FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგია შემუშავებულია

მთავარიეკონომიკა 07.06.2013
სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება დასრულებულია; რამდენი ხნის განმავლობაში და როგორ მუშავდებოდა დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც რეგიონმა 2017 წლამდე უნდა იხელმძღვანელოს.

სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგია შემუშავებულია
როდის და რატომ დაიწყო დოკუმენტზე მუშაობა

2010 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა. ამ დადგენილების თანახმად, საქართველოს თითოეულ რეგიონში უნდა დაწყებულიყო განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. პროცესის ეფექტურობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელოც მოამზადა, რაც არეგულირებს სტრატეგიის მომზადების პროცედურებს .

რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით დაიწყო. 2011 წლის 25 აგვისტოს, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის N37 განკარგულების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სათათბირო ორგანო - რეგიონული განვითარების საბჭო შეიქმნა, რომელსაც სტრატეგიასთან მიმართებაში მაკოორდინირებელი ფუნქცია დაეკისრა.

”თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად, სტრატეგიაზე აქტიური მუშაობა არ დაწყებულა. ინტენსიური მუშაობა დაიწყო გუბერნატორის პოსტზე ივანე წიკლაურის დანიშვნის შემდეგ, როდესაც მან გამოიჩინა დაინტერესება და 2012 წლის 20 ივლისიდან საბჭოს შემადგენლობა გადახალისდა”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, სტრატეგიების შექმნის აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირი, რომელიც ქვეყნისთვის დახმარების შემდგომი ტრანშის გამოყოფის საფუძვლად რეგიონების განვითარების სტრატეგიებს მიიჩნევს, ეს დამოკიდებულება რა თქმა უნდა სწორია, რადგან ქვეყანამ და მისმა რეგიონებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი რესურსები და განვითარების გრძელვადიანი მიმართულებები, რაც უზრუნველყოფს გეგმაზომიერ საქმიანობას და გამორიცხავს გაუაზრებელი,არაკომპეტენტური და ქაოსური გადაწყვეტილებების მიღების საშიშროებას.

მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა სპეციფიკური და რთულად შესაქმნელი დოკუმენტია: ,,ამას მხოლოდ კვალფიციური კადრები არ სჭირდება, ასევე საჭიროა სტატისტიკურ მონაცემთა გამართული ბაზა, რომლის დეფიციტიც ტრადიციული გახდა მას შემდეგ, რაც სტატისტიკის დეპარტამენტმა შეამცირა რეგიონული წარმომადგენლობები , ხოლო საჯარო სამსახურებში ეს მონაცემები ხშირ შემთხვევაში არაზუსტია. ასევე საჭირო იყო დრო და შესაბამისი ფინანსები, რომ ექსპერტები მოგვეწვია და ამ მიმართულებით კომპეტენტური რჩევა მოეცათ”.

რეგიონული განვითარების სტრატეგიის შედგენის პროცესის ექსპერტული, ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) უზრუნველყო. ამავე მიზნით აღნიშნულმა ორგანიზაციამ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი(PMCG) დაიქირავა, რომლის კონსულტანტებმაც საწყის ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებსა და წევრებთან ერთად სიტუაციური და ფაქტორული ანალიზის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ კი ფასილიტაცია გაუწიეს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას ხედვისა და განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების შესამუშავებლად.

,,გარდა ამისა, რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენის პროცესი შეთანხმებული და კოორდინირებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთანაც”, - განმარტავს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანამშრომელი არჩილ ჟორჟოლიანი.

როგორ მუშავდებოდა სტრატეგიული გეგმა

რეგიონული განვითარების საბჭომ, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეიქმნა, დარგობრივი სამუშაო ჯგუფები ჩამოაყალიბა. აღნიშნული ჯგუფები რეგიონში მომუშავე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მასში ექვსივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

,,დოკუმენტი სრულყოფილი რომ ყოფილიყო, გადაწყდა სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ყველა სფეროს წარმომადგენელი ჩართულიყო. ამიტომ, განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტების, საკრებულოების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურების მიხედვით ჩართულიყვნენ. ასევე ჩავრთეთ არასამთავრობო სექტორი . საინტერესო და ეფექტური გადაწყვეტილება იყო გიზ-ის რეკომენდაცია სტრატეგიის შექმნაში რეგიონის სასწავლო და სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობის შესახებ. ამ შემთხვევაში ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჩართულობა მოხდა. ძალზედ მნიშვნელოვანი პრეცენდენტია, როდესაც რეგიონის განვითარების დაგეგმვაში ადგილობრივი სამეცნიერო რესურსები მონაწილეობენ. უფრო მეტიც ისინი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებლადაც დავნიშნეთ. - ამბობს მარინა გაჩეჩილაძე და ამატებს, რომ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა გასაგები მიზეზების გამო პერიოდულად იცვლებოდა: შემდგომ საჭირო გახდა, რომ ამ პროცესებში ცალკეული სამინისტროების რეგიონული წარმომადგენლებიც ჩაგვერთო. მაგალითად გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების და ასე შემდეგ”.

