთქდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეშინებული ვიყავი“, - გვიამბობს განძასარის მოძღვარი მამა გრიგორი, რომელიც ერთ-ერთი იყო ცნობილი საოპერო მომღერლის დამხვედრთა შორის.

წმინდა მამა გრიგორი, იგივე არმენ მარქოსიანი წარმოშობით ახალქალაქიდანაა. ცნობილი ახალქალაქელი აშუღის ავასის ვაჟი სომხეთში დაიბადა. 1990 წლის 23 ნოემბერს პატრიარქ ვაზგენის ბრძანებით იგი განძასარის მეორე მეუფე გახდა. ომის დროს მამა გრიგორი მთიანი ყარაბაღის ჯარის სულიერი მოძღვარი იყო. როგორც თავად ხუმრობს: „15 დღით ჩამოვიდა და სამუდამოდ დარჩა“.

„იმ დროში ჯარისკაცი წმინდა იყო და რწმენას ძალა ქონდა. ბრძოლამდე მოდიოდნენ და წმინდა მამას მონათვლას თხოვდნენ. თუ დაიღუპებოდნენ, ქრისტიანებად წავიდოდნენ ამ ქვეყნიდან. მაშინ გავიგე, რა იყო მეგობრობა, რა იყო ძმობა, როცა უცნობ ადამიანს ძმას უწოდებ. როდესაც ენდობი და გჯერა მეგობრის. და იცი, რომ თუ შენ მათთან ხარ, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. სხვასთან არ წახვალ, მხოლოდ მის გვერდზე დადგები. სიტყვების: მეგობრობის, ძმობისა და პატრიოტიზმის მნიშვნელობა მაშინ გავიგე“, - გვიამბობს მამა გრიგორი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანთან კომპრომისზე წასვლა, მამა გრიგორმა გვპასუხობს: „არ მგონია. 1923 წლიდან 1988 წლამდე კომპრომისი იყო. მათ ეს ვერ გაიგეს. კომპრომისი აღარ შეიძლება იყოს“.

სოფელი ზოოპარკით

ყარაბაღის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა სოფელი ვანკია, რომელიც განძასარის მონასტრის შორიახლოს მდებარეობს. სოფელში შესვლისას დაინახავ მაღალ სვეტებს, რომლებზეც ლომების ქანდაკებები დგას. აქ არის გემის ფორმის რესტორანი, ზოოპარკი, სუპერმარკეტი, რომელსაც ყარაბაღულად „სუპერდუკიანს“ ეძახიან. ასევე აქ ნახავთ ფრთებიანი არწივის ქანდაკებას, გამოქვაბულს ლომის თავით, რომლის შორიახლოსაც თათის ფორმის უზარმაზარი ქვა დევს. ახლა სოფელ ვანკში დიდი საცხენოსნო იპოდრომი და სუვოროვის სკოლის მსგავსი კადეტთა სკოლა შენდება. ეს ყველაფერი ხორციელდება რუსეთში მცხოვრები მილიონერის დაფინანსებით, რომელიც წარმოშობით სოფელ ვანკიდანაა.

შუშას „ღირშესანიშნაობანი“

სტეფანაკერტიდან 20 წუთის სავალზე ყარაბაღის მეორე დიდი ქალაქ შუშა მდებარეობს, სადაც ომმა უფრო აშკარა კვალი დატოვა. ქალაქის შესასვლელში სპარსული მინარეთი დგას. ნახევრადდანგრეული მინარეთი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა. მთელს ქალაქში შეიძლება იპოვოთ ინტენსიური დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლები. დანგრეული კინოთეატრი, რომელზეც სსრკ-ის გერბია დახატული, როგორც ომის სიმბოლო ჯერ კიდევ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. ორი უნიკალური ეკლესია „ხაზანჩენცონც“ და „წმინდა ოგანესი“, გამომსახველობითი ხელოვნების მუზეუმი, ხალიჩების მუზეუმი და შეთავსებით სუვენირების მაღაზია - აი, ესაა შუშას ღირშესანიშნაობები.

შუშას კიდევ ერთი „ღირშესანიშნაობა“ რაქეჯიანების ოჯახია. ქრისტინა რაქეჯიანი რუმინეთში დაიბადა. იგი მამით რუმინელია, დედით კი სომეხი. პირველად თავისი სომხური ფესვების შესახებ ბებიისგან, ეკლესიაში გაიგო, სადაც უცნობ ენაზე მიმდინარე საეკლესიო გალობა მოისმინა. მას შემდეგ, რაც ბებიამ სომხური წარმომავლობის შესახებ უამბო, ქრისტინა მიხვდა, რომ უნდა იყოს სომეხი და სომხეთში იცხოვროს.

„შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და მან ჯერ სამსახური შემომთავაზა, შემდეგ ჩვენ შორის გრძნობები გაჩნდა, დავქორწინდით და ყარაბაღში ცხოვრება გადავწყვიტეთ. ეს რომ არა, სომხეთში დავრჩებოდი, სტიპენდიას მივიღებდი, სწავლას დავიწყებდი და მხოლოდ შემდეგ გავთხოვდებოდი. ჩემი აზრით, ყველა სომეხი სომხეთში უნდა ცხოვრობდეს“, - ამბობს იგი და თან უკვე ყარაბაღში დაბადებულ თავის 2 წლის ქალიშვილს ადევნებს თვალს.

ქრისტინა არ ნანობს შუშაში საცხოვრებლად ჩამოსვლას. რაქეჯიანების ოჯახი საფრანგეთში ან რუმინეთში წასვლას არც ფიქრობს და პატარა გოგონას მომავალს ყარაბაღში ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრ პრობლემას აწყდება.

„მე და ჩემს ქმარს მუდმივი ბინადრობა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ შვილს ყოველთვიური საბავშვო კაპიტალის მიღების უფლება არ გააჩნია. მნიშვნელობა არ აქვს, რომ იგი აქ, შუშაში დაიბადა. ბავშვი, რომელიც სომხეთიდან ჩამოდის, აქ ეწერება, ამ ფულს იღებს, თუნდაც ბინადრობას არ იცვლიდეს, ჩვენი ქალიშვილი კი აქ დაიბადა, აქაური დაბადების მოწმობა და სოციალური ბარათი აქვს, მაგრამ ფულის მიღების უფლება არა“, - გვიამბობს იგი.

ქრისტინას თქმით, ყარაბაღელებს ომის არ ეშინიათ, თუმცა მოსახლეობა მიჩვეულია, რომ გარედან მუდმივად ეხმარებიან. ეს დახმარება თანდათანობით მცირდება და ყარაბაღელები დამოუკიდებლად ცხოვრებას და მუშაობას უნდა მიეჩვიონ. როგორც ჩვენი სხვა რესპონდენტები, ქრისტინაც დარწმუნებულია, რომ ომი არ იქნება.

„ჩემი შვილის მომავალში დარწმუნებული ვარ. ომი შეიძლება იყოს, მაგრამ აზერბაიჯანს ახლა სხვა პრობლემები აქვს. არაბული გაზაფხული ნელნელა ახლოვდება. ჩემი აზრით, სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეები ასე ხმამაღლა იმიტომ საუბრობენ ყარაბაღზე, რომ შიდა პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ. და მეორეც, მთელი სიმდიდრე, რასაც ნავთობრესურსებიდან იღებენ, უმეტესად ალიევების ხელშია. ჩემი აზრით, ალიევი თავის ფულს აქ ომის დაწყებისთვის დარტყმის ქვეშ არ დააყენებს“, - ფიქრობს ქრისტინა რაქეჯიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ყარაბაღი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს
ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე
'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა