
მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების საქმის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლო მტკიცებულებებს მეოთხე თვეა იკვლევს. ამ ხნის განმავლობაში 10-ზე მეტი პროცესი გაიმართა, თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანამდე ჯერ კიდევ ორი მოწმე და ხუთივე ბრალდებული დასაკითხია.
მამუკა ხვედელიანს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ. პროკურატურის განცხადების თანახმად, 2009 წლის პირველ იანვარს ბაკურიანში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო ბორჯომის რაიონულ სამმართველოში მიყვანილი მამაკაცი ხვედელიანმა და მისმა თანამშრომლებმა სცემეს, ცემის პროცესში მარცხენა ყურზე ანთებული სიგარეტი დაადეს და აიძულებდნენ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სიმართლე ეთქვა.
ასევე, ცემის დროს, ხვედელიანის ბრძანებით, ახალგაზრდა მამაკაცი მაგიდაზე გადახარეს, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ-ს. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს, რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე. დილის დაახლოებით 07:00-08:00 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში (ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან).
„გაუპატიურებას არავინ დაიბრალებს“
„ხვედელიანმა ფოტოები დაათვალიერა და მითხრა, თუ არ ვიტყოდი რა მოხდა, მაშინ ამ ფოტოებს ბაკურიანში გამოაკრავდა“, - ამბობს დაზარალებული ვ.გ.
მისივე თქმით, წამების პროცესი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა: „სახლში რომ მოვედი, ცუდად ვიყავი, მაგრამ ისეთი სამარცხვინო ამბავი იყო, გამხელა ვერავისთან შევძელი. ძალიან შერცხვენილი ვიყავი და ამიტომ ვერავისთან გავბედე მეთქვა“.
მომხდარის გამხელა მეგობრებთან ვ.გ-მ მხოლოდ ციხის ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ გაბედა.
„ჯერ მეგობრებთან მოვყევი, შემდეგ ახალციხის სამმართველოში მივედი და იქ ვთქვი ყველაფერი, - ამბობს დაზარალებული და ამატებს, რომ არჩევნებამდე, ანუ იქამდე, ვიდრე ქვეყნის სათავეში ”ნაციონალები” იყვნენ, მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებთან განცხადებას აზრი არ ჰქონდა. ახლა კი ფიქრობს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და დამნაშავეებს სათანადოდ დასჯის - შემდეგ კი გაასაჩივრებენ ალბათ“.
ვ.გ. ფიქრობს, რომ ასეთი დანაშაული არავის შერჩება: „ყურზე სიგარეტი ჩამაქრეს, სახეში მირტყამდნენ. მომხდარი რომ მართალი არ იყოს, გაუპატიურებას არავინ დაიბრალებდა“.
რას ამბობს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი
გუშინ, 15 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე, დაკითხულ ხუთ მოწმეს შორის ყველაზე მეტი დრო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის დირექტორს ალექსანდრე გეჯაძეს დაეთმო. მან პროცესზე დაზარალებულის ყურზე, ცხვირსა და უკანა ტანზე მიყენებული დაზიანებების შესახებ დასკვნა წარმოადგინა. აღნიშნული გეჯაძემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის მიერ მანამდე გაკეთებული დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაწერა.
ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ყურის ნიჟარაზე დაზარალებულს დამწვრობის კვალი უნდა დამჩნეოდა: „ვ.გ ჩვენებაში ამბობს, რომ მას ფეხებით ურტყამდენენ ცხვირში. მაშინ მაქსიმუმ ცხვირის მოტეხილობა, მინიმუმ კი ცხვირიდან სისხლდენა უნდა დაწყებოდა, თუმცა მას არც ცხვირზე ეტყობა რაიმე და არც ყურზე“.
რაც შეეხება გაუპატიურებას, გეჯაძის დასკვნის მიხედვით, თუ სკამის ფეხის შეყვანა გულაღმა დაწვენილზე ძალის გამოყენებით მოხდა, მაშის ის საკმაოდ დიდ დაზიანებას გამოიწვევდა: „უნდა ყოფილიყო სისხლდენა, ჯდომის გაძნელება, არ არის გამორიცხული, რომ ქირურგიული ჩარევაც გამხდარიყო საჭირო“.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ვ.გ-მ მიყენებული დაზიანების მორჩენა სახლში, მალამოთი სცადა. გეჯაძის განცხადებით, კი მალამოს წასმა სწორ ნაწლავში ვერანაირად ვერ მოხდებოდა, შესაბამისად დაზარალებული ნაიარევს თავად ვერც მოირჩენდა.
დაზარალებული ექსპერტის ვარაუდს იმის შესახებ, რომ წამების მსგავს ფორმებს ადგილი არ ჰქონია, დროის ფაქტორით ხსნის: „წლები გავიდა იმის შემდეგ და იმიტომ აღარაფერი მეტყობა, თან მომხდარს ვმალავდი. სახლში მე და დედა ვცხოვრობთ მხოლოდ, არ მინდოდა მას რაიმე გაეგო. ის ბოლომდე გარკვეული ამ ყველაფრის შესახებ დღემდე არ არის“.