სამუშაო ჯგუფები ეკონომიკის, სოციალური განვითარების, სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები, ერთი წლის განმავლობაში, პერიოდულად იკრიბებოდნენ და თითოეულ კომპონენტს დეტალურად განიხილავდნენ.

,,სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამუშაო ჯგუფები რეგულარულად იკრიბებოდნენ სიტუაციური და ფაქტორული ანალიზის ძირითადი დასკვნებისა და მიგნებების განსახილველად, ასევე, ხედვის, განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტებისა და მოსალოდნელი (პროგრამული) შედეგების შესამუშავებლად”, - ამბობს არჩილ ჟორჟოლიანი.

სამუშაო შეხვედრები მიმართულებების მიხედვით მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 21 მარტს კი გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომელსაც სამუშაო პროცესში ჩართული ყველა ადამიანი დაესწრო და მიღებული მონაცემები შეჯამდა.

მთავარი პრობლემა - სტატისტიკური მონაცემების არარსებობა

რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა, რეგიონულ ჭრილში სტატისტიკური მონაცემების ფაქტიურად არარსებობამ წარმოშვა. აღნიშნულ პრობლემას ოთხივე ჯგუფის ხელმძღვანელები ასახელებენ.

,,ერთ-ერთი მთავრი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს სტატისტიკის სამსახური, რომელმაც უნდა დააგროვოს და მოგვაწოდოს გარკვეული ინფორმაცია. ახლა ძირითადი სტატისტიკა გუბერნიებშია დაგროვილი, მაგრამ ყველა მონაცემები მათაც არ აქვთ, რადგან არის ისეთი სამსახურები, რომლებიც ინფორმაციას ყოველთვის არ აწვდიან. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია ცვალებადია, თუნდაც სოციალური დახმარების სფეროში, ყოველ თვეს შეიძლება სხვადასხვა მონაცემი იყოს”, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსი დავით გოგალაძე, რომელიც აღნიშნული გეგმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. ამ ჯგუფში ის ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებიც მთელი რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებში სოციალურ მხარეს კურირებენ.

,,ის ინფორმაცია მუდამ იცვლება, გასული წლის გაზაფხულზე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები დაემთხვა. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება გაერთიანდა და მერე სადაზღვევო კომპანიამ შეისყიდა. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები შექმნა”, - ამბობს დავით გოგალაძე.

თინა გელაშვილი: ”ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გეგმა შემუშავდა”

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი თინა გელაშვილი, რომელიც ეკონომიკის მიმართულების ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დოკუმენტზე მუშაობა საინტერესო იყო.

ამ სტრატეგიაში კი მთლიანად იყო ჩართული, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი აზრი, ინტერესი გათვალისწინებულია და გაკეთებულია სვოტ-ანალიზი, ანუ გამოვლენილია რეგიონის ძლიერი და სუსტი მხარეები, საფრთხეები და შესაძლებლობები”, - განმარტავს თინა გელაშვილი.

მისივე თქმით, რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმას შემდგომში უნდა მოჰყვეს განხორციელების ყოველწლიური გეგმაც.
,,როდესაც საბოლოო ვარიანტი დამტკიცდება, რეგიონული საბჭო ვალდებულია თარიღებით გაწერილი გეგმა შეიმუშავოს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გეგმა შემუშავდა, ბოლოს და ბოლოს ყველასთვის უნდა დადგეს დრო, რომ გარკვეული გეგმის მიხედვით იმოქმდოს”, - ამბობს იგი.

რეზო ზედგინიძე: ”შევეცადეთ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პრობლემები მოგვეცვა”

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სპეციალისტი რეზო ზედგინიძე, რომელიც ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ განვითარების გეგმის არარსებობა ხშირად ორმაგ და არაეფექტურ ხარჯებს იწვევდა.

,,ეკოლოგიის ჯგუფში ჩავრთეთ ისეთი საკითხი, როგორიც არის წყალმომარაგება და კანალიზაცია. ეს საკითხები ინფრასტრუქტურის განყოფილებაშიცაა ჩასმული, მაგრამ აქ განხილულია ეკოლოგიური თვალსაზრისით. რადგან ადამიანის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ამდენად აქაც განვიხილეთ. ასევე, წყალმომარაგების სისტემაში, რამდენად ხშირად ხდება ანალიზების აღება, წყლის ხარისხის გასინჯვა. შევეცადეთ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში რეალურად არსებული პრობლემები მოგვეცვა”, - ამბობს იგი.

ცისკარა ზარანდია: ”სტრატეგიაზე მუშაობა რთული და ამავდროულად საინტერესო იყო”

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ცისკარა ზარანდია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ აღნიშნულ სტრატეგიაზე მუშაობა რთული და ამავდროულად საინტერესო იყო.

,,იმ ორგანიზაციების ხელშეწყობით, რომლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, შესაბამისი სიტუაციური ანალიზი მომზადდა. ამის საფუძველზე მოხდა სტრატეგიის სასოფლო-სამეურნეო ნაწილის მომზადება და მისი გაცნობა სხვასხვა დაინტერესებული მხარისთვის. საინტერესო იყო თვითონ სამუშაო ჯგუფში მუშაობა და დაინტერესებულ მხარეებთან ამ დოკუმენტის განხილვის პროცესი, საქმიანი შენიშვნებით, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტის მომზადების პროცესში, - აღნიშნავს ცისკარა ზარანდია და ამატებს, რომ ძირითად პრობლემას სტატისტიკური ინფორმაციის ნაკლებობა, სიმწირე და არაადექვატურობა წარმოადგენდა: ეს საერთო პრობლემაა ქვეყნის მასშტაბით, არ არსებობს მიწის რესურსების აღრიცხვის ერთიანი სამსახური, თუმცა პოზიტიური ნაბიჯები უკვე გადადგმულია ამ კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას”.
მისივე თქმით, რეგიონისათვის აღნიშნული დოკუმენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ამ დოკუმენტის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ისეთი შედეგების მიღწევა, როგორიცაა რეგიონში არსებული ბუნებრივი, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება; ინვესტიციების წახალისება; რეგიონებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გუმჯობესება და ა. შ.”, - ამბობს იგი.

როდის იქნება მზად დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი

რეგიონის განვითარების სტარეტგიული გეგმის შემუშავება საბოლოო ეტაპზეა. დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პარალელურად, სამუშაო ჯგუფის ყველა წარმომადგენელი კიდევ ერთხელ გადახედავს დოკუმენტს და საბოლოო შენიშვნები დაასახელებს.

,,საბოლოო დოკუმენტი პირველ რიგში მოწონებული უნდა იქნას რეგიონული განვითარების საბჭოს წევრების მიერ, რის შემდეგაც მოხდება ამ დოკუმენტის გადაგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. თავის მხრივ სამინისტრო უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის განხილვას და დამტკიცებას რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაზე, რაც სავარაუდოდ, ივლისის თვეში უნდა დასრულდეს. სწორედ სამთავრობო კომისის დამტკიცების შემდეგ ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტი”, - განმარტავს არჩილ ჟორჟოლიანი.

„სტრატეგიაზე მუშაობა არა მარტო კონკრეტული დოკუმენტის შექმნა, არამედ ჩვენი პროფესიული ზრდის დიდი სკოლა აღმოჩნდა, რამაც ცხადად დაგვანახა ჩვენი ნაკლოვანებები , შესაძლებლობები და სამომავლო ხედვის განსაზღვრის მიმართულებები. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაში შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მეტი რაოდენობის ადამიანები ჩართულიყვნენ, მადლობა მინდა მოვახსენო იმ არასამთვრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად თუ პასიურად ჩართულები იყვნენ ამ საქმიანობაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმიანობის ეფექტურობაზე საუბარი ძნელი იქნებოდა, რომ არა გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება და ის გუნდი, რობელიც ჩვენთან მუშაობდა, მათ მოახდინეს კომპეტენტურობის, კოლეგიალობის, პრობლემებში წვდომისა და რეგიონის მიმართ უაღესად კეთილმოსურნე დამოკიდებულების დემონსტრირება“, - ამბობს მარინა გაჩეჩილაძე

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის განახლებაზე მსჯელობენ