
მარტინ მინასიანი ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში ცხოვრობს. ახალციხის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზალიკო ბერიძე ახსენდება. პარტიების პროგრამებზე კი არაფერი იცის: „ერთიც და მეორეც გვეუბნება, რომ მხარი დაგვიჭირეთო. სოფელში ამბობენ, რომ ეს მთავრობა გაიმარჯვებს“.
სოფლის ღობებზე გამოკრული პლაკატებიდან იცნობს მერობის კანდიდატებს ამავე სოფელში მცხოვრები ლია ოგანესიანი: „ცენტრში იყო ზაზა (მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი) მოსული. შეპირდა ხალხს რაღაც–რაღაცეებს გაგიკეთებთო, მე მჯერა. უკვე შემოგვიყვანა გაზი“.
„ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი)იყო მოსული, შეგვპირდა რაც გასაკეთებელია სოფელში, ყველაფერს გავაკეთებო და რა ვიცი. არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად და მერე ყველაფერი გამოჩნდება. პენსიონერი კაცი ვარ, პენსიის მომატება მინდა, მაგრამ ტელევიზორს ვუყურებ და ამაზე არავინ საუბრობს. გზებს და წყალს აგერ აკეთებენ“, – ამბობს შოთა ბერიძე.
„არჩევნები როცაა, მაშინ მოდიან ხალხთან და მაშინ პირდებიან ათას რამეს, მანამდე არაფერი. არაყივით წყალი მოდის სოფელში, ბაკი დადგიო და წყალი თუ არ იქნება, ბაკი რად მინდა“, – გვებნება სოფელ მინაძეში მცხოვრები ერთ–ერთი ქალი.

სოფელ მინაძეში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და სპორტული მოედნის გაკეთება უნდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უმუშევრობისა და არასათანადო ინფრასტრუქტურის გამო, სოფელს ყოველწიურად ათობით ახალგაზრდა ტოვებს.
სოფელ მუსხში მცხოვრები შოთა ოქრომელიძე ამბობს, რომ კანდიდატები მათ სოფელს ხშირად სტუმრობენ და შესაბამისად, მათ წინასაარჩევნო დაპირებებსაც კარგად იცნობს.

მისგან განსხვავებით პოლიტიკაზე საუბარს გაურბის მისი თანასოფლელი გიორგი მელიქიძე. მისი თქმით, სოფელში საშემოდგომო სამუშაოებია და საარჩევნოდ არავის სცალია. მელიქიძე ფიქრობს, რომ რეალური კანდიდატი „ქართული ოცნებაა“: „გზის და წყლის პრობლემა იყო და ნაწილობრივ მოგვარდა. გვინდა რომ გაზის პრობლემა მოგვიგვარონ, ნახევარ კილომეტრში გადის გაზის მილი და სად მიდის კაცმა არ იცის. რათ გვინდა ამდენი შეშა, გაზი რომ იყოს“.
„მე „ოცნებას“ ვუჭერ მხარს და სხვა პარტიის კანდიდატები არც გამეკარებიან. ოთხი შვილის დედა დამტოვეს უმუშევარი „ნაციონალებმა“. მე კი ახლაც უმუშევარი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი დაასაქმეს“, – ამბობს ურაველში მცხოვრები ლია კოსტანიშვილი.
„სახლის კედელი დამენგრა და ამ მთავრობამ ამიშენა, იმათმა მომატყუეს“, – გვეუბნება ამავე სოფელში მცხოვრები ზურაბ კოსტანიშვილი.
„სოფლის დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“ ბესო, სხვას არ ვიცნობ. შვილი ავად მყავს, თან სოფლის საქმე მაქვს ბევრი. ყველა პარტიის კანდიდატები მოდიან, ზოგს ვხვდები ქუჩაში, ზოგს ვერა. ჩვენთან ზოგი მხარს „ოცნებას“ უჭერს, ზოგი „ნაციონალებს“ ზოგი „ევროპელებს“. ამბობენ ეს მთავრობა გაიმარჯვებსო. მე ვერცერთს მივანიჭებ უპირატესობას, სოციალური დახმარება მომიხსნეს და ისე დამტოვეს“, – ამბობს ნანული კვახაჭელიძე.

საბოლოოდ ვინ მოიგებს ნიჰილისტი ამომრჩევლების გულს, ახალციხეში, ოთხ დღეში გაირკვევა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელზეც ახალციხისა და მისი სოფლების მცხოვრებლებმა ახალციხის მერი და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ, ოთხ დღეში გაიმართება. თემისა და ქალაქის გაერთიანების გამო, მაჟორიტარული ოლქები შემცირდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა ახალციხის საკანონმდებლო ორგანოს 33 დეპუტატს შეარჩევს, აქედან მაჟორიტარული წესით 18, ხოლო პროპორციული წესით 15 დეპუტატი შეირჩევა.
ახალციხის მერი ის კანდიდატი გახდება, ვინც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 50+1%–ს მიიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ის დეპუტატი შევა საკრებულოში, რომელიც კონკურენტებიდან ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
ქალაქ ახალციხესა და თემში 34 407 ამომრჩეველია, – 18 344 ქალი და 16 063 კაცი.
1990 წლიდან დღემდე 6 საპრეზიდენტო, 9 საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის 4 არჩევნები ჩატარდა. 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგით მეხუთე არჩევნებია.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]