გეჯაძეს მომხდართან დაკავშირებით კომისიური ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელ პირობად მიაჩნია, რადგან სრული სურათი ნათელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება რაც პროქტოლოგისა და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმების, როგორც ექსპერტების დასკვნა დაიწერება.
ექსპერტმა პროკურორის კითხვაზე თუ რას წარმოადგენს მისი დასკვნა, როგორც დოკუმენტი, უპასუხა: „ეს დასკვნა არის მსჯელობის ფორმატი და არა კატეგორიული“.
სადაო მტკიცებულებები
სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა, თუმცა დაცვის მხარემ არაერთი მათგანი სადაო გახადა. ადვოკატების განცხადებით, ალექსანდრე ბლიაძისა და სერგო სამსონიძის ამოცნობის ოქმები ყალბია, რადგან ოქმის შევსების თარიღი არასწორადაა მითითებული და აღნიშნული სასამართლო პროცესზე გამომძიებელმაც დაადასტურა. ასევე, არაა შეტანილი ოქმში ვიდეოს გადამღების ვინაობა.
ადვოკატების თქმით, პროკურატურამ სამსონიძე დაზარალებულს წინასწარ დაანახა, რომ შემდეგ ამოეცნო: ”როგორ ამოიცნო დაზარალებულმა სამსონიძე, როცა სასამართლოსთან ჩვენების მიცემისას თქვა, წამების პროცესში სახით იატაკისკენ ვეგდეო, მერე კი ამბობს თან მაწამებდნენ და თან ფოტოებს მიღებდნენო. თუ აწამებდნენ, სახე როგორ დაიმახსოვრა?!”
დაზარალებული კი აცხადებს, რომ იმ ადამიანების სახეებს, რომლებმაც ის ოთხი საათის განმავლობაში აწამეს, ვერასდროს დაივიწყებს: „ხან იატაკზე დაგდებულს მირტყეს და ხან სხვა პოზაში მაწამეს“.
ხალხის სამართალი
მომხდარს არც ბორჯომში ივიწყებენ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სამ სოფელში გამოკითხული ათობით ადამიანიდან ვ.გ-ს სიმართლეში ეჭვი არავის ეპარება. მიზეზი მარტივია - გაუპატიურებას, მით უფრო მამაკაცი, არცერთ შეთხვევაში არ დაიბრალებდა.
„თუ კაცის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს ხუთი წელი უნდა მიუსაჯონ, მაშინ ადვოკატები, რომლებიც მის დაცვას ცდილობენ, ასეთი დამნაშავეების დაცვისთვის 10 წლით უნდა ჩასვან ციხეში“, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი გიორგი მეტრეველის თქმით, პიროვნება რომელიც ამბობს, რომ აწამეს, არ არის ისეთი ახალგაზრდა, რომ ტყუილი თქვას.
იური ცხოვრებოვის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე ძნელია რაიმეს მტკიცება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, დაზარალებულის სიმართლეში მაინც ბოლომდე დარწმუნებულია: „მაგის გამკეთებლები კი არ უნდა გაასამართლო, ქვებით უნდა ჩაქოლო. ეგეთ რაღაცას რომ ადგილი არ ჰქონოდა, არავინ დაიბრალებდა“.
გურამ გელაშვილი მოსამართლეობას ნატრობს და ამბობს, რომ კაცის გაუპატიურებისთვის დამნაშავეებს დახვრეტით დასჯიდა: „ქალი, ბავში თუ კაცი ყველა აწიოკებული ჰყავდა ხვედელიანს წლების განმავლობაში. რაიონს მისი გაკეთებული მხოლოდ საფლავამდე მისასვლელი გზა ახსოვს, რომელიც გამგებლობის პერიოდში გააკეთა“.
დაახლოებით სამ ათეულზე მეტი გამოკითხული ადამიანიდან მამუკა ხვედელიანის სიმართლეში დარწმუნებული მხოლოდ ერთი, დიმიტრი მაისურაძე აღმოჩნდა: „ მამუკა კარგი ადამიანია. ხალხი დაუნახავია, გაუპატიურების ამბავი მოუგონეს, ჩირქი მოსცხეს, ეგ აბსურდია!“
ბორჯომში ამბობენ, რომ სასამართლო ძალიან ჭიანურდება. თუ გადაწყვეტილების გამოტანამდე, როგორც ამას პროკურორი ვარაუდობს, დაახლოებით სამი პროცესი კიდევ უნდა გაიმართოს, მტკიცებულებების გამოკვლევა ივნისის დასაწყისში დასრულდება. არიან თუ არა განსასჯელები მომხდარში დამნაშავეები, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